ჰოკეი. NHL. ფინალი: მოგება 12 დარტყმით

AutoSharing Option
სტენლის თასის ფინალური სერია ძალიან უცნაური მატჩით გაიხსნა. "პიტსბურგ პინგვინზმა" 5:3 მოუგო "ნეშვილს" და წაიყვანა სერიაში ანგარიში. მაგრამ მასპინძლები არც ერთ კომპონენტში არ ვარგოდნენ: ძალისმიერ ბრძოლაში, დამატებაზე თამაშში, სისწრაფეში. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ "პინგვინზმა" მოიგო პირველი მატჩი იმის მიუხედავად, რომ მეტოქის კარში მხოლოდ 12 (!) ზუსტი დარტყმა შეასრულა.

"ნეშვილმა" ძალიან აქტიურად დაიწყო, შესანიშნავ პრესინგს თამაშობდა და პი კეი საბენმა პირველ პერიოდში გაიტანა კიდეც, მაგრამ გოლი ოფსაიდის გამო არ ჩათვალეს.

"პიტსბურგმა" ანგარიშის გახსნა მაშინ მოახერხა, როცა ორი წუთი ორკაციანი
უპირატესობა ჰქონდა, მესამე გოლისას კი გაუმართლა, რადგან ნიკ ბონინოს პასი საკუთარ კარში ჩაჭრა ძალიან საიმედო მცველმა მატიას ეკჰოლმმა. საბოლოოდ, "პიტსბურგმა" ოთხი წუთის ინტერვალში სამი შაიბა გაიტანა და მოიგო პირველი პერიოდი - 3:0.

ორი წლის წინ, "ნეშვილს" თავად მიჰყავდა ანგარიში სერიის პირველ მატჩში - 3:0, მაგრამ ოვერტაიმში წააგო. ამიტომაც, კარგად იცოდა, რომ მთავარი თამაში 20 წუთის შემდეგ იწყებოდა.

მეორე პერიოდიდან "ნეშვილმა" სრული უპირატესობა მოიპოვა. მთელმა 37-მა წუთმა ისე ჩაიარა, რომ "პიტსბურგს" ერთი ზუსტი დარტყმაც არ შეუსრულებია! არადა, ამ პერიოდში მასპინძლებს რიცხობრივი უპირატესობაც ჰქონდათ.

ამიტომაც, სავსებით ლოგიკურია, რომ "ნეშვილმა" ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ არალოგიკური იყო მასპინძლების მეოთხე გოლი. დიდი ხანი უსაქმოდ მყოფი პეკა რინე არ იყო დამნაშავე ჯეიკ გიუნტცელის გოლში, რადგან ახალგაზრდა პიტსბურგელს შესანიშნავი დარტყმა გამოუვიდა.

ახლა, ყველაზე საინტერესო ის არის, როგორ შეძლებს ასეთი მარცხის შემდეგ შოკიდან გამოსვლას "ნეშვილი" - არაფერი არ არის იმაზე დასანანი, როცა მატჩს აგებ თითქმის ორპერიოდნახევრიანი დომინირების შემდეგ. მაგრამ, ასეა თუ ისე, "პიტსბურგმა" უნდა მოუმატოს, რადგან ასეთი თამაშით, მოქმედ ჩემპიონს კარგი არაფერი ელოდება.

პიტსბურგი-ნეშვილი 5:3
3:0, 0:1, 2:2
გოლები: 1:0 მალკინი-8 (დელეი-3, კროსბი-14), 2:0 შირი-1 (კუნიტცი-4, კროსბი-15), 3:0 ბონინო-3 (დიუმოლენი-3), 3:1 რ. ელისი-5 (საბენი-9, ფიშერი-1), 3:2 სისონსი-6 (იოზი-6, იარნკროკი-3), 3:3 ფ. გოდრო-1 (ო. უოტსონი-3, ფიშერი-2), 4:3 გიუნტცელი-10 (კულენი-6, შულცი-8), 5:3 ბონინო-4 (კუნიტცი-5).
სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ცუდი მსაჯობა იყო.არ იყო "ნე შვილი"წაგების ღირსი.წააგებინეს ძალით.მალკინი კი მართლაც საუკეთესოა დღესდღეობით.
კახა ქირია
00:52 31-05-2017
0

სიახლეები პოპულარული