მე-19 საუკუნის ბოლოს ღატაკი გურიიდან ინგლისში, პრინც ივანე მახარაძის ხელმძღვანელობით, ცხენოსანთა 10-კაციანი ჯგუფი გაემგზარა. ისინი ბათუმში ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბუფალო ბილის წარმომადგენელმა აღმოაჩინა. მათი ასაკი 18-დან 25 წლამდე იყო.
გურულმა ცხენოსნებმა შოუ უინძორის სასახლეში, დედოფალ ვიქტორიას წინაშე გამართეს და მისგან საჩუქრებიც დაიმსახურეს.
ჯონ ჩარლტონის ნახატი - გურულები ბუფალო ბილთან ერთად უინძორში დედოფალ ვიქტორიას ესალმებიან. 25 ივნისი, 1892
1893 წელს ქართველი მხედრები აშშ-ში წავიდნენ და აქედან იწყება მათი ამერიკული თავგადასავალი.
სულ 1893-1917 წლებში საქართველოდან შორეულ კონტინენტზე 150-მდე ცხენოსანი ჩავიდა. ისინი მონაწილეობას ველური დასავლეთის შოუებში იღებდნენ და განსაკუთრებული უნარების წყალობით კოვბოებსა და ადგილობრივ ინდიელებზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.
ცნობილი ფაქტია, რომ სხვადასხვა დროს მათი შოუ აშშ-ის პრეზიდენტებმაც კი იხილეს.
ქართველი მოჯირითეები აშშ-ში "რუს კაზაკებად" იწოდებოდნენ. ეს კომერციული გათვლა იყო, რადგანაც რუსი კაზაკები კარგ მეომრებად ითვლებოდნენ. ქართველები კი, რომლებიც რუსებს კარგად იცნობდნენ, კაზაკების როლის შესრულება არ უჭირდათ, რადგან რამდენიმე ოჯახი გურიაშიც კი ცხოვრობდა.
აი, რას წერს გაზეთი The Philadelphia Inquirer-ი 1893 წლის 18 აპრილს, მაშინ, როდესაც გურულების პირველი ჯგუფი ეწვია აშშ-ს:
"კაზაკებისგან ბევრს მოველოდით, თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ისინი, უეჭველად, მსოფლიოს საუკეთესო ცხენოსნები არიან. როგორც ჩანს, მათ გრავიტაციის ყველა წესის დარღვევა შეუძლიათ და საკუთარ ცხენებზე უბრალოდ მიჯაჭვულები არიან. მათი წარმოდგენები დაუჯერებელია. ისინი ისე არიან ცხენს მიწებებულნი, როგორც ნემსი მაგნიტს. არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციაში არიან: ცხენზე უკუღმა სხედან, უნაგირზე დგანან თუ მიწიდან მონეტებს კრეფენ."
ბუფალო ბილის შოუები მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით იმართებოდა, დანარჩენი ოთხი თვის განმავლობაში კი ქართველი ცხენოსნები უმუშევარნი იყვნენ. ამის გამო ზოგიერთი მათგანი სამშობლოში ბრუნდებოდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ყოველთვიური ანაზღაურება ძალიან მაღალი იყო (40-50 დოლარი, რომელიც 100 რუბლის ფასი იყო. მაგალითისთვის, ამ ფულით რუსეთის იმპერიაში 25 ძროხის ყიდვა შეიძლებოდა), ბევრი ცხენოსანი აშშ-ში რჩებოდა.
150-მდე ცხენოსნიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს აშშ-ს ეწვივნენ, 4 ქალი იყო, მათ შორის: ფრიდა მგალობლიშვილი, ქრისტინე ცინცაძე, მარო და ბარბალე ზაქარეიშვილები.
ბარბალე ზაქარეიშვილი
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები ქართველების უმრავლესობამ დატოვა, თუმცა ბარბალე მის მეუღლე ქრისტეფორე იმნაძესთან ერთად შტატებში დარჩა და შოუს კეთება განაგრძო. ცნობილია, რომ ის 1988 წელს ჩიკაგოში გარდაიცვალა.
ქართველი ცხენოსანი კაცები კი ადგილობრივი ქალების გულსაც იგებდნენ.
"ჩვენ აქ დიდ პატივს გვცემენ, განსაკუთრებით, ქალბატონები. ერთმა მდიდარმა ქალმა ჩემს მეგობარს ქორწინება შესთავაზა, მაგრამ ამ საცოდავმა საკუთარი ქართველი ცოლი არჩია, ახლა კი გურული ცხოვრების უხერხულობებს ებრძვის", - იხსენებს ერთ-ერთი გურული.
გურული ცხენოსანი და ადგილობრივი ინდიელი
ზოგიერთი მხედარი სამშობლოში ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ არ შემოუშვა. ისინი აშშ-ის აგენტებად შეირაცხნენ, ზოგიერთი კი სიკვდილითაც დაისაჯა, თუმცა ქართველი ცხენოსნების საოცარი შოუ დღემდე რჩება ამერიკელთა მეხსიერებაში, რომელიც თავის დროზე ადგილობრივ კოვბოებსა და ინდიელებზე უფრო პოპულარული იყო.
ცხენოსნობა ნამდვილად შეგვიძლია ქართული სპორტის სახეობად მივიჩნიოთ, თუმცა კლასიკურ სახეობებში ქართველი ცხენოსნების მიღწევები საბჭოთა კავშირში უფრო დიდი იყო, ვიდრე დამოუკიდებლობის პერიოდში, თუმცა ბოლო წლებში ამ მხრივ წარმატებებმაც იმატა.
თანამედროვე ქართველი სპორტსმენები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ტურნირებში. მათ მომზადებას, ეკიპირებას და სხვა ხარჯებს "ვითიბი ბანკი" უზრუნველყოფს, რომელიც 2015 წლიდან საცხენოსნო სპორტის ფედერაციის გენერალური სპონსორია, რომელიც 1991 წელს შეიქმნა.
მას შემდეგ ქართველმა სპორტსმენებმა სხვადასხვა პრიზის მოპოვება მოახერხეს: 2010 წელს კახაბერ კიკიანი მსოფლიო ეტაპის გამარჯვებული გახდა.
2012 წლის თებერვალში შალვა გაჩეჩილაძე ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თვის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა, მანამდე კი მან მსოფლიო ეტაპი მოიგო. დღეის მდგომარეობით, გაჩეჩილაძე კავკასიის ნომერ მეორე ცხენოსანია.
შალვა გაჩეჩილაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ცხენოსანია
თორნიკე პაპიაშვილი 2016 წელს მსოფლიო თასის ფინალისტი გახდა. ის ასევე მრავალგზის პრიზიორია. მსოფლიო ეტაპის გამარჯვებულია დავით დუნდუაც, რომელიც არაერთგზის პრიზიორიც გახდა. სუფთა სპორტული მხარის გარდა, ცხენოსნობა გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემების დასაძლევად საუკეთესო საშუალებაა. ჯირითი კარგი საშუალებაა, მაგალითად, ხერხემლის გამრუდების (სქოლიოზის) ან პროსტატიტის სამკურნალოდ.
გარდა ამისა, ცნობილი ფაქტია, რომ ცხენზე ამხედრებული ადამიანის კუნთოვანი, სისხლძარღვოვანი, საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემები გამართულად მუშაობს.
ამ და სხვა მიზეზეზბის გამო ბოლო წლებში საქართველოში ცხენოსნობით დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობა კვლავ იზრდება და ის უფრო და უფრო მიმზიდველი სპორტის სახეობა ხდება. უკვე ტრადიციად იქცა ყოველწლიური ტურნირი - VTB CUP-ი, რომელიც მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით თბილისის იპოდრომზე იმართება და აქ ერთმანეთს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნეის საუკეთესო ცხენოსნები ეჯიბრებიან. 2019 წლის ტურნირი 3,4,5 მაისს გაიმართა, სადაც მონაწილეობა აზერბაიჯანელმა, ბელორუსმა, ირანელმა, სომეხმა და ქართველმა მხედრებმა მიიღეს.
სტატია მომზადებულია ირაკლი მახარაძის წიგნის "ველური დასავლეთის მხედრები - გურული მოჯირითეები ამერიკასა და ევროპაში" მიხედვით