"საბურთალოს" 17 წლის თავდამსხმელი: ეროვნულ ლიგაში თამაში ძალიან მაგარი შეგრძნება იყო

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში, სადაც "საბურთალომ" მეტოქე 3:0 დაამარცხა, დებიუტი ჰქონდა 17 წლის ფორვარდ გიორგი გულიაშვილს, რომელიც თბილისური კლუბის აკადემიის აღზრდილია. გულიაშვილი მინდორზე 70-ე წუთიდან შევიდა. ფეხბურთელმა "საბურთალოს" ვებგვერდთან პირველ შთაბეჭდილებაზე ისაუბრა:

- "ეროვნულ ლიგაში" თამაში, ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. მოხარული ვარ, რომ ჩემი დებიუტი "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში შედგა, სადაც 3:0 გავიმარჯვეთ. 28 მაისი ჩემს ცხოვრებაში სასიამოვნო მოგონებად დარჩება.

თავდაპირველად, დაძაბული ვიყავი, თუმცა, როდესაც ბურთს რამდენჯერმე შევეხე, ნერვიულობამ გამიარა. მადლობა მწვრთნელებს, რომ ნდობა გამომიცხადეს. მადლობა ფეხბურთელებს, რომლებიც გვერდში მედგნენ და მამხნევებდნენ.

- ელოდით "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ თამაშს?

- როდესაც 18-კაციან განაცხადში ხარ, ყოველთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყო. არავინ იცის, როდის მოგიწევს მინდორზე შესვლა. ბედნიერი ვარ, რომ თამაშის შესაძლებლობა მომეცა.

- რა დავალებები მიიღეთ მთავარი მწვრთნელისგან?
- ორ ცენტრალურ მცველს შორის უნდა ვყოფილიყავი და თავისუფალ სივრცეებში სწრაფად გავხსნილიყავი.

- რა განსხვავებები დაინახეთ ლიგა-3-სა და ეროვნულ ლიგას შორის?
- მაღალი სისწრაფეებია, ბევრად სწრაფ ტემპში ხდება თამაში. ამავდროულად, გამოცდილი ფეხბურთელები ასპარეზობენ.

- ერთ-ერთ ეპიზოდში გოლის გატანაც შეგეძლოთ. ამ მომენტს როგორ გაიხსენებთ?
- მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვთამაშობდი, გოლის გატანა ძალიან მინდოდა. მქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ ვერ გამოვიყენე. მომავალში თუ მომეცემა თამაშის შესაძლებლობა, ვეცდები, შემდეგ მატჩებში გამოვიჩინო თავი. ვიბრძოლებ და ბევრს ვიშრომებ, რათა ამ ეტაპზე 18-კაციან განაცხადში მოვხვდე. "საბურთალოს" წარმატებაში მინდა ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო.


Sportall.Ge

მომზადებულია Fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული