პლეი ოფი: "პიტსბურგი" კედელთან მიაყენეს

AutoSharing Option
პირველი ორი საშინაო მატჩის წაგების შემდეგ "პიტსბურგს" უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. მესამე შეხვედრის წინ განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი იყო "პინგვინების" მეკარეების მიმართ.

როგორც გახსოვთ, მეორე მატჩის მსვლელობისას, პირველ პერიოდში გაშვებული სამი შაიბის შემდეგ ტომაშ ვოკოუნი შეცვალეს, თუმცა ამდენივე გაუშვა დარჩენილ დროში მისმა შემცვლელმა მარკ-ანდრე ფლერიმ. ამის გამო "პინგვინგზის" მთავარმა მწვრთნელმა დენ ბილსმამ აღიარა, რომ არ იცის, ვინ დააყენოს კარში მესამე მატჩში.

საბოლოოდ, არჩევანი ვოკოუნზე შეჩერდა, რომელსაც უკეთესი სათამაშო ტონუსი აღმოაჩნდა, ვიდრე მის კონკურენტს.

ჩეხი გოლკიპერის ვიზავის, ტუუკა რასკს უსიამოვნო ინციდენტი
ჰქონდა დილის მსუბუქი ვარჯიშის დროს, როცა თანაგუნდელის ძლიერი დარტყმა სახეში მოხვდა. ფინელმა მეტად ემოციურად აღიქვა მომხდარი და გამწარებულმა თავისი ყვანჯი დაამსხვრია. საბოლოოდ, "ბოსტონის" კარის დარაჯისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა და 6 ივნისის მატჩში 53 დარტყმა მოიგერია.

"პიტსბურგის" ვარსკვლავი ფორვარდების ყველა მცდელობისას, გასაღები მოეძებნათ "დათვების" მჭიდრო და აგრესიული დაცვისთვის, სერიის მესამე მატჩმა პასუხი ვერ გასცა კითხვას - რა ემართება "პინგვინზის" შეტევას? უკვე მეორე წუთზე დავიდ კრეიჩიმ აჩვენა მორიგი მასტერ-კლასი, თუ როგორ უნდა საგოლე მომენტის რეალიზება: მან ვოკოუნის კარის უკან დაიჭირა შაიბა, გადაწყვიტა, ბრძოლაში არ გაეკეთებინა პასი, დამოუკიდებლად გავიდა თავისუფალ ადგილას და მახვილი კუთხიდან დაარტყა.

მალკინი, ლეტანგი და ნისკანენი კარის სიახლოვიდან ლუჩიჩის განდევნას ამაოდ ცდილობდნენ, ამასობაში კი დარტყმის მომენტი გამოეპარათ.

კრის კუნიტცის მიერ მეორე პერიოდში გატანილმა გოლმა "პინგვინებს" დამაჯერებლობა შემატა, მაგრამ შეტევების დასკვნით ნაწილში მათ რაღაც არ ჰყოფნიდათ. მარტო მალკინმა გაუშვა ორი ასპროცენტიანი მომენტი - ჯერ ვერ გამოიყენა ერთი-ერთზე გასვლა და შემდეგ ძელს გაარტყა შაიბა. მარტო "ბოსტონის" მეკარის ბრწყინვალე თამაშით არ აიხსნება მეტოქის ორი გოლი სამ მატჩში. "პიტსბურგს" აშკარად დაკარგული აქვს თავის ძალებში დამაჯერებლობა.

ოვერტაიმი “დათვებს” უფრო აწყობდათ, რადგან მათი კონტრშეტევითი სტილი უფრო ეფექტურია იმ დროს, როცა მეტოქე დაღლილია და გაჭირვებით ბრუნდება დაცვაში. სწორედ სწრაფი შეტევით გადაწყვიტა “ბოსტონმა” ამ მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ: იარომირ იაგრმა ცენტრალურ ზონაში მოპარა შაიბა მალკინს, მარცხენა ფლანგზე მონახა ბრედ მარჩანდი, რომელმაც ვოკოუნის კარის წინ იდეალური გადაცემა შეასრულა და გამარჯვების გოლის ავტორი “ბოსტონში” გადამწყვეტი შაიბების ოსტატი პატრის ბერჟერონი გახდა.

ბოსტონი-პიტსბურგი 2:1 (2ო)
1:0, 0:1, 0:0, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 კრეიჩი-9 (ლუჩიჩი-10), 1:1 კუნიტცი-5 (პ. მარტინი-9, დუპუი-4), 2:1 პ. ბერჟერონი-5 (მარჩანდი-8, იაგრი-7).
სერია: 3-0

იაგრი ლეგენდებში მეხუთეა
“ბოსტონ ბრუინზის” ჩეხმა ვეტერანმა იარომირ იაგრმა “პიტსბურგთან” სერიის მესამე მატჩში ერთი საგოლე პასი შეასრულა და პლეი ოფის ისტორიაში შედეგიანობის მიხედვით, მეხუთე ჰოკეისტი გახდა. ახლა ლეგენდარული თავდამსხმელის ანგარიშზე 196 ქულაა (78 შაიბა+118 პასი) 195 მატჩში. იაგრზე უფრო მეტი ქულა მოპოვებული აქვთ უეინ გრეტცკის, მარკ მესიეს, იარი კურისა და გლენ ანდერსონს.

აი, როგორ გამოიყურება პლეი ოფის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა საუკეთესო ათეული:

1. უეინ გრეტცკი 382 (122+260)
2. მარკ მესიე 295 (109+186)
3. იარი კური 233 (106+127)
4. გლენ ანდერსონი 214 (93+121)
5. იარომირ იაგრი 196 (78+118)
6. პოლ კოფი 196 (59+137)
7. ბრეტ ჰალი 190 (103+87)
8. ჯო საკიკი 188 (84+104)
9. დუგ გილმორი 188 (60+128)
10. სტივ აიზერმანი 185 (70+115)
ამ ათეულში ერთადერთი მცველი პოლ კოფი გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: "პინგვინებს" თამაში დაავიწყდათ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული