"ჩიკაგოს" დაუბრუნდა სლოვაკი მარიან ჰოსა, რომელმაც წინა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა მისი დაზიანების ხარისხი ჟურნალისტებისთვის ბოლომდე გაურკვეველი გახდა.
თამაში წინა სამი მატჩისგან აბსოლუტურად განსხვავებული გამოვიდა – ეს იყო ნამდვილი "გიჟური" ჰოკეი ბევრი გოლითა და სახიფათო მომენტით (1982 წლის შემდეგ,
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პირველი პერიოდის შუაში "ჩიკაგომ" გახსნა ანგარიში რიცხობრივი უმცირესობის დროს: ბრენდონ საადმა და მიხალ ჰანზუშმა კონტრშეტევაში გაქცევა მოახერხეს და სლოვაკმა კარგად გამოიყენა პარტნიორის პასი ზდენო ხარას მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად. ძალიან მალე, "ბოსტონმა" რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. ხოლო, როცა ტეივზისა და კეინის მონდომებით, "ბლეკჰოქსმა" ორი შაიბით მოახერხა წინ გასვლა, ისე ჩანდა, რომ "ჩიკაგოს" ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა თამაშის გამარჯვებამდე მიყვანაში.
მაგრამ, ეს მცდარი მოსაზრება იყო. "დათვებმა" ორჯერ შეძლეს ორშაიბიანი ჩამორჩენის გაბათილება, შემდეგ 4:5-დანაც მოახერხეს თამაშის გადარჩენა. ამ დროს, სტუმრებისთვის ერთადერთი შვება ის იყო, რომ ბოლო 24 ცდიდან პირველად შეძლეს მოედანზე ზედმეტი ჰოკეისტის გათამაშება.
მესამედ ამ სერიაში დაინიშნა ოვერტაიმი და ყველაფერი მეათე წუთზე გადაწყდა, როცა "ჩიკაგოს" მცველის ბრენტ სიბრუკის უძლიერესი დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო "ბოსტონის" მეკარე ტუუკა რასკმა. ამ უკანასკნელს ბევრი მუშაობა მოუწია - მისი მიმართულებით 47 ზუსტი დარტყმა განხორციელდა.
როგორც გითხარით, ორივე გუნდის ფორვარდებმა შესანიშნავი სპექტაკლი დადგეს. "ჩიკაგოს" რიგებში მხოლოდ ორმა თავდამსხმელმა - ენდრიუ შოუმ და ვიქტორ სტალბერგმა ვერ აიღეს შედეგიანი ქულა, ხოლო ექვსივე გოლის ავტორი სხვადასხვა ფორვარდი გახდა.
"ბოსტონმა" ვერ შეძლო შინ შვიდმატჩიანი მოგებათა სერიის გაგრძელება, ხოლო მისმა ბევრმა ლიდერმა სარგებლიანობის არც თუ ისე სახარბიელო მაჩვენებელი დააფიქსირა: ხარამ, მარჩანდმა და სეგუინმა - "მინუს 3", პატრის ბერჟერონმა, შესრულებული დუბლის მიუხედავად - "მინუს 2".
ოთხი მატჩის ჩატარების შემდეგ, გუნდები საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ. თანაბარი ანგარიშისას, "ჩიკაგოს" გააჩნია საკუთარი მოედნის უპირატესობა, "ბოსტონს" კი სტენლის თასის მოსაპოვებლად, აუცილებლად ესაჭიროება სტუმრად კიდევ ერთი მოგება.
მეხუთე მატჩი ჩიკაგოში თბილისის დროით კვირას დილით გაიმართება.
ბოსტონი-ჩიკაგო 5:6 (ო)
1:1, 2:3, 2:1, 0:1
გოლები: 0:1 ჰანზუში-3 (საადი-5), 1:1 პევერლი-2 (ფერენსი-2), 1:2 ტეივზი-2 (როჟსივალი-3), 1:3 პ. კეინი-7 (ბიკელი-6, როჟსივალი-4), 2:3 ლუჩიჩი-6 (ხარა-11), 2:4 კრუგერი-3 (ფროლიკი-5, ბოლანდი-3), 3:4 პ. ბერჟერონი-8 (ხარა-12, იაგრი-9), 4:4 პ. ბერჟერონი-9 (იაგრი-10), 4:5 შარპი-10 (მარიან ჰოსა-9, კიტი-10), 5:5 ბოიჩაკი-6 (ჰორტონი-12, კრეიჩი-15), 5:6 სიბრუკი-3 (ბიკელი-7, პ. კეინი-10).
სერია: 2-2
"რეინჯერსმა" მწვრთნელი იპოვნა
"ნიუ იორკ რეინჯერსის" მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა ალენ ვინიო, - იტყობინება NHL-ის ოფიციალური ვებგვერდი. ხელშეკრულება ხუთწლიანია და ამ დროის განმავლობაში, მწვრთნელი 10 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ვინიომ "რეინჯერების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცოტა ხნის წინ დათხოვნილი ჯონ ტორტოლერა უნდა შეცვალოს.
შეგახსენებთ, რომ 52 წლის სპეციალისტის ბოლო კლუბი იყო "ვანკუვერ კენაქსი", რომელსაც ექვსი წლის განმავლობაში წვრთნიდა, 2011 წელს კი ეს გუნდი სტენლის თასის ფინალში გაიყვანა. ვინიო 23 მაისს დაითხოვეს "ვანკუვერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, როცა გუნდმა წლევანდელი პლეი ოფის პირველი წრის სერია წააგო "სან ხოსესთან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. ფინალი. III მატჩი: ფენომენალური ფინელი