ცენტრალური ფორვარდები - "პიტსბურგი"
უბრალოდ იმის თქმა, რომ "პიტსბურგს" ცენტრალურ ღერძში ყველაფერი წესრიგში აქვს, არაფრის თქმას ნიშნავს. სიდნი კროსბი და ევგენი მალკინი, ალბათ, NHL-ში საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელების წყვილია. კროსბი, რომელიც მხოლოდ 26 წლისაა, ბრწყინვალე პლეიმეიკერი გახლავთ. მისი გონება და შრომისუნარიანობა საშუალებას აძლევს, დომინანტი იყოს თამაშის ყველა ასპექტში.
თავისი გაბარიტებისთვის უჩვეულო მოქნილობა მალკინს საშუალებას აძლევს, თავბრუ დაახვიოს ნებისმიერ მცველს, ხოლო მის შეტევით არსენალს მხოლოდ
"პინგვინებს" შეტევის მესამე სამეულისთვის ასეთი დონის ცენტრალური ფორვარდი არ ჰყავთ, მაგრამ ამ ამპლუის სხვა მოთამაშეებიც საკმაოდ დიდი შესაძლებლობების არიან. 2012 წელს "კაროლინაში" გაშვებული ჯორდან სტაალის ადგილზე მოვიდა ბრენდონ სატერი. გარდა ამისა, "პინგვინებს" მრავლად ჰყავთ ისეთი მოთამაშეები, რომელთა გამოყენებაც ამ როლში შესაძლებელია. მათ შორის ყველაზე გამოცდილია ჯო ვიტალე.
ასევე, ცენტრში თამაშის გამოცდილება აქვთ კრეიგ ადამსს, იუსი იოკინენსა და დასტინ ჯეფრის.
საუკეთესოები The Hockey News-ის ვერსიით: 1. პიტსბურგი, 2. სან ხოსე, 3. ბოსტონი... 28. ბაფალო, 29. კალგარი, 30. ფლორიდა.
განაპირა ფორვარდები - "ჩიკაგო"
ფლანგებზე სიმდიდრე, რომელიც გააჩნიათ ჯოელ კენევილსა და "ჩიკაგოს ბლეკჰოქსს", მხოლოდ პატრიკ კეინით, პატრიკ შარპითა და მარიან ჰოსათი არ შემოიფარგლება. შთამბეჭდავია ახალგაზრდა მოთამაშეების მთელი ჯგუფი, რომლებიც მზად არიან, ვარსკვლავურ პარტნიორებს გაუწიონ კონკურენცია.
ჩიკაგოელებმა თავისუფალი ფულის ჩადება დაცვის ხაზის გაძლირებაში გადაწყვიტეს, ამიტომაც სახელფასო ბიუჯეტის შემცირების გამო მესამე და მეოთხე შეტევით სამეულებში გადაადგილებები გარდაუვალი იყო.
ოთხი წლის წინ "ინდიელთა" შემადგენლობაში გამოდიოდნენ ისეთი ფორვარდები, როგორებიც არიან კრის ვერსტიგი, ტროი ბრიუერი და ენდრიუ ლედი. ახლა, უფრო ნაკლებ ხელფასზე შემადგენლობაში ვხედავთ "კოლდერ ტროფის" პრეტენდენტს ბრენდონ საადს, ბარიან ბიკელსა და ჯერემი მორინს.
საუკეთესოები The Hockey News-ის ვერსიით: 1. ჩიკაგო, 2. ლოს ანჯელესი, 3. ბოსტონი... 28. ბაფალო, 29. ფინიქსი, 30. ნეშვილი.
მცველები - "სენტ ლუისი"
როცა საქმე დაცვაზე მიდის, "სენტ ლუისში" მემარჯვენე მცველებს მარჯვენა ფლანგზე უშვებენ, ცაციებს, შესაბამისად, მარცხნივ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის "ბლუზის" მცველების წარმატებული თამაშის მიზეზი, მაგრამ მეტ-ნაკლებად გასაგები ხდება, რით ხელმძღვანელობდნენ კენ ჰიჩკოკი და დუგ არმსტრონგი, როცა ლიგაში ერთ-ერთ ყველაზე გაუვალ დაცვის ხაზს აყალიბებდნენ და რატომ შეუძლია "სენტ ლუისს" უკვე მომავალ გაზაფხულზე სტენლის თასის მოგება.
"ჩემი ბიჭები არ ცდილობენ უბრალოდ მოიგერიონ შაიბა. მე მათ ვთხოვ, პასებით ითამაშონ და როცა ისინი ზეწოლის ქვეშ არიან, უმჯობესია გადაცემების მიწოდება მოსახერხებელი ხელით და არა ბექჰედით. ჩვენ აქტიურად ვთამაშობთ დაცვაში და ჩვენი სტილი დამოკიდებულია ჰოკეისტის ოსტატობაზე", - ხსნის ჰიჩკოკი.
ოსტატობის მხრივ, "ბლუზის" მცველებს ყველაფერი წესრიგში აქვთ. ალექს პიეტრანჯელო, ჯეი ბოუმისტერი, ჯორდან ლეოპოლდი, ბარეტ ჯეკმანი, რომან პოლაკი - თითოეულ მათგანს მოაქვს "სენტ ლუისის" თამაშში რაღაც თავისი. ამასთან, გუნდის დაცვის ხაზს გამოარჩევს შესანიშნავი შეთამაშება. რომელიმეს ტრავმის შემთხვევაში, შეცვლაზე თამაში შეუძლია იენ კოულს.
ჰიჩკოკი ცნობილია ძლიერი დაცვის აწყობით და "ბლუზში" მის ხელთ კარგი მასალა აღმოჩნდა. ის ერთადერთი მწვრთნელია, ვინც პლეი ოფამდე მიიყვანა "კოლამბუსი" და ვარსკვლავად აქცია მეკარე სტივ მეისონი, რომელმაც მკვეთრად მოუკლო ამ მწვრთნელის წასვლის შემდეგ.
"სენტ ლუისში" ჰიჩკოკი ეყრდნობა "70-30"-ის ფილოსოფიას. მისი ხედვით, "ბლუზის" მოთამაშეებმა დროის 70 პროცენტი უნდა გაატარონ შემტევ ზონაში და მხოლოდ 30 – დაცვის ზონაში. ამ ტაქტიკას მოაქვს თავისი ნაყოფი. 2012-13 წლების სეზონში მისი გუნდი ათეულში შევიდა დარტყმების რაოდენობით, ერთი წლით ადრე კი, ტოპ-ხუთეულში იყო.
მცველების აქტიური თამაში დიდი რაოდენობით ვერტიკალური პასებით, შეცდომების რაოდენობას ზრდის და ასეთ პირობებში, გუნდის მეკარეები – იაროსლავ ჰალაკი და ბრაიან ელიოტი "უილიამს ჯენინგს ტროფის" მფლობელები გახდნენ. პიეტრანჯელო და შატენკირკი ბოლო ორ სეზონში ლიგის ლიდერებს შორის შედიან ჩაჭრების რაოდენობით. ამასთან, "ბლუზის" არც ერთი მცველი არ შედის ტოპ-30-ში დაკარგების რაოდენობით.
საუკეთესოები The Hockey News-ის ვერსიით: 1. სენტ ლუისი, 2. ჩიკაგო, 3. ბოსტონი... 28. აილენდერსი, 29. კალგარი, 30. კაროლინა.
მეკარეები - "რეინჯერსი"
აგვისტოს ბოლო. "მედისონ სკვერ გარდენში" მიმდინარეობს ჩვეულებრივი ვარჯიში. ყინულზე მუშაობს "რეინჯერსის" ოცამდე მოთამაშე, რამდენიმე ჰოკეისტი NHL-ისა და AHL-ის სხვა კლუბებიდან. განსაკუთრებული არაფერი – დარტყმები, ვირაჟები, ხანმოკლე ორმხრივი თამაში...
და აქაც კი ჩანს, რატომ არის ჰენრიკ ლუნდკვისტი მსოფლიო დონის მეკარე. მაქსიმალური კონცენტრაცია, უმაღლესი დონე, მეტოქეობა და დაკვირვებული მუშაობა ტექნიკაზე. და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ვარჯიშის შემდეგ ის Fox Sports-ის სტუდიაში უნდა გაემგზავროს, სადაც გადაღებებზე მიიწვიეს. ის ცოფდება მაშინაც კი, როცა ასეთ უმნიშვნელო ვარჯიშზე გოლს უშვებს.
შვედეთის ნაკრების წინასაოლიმპიადო შეკრებიდან ლუნდკვისტი იმავე განწყობით დაბრუნდა, რომლის წყალობითაც მან 2012 წელს "ვეზინა ტროფი" მოიგო. იმ რვა სეზონში, რომელიც ჰენკმა NHL-ში გაატარა, მისი სტატისტიკური მაჩვენებელი არ ჩამოსულა 91.2 პროცენტ მოგერიებასა და 2.43 გაშვებულ შაიბაზე დაბლა.
არადა, მისი დუბლიორია მარტინ ბირონი. მეკარეების ასეთი დუეტით, "რეინჯერსს" შეუძლია მშვიდად იყოს საკუთარი კარის დაცვასთან მიმართებაში.
იმ ვარჯიშზე ლუნდკვისტი ახალი ამუნიციით მეცადინეობდა. NHL-ის ახალი წესების თანახმად, ზომაში შემცირდა მეკარეების ფეხსაცავები. შვედის თქმით, ამ ახალ ამუნიციაში ის უფრო სწრაფია. ეს ძალიან ცუდი ახალი ამბავია "რეინჯერსის" მეტოქეებისთვის.
საუკეთესოები The Hockey News-ის ვერსიით: 1. რეინჯერსი, 2. ლოს ანჯელესი, 3. ოტავა... 28. ფლორიდა, 29. აილენდერსი, 30. კალგარი.
The Hockey News-ის პროგნოზები 2013-14 წლების სეზონისთვის:
სტენლის თასის მფლობელი - სენტ ლუისი;
არტ როს ტროფი - სიდნი კროსბი (114 ქულა), სტივენ სტემკოსი (102), ევგენი მალკინი (95);
ჰარტ ტროფი - სიდნი კროსბი, ჯონ ტავარესი, ჯონათან ტეივზი;
ნორის ტროფი - ერიკ კარლსონი, რაიან სუტერი, დრიუ დაუტი;
ვეზინა ტროფი - ჰენრიკ ლუნდკვისტი, ჯონათან კუიკი, ტუუკა რასკი;
როკეტ რიშარი - სტივენ სტემკოსი (54 გოლი), ალექსანდრ ოვეჩკინი (51), ჯონ ტავარესი (45);
ჯეკ ადამს ევორდი - ალენ ვინიო, მაიკ ბებკოკი, კენ ჰიჩკოკი;
კოლდერ ტროფი - ჯონათან დრუინი, ნათან მაკინონი, ტაილერ ტოფოლი;
პლეი ოფში გავლენ:
აღმოსავლეთი კონფერენცია: პიტსბურგი, რეინჯერსი, ფილადელფია, ბოსტონი, დეტროიტი, ოტავა, მონრეალი, ტორონტო;
დასავლეთი კონფერენცია: ლოს ანჯელესი, სან ხოსე, ვანკუვერი, ანაჰაიმი, ედმონტონი, ჩიკაგო, სენტ ლუისი, მინესოტა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"