ლიკა ჯიჯეიშვილმა ფარიკაობას ბედი 13 წლის ასაკში, ბებიის ინიციატივით დაუკავშირა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოფარიკავედ ითვლება საქართველოს ნაკრებში.
ლიკა 5 წლის განმავლობაში რაპირაში ვარჯიშობდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, ბედი ხმალში ეცადა.
სხვათა შორის, ხმალში გადასვლის შემდეგ სულ რაღაც 2 თვეში იუნიორებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე ევროპის ჩემპიონატზე 16 საუკეთესო მოფარიკავეს შორის შევიდა.
ბოლოს ლიკა ჯიჯეიშვილმა პლოვდივში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც ქართველ გოგონებს შორის ყველაზე მეტად იყოჩაღა.
ყველაზე წარმატებულად ჯგუფი ლიკა ჯიჯეიშვილმა დაძლია, რომელმაც ხუთივე შეხვედრა მოიგო.
საბოლოოდ ჯიჯეიშვილმა ტურნირზე ქართველ გოგონებში ყველაზე მაღალი, მე-17 ადგილი დაიკავა.
მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ლიკა Sportall.ge-ს ესაუბრა:
- რა ასაკიდან დაიწყე ფარიკაობაზე სიარული? ვისი სურვილი იყო, სპორტის ამ სახეობაში გეცადა ბედი?
- პირველად ფარიკაობა 13 წლის ასაკში დავიწყე. ბებიაჩემს მოსწონდა სპორტის ეს სახეობა, რადგან მისი კლასელი იყო მოფარიკავე და ხშირად ესწრებოდა სხვადასხვა შეჯიბრებას. ბებიაჩემის დიდი სურვილი იყო, მეცადა ბედი სპორტის ამ სახეობაში.
- თავიდან რაპირაში ვარჯიშობდი. რატომ გადაწყვიტე, ხმლით ფარიკაობაში გაგეგრძელებინა სპორტული კარიერა?
- მოგეხსენებათ, ფარიკაობას აქვს სამი სახეობა: დაშნა, რაპირა და ხმალი. თავდაპირველად ავირჩიე სახეობა რაპირა, რომელშიც დაახლოებით 5 წელი ვვარჯიშობდი. დროთა განმავლობაში ჩამოვყალიბდი და გადავწყვიტე, რაპირა ხმლით ჩამენაცვლებინა, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი ფარიკაობის სტილი ხმალში უფრო გამომადგებოდა, ვიდრე რაპირაში.
- როდის მოვიდა პირველი წარმატება? მოგვიყევი შენი მიღწევების შესახებ...
- პირველი წარმატება, ჩემდა გასაკვირად, მალევე მოვიდა, ხმალზე გადმოსვლიდან დაახლოებით ორ თვეში გავხდი საქართველოს ჩემპიონი სინიორებში. შემდეგ უკვე საერთაშორისო შეჯიბრებებზე ვცადე ბედი. პირველი შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატი იყო და ევროპის 16 საუკეთესო მოფარიკავეს შორის შევძელი შესვლა.
საკმაოდ ბევრგან ვიასპარეზე და ბევრი დამარცხებაც ვიწვნიე, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც "მოსკოვის ხმალი" იყო, სადაც ჩემზე ბევრად უფროსი ასაკის გამოცდილი მოფარიკავეები გამოდიოდნენ, რაც ჩემში მოგების სურვილს კიდევ უფრო ამძაფრებდა. დავამარცხე საკმაოდ ტიტულოვანი მოფარიკავეები და სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ქულით დავმარცხდი, ფინალში რომ მოვხვედრილიყავი. საბოლოო ჯამში მე-14 ადგილი დავიკავე, რამაც საერთო რეიტინგში 54 ადგილით წინ წამწია.
ბოლო საუკეთესო შედეგი მქონდა მსოფლიოს ჩემპიონატზე (იუნიორთა შორის), სადაც მსოფლიოს ნარჩევ მოფარიკავეთა შორის მე-5 ადგილი მოვიპოვე.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს, რა არის შენი ყველაზე დიდი მიზანი ამ ეტაპისთვის?
- გეგმაში, რა თქმა უნდა, თავდაუზოგავი ვარჯიში მაქვს, იქამდე, სანამ საქართველოს ჰიმნი არ გაიჟღერებს მსოფლიოს უმაღლეს კვარცხლბეკზე. მიზანი, ისევე, როგორც ყველა სპორტსმენისთვის, ჩემთვისაც მსოფლიოს და რაც მთავარია, ოლიმპიადის მოგებაა. - რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ სპორტის ამ სახეობაში გახდე წარმატებული? რა დაბრკოლებებს და ბარიერებს აწყდები?
- ფარიკაობა საკმაოდ რთული სპორტია, რომელიც მოითხოვს არა მარტო ფიზიკურ, არამედ გონებრივ შესაძლებლობებსაც. იყო წარმატებული, ამისათვის რთული გზების გავლაა საჭირო, მაგრამ ჩემი აზრით, თავდაუზოგავი ვარჯიშით ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოვა.- დროის რა ნაწილს უთმობ ვარჯიშს?
- ჩემი დროის თითქმის მთელ ნაწილს ვარჯიშს ვუთმობ. კვირაში 6 დღე ვვარჯიშობთ, დღეში - ორჯერ, მხოლოდ კვირა დღეს ვისვენებთ.- მშობლები ადევნებენ თვალს შენს ასპარეზობას. ბევრი თავს იკავებს ემოციებისგან, როცა შვილი შეჯიბრებებში იღებს მონაწილეობას. როგორია მათი რეაქციები?
- ჩემი ოჯახის წევრები, ისევე, როგორც ქართველი ოჯახების უმრავლესობა, ძალიან ემოციურები არიან. თვალს ადევნებენ ჩემს ყველა შეჯიბრებას. ყოფილა მომენტები, როდესაც სხვა ქვეყანაში შეჯიბრება მქონია და დროის შუალედის გამო ღამეებიც კი უთენებიათ, რომ ჩემი შეჯიბრებისთვის ეყურებინათ. განსაკუთრებით დედა და ძმა მგულშემატკივრობენ. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია გამარჯვებისთვის მათი თანადგომა.
- რას გვეტყვი ქართველ გულშემატკივრებზე?
- ქართველ გულშემატკივარს, მოგეხსენებათ, არასდროს ეშლება თავისი ქვეყნის წარმომადგენლის, სპორტსმენის გამხნევება. ისინი წაგების დროსაც კი გამხნევებენ. - შენი მწვრთნელი მერაბ ბაზაძეა...
- დიახ, სიმართლე რომ გითხრათ, გამიმართლა იმაში, რომ ასეთი კარგი მწვრთნელი მყავს. პირველ რიგში, ის მწვრთნელთან ერთად ჩემი მეგობარიცაა. ბევრჯერ, როდესაც წაგების მერე ხელი ჩამიქნევია და აღარ მდომებია ფარიკაობის გაგრძელება, მერაბს არასდროს მოუცია უფლება დანებების. ვთვლი, რომ სწორედ მას მიუძღვის მთავარი წვლილი ჩემ სპორტსმენად ჩამოყალიბებაში.
რუსკა კილასონია სპეციალურად Sportall.ge-სთვის
U23. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში: ყველაზე მეტად ლიკა ჯიჯეიშვილმა იყოჩაღა
მომივიდა წინადადება საქართველოს ნაკრებიდან და... - ექსკლუზიური ინტერვიუ მაია გუჩმაზოვასთან [PHOTO]