დანიურ გამოცემა bold.dk-სთან ინტერვიუში "რანდერსის" დირექტორი სიორენ პედერსენი ამბობს, რომ კლუბი მზადაა ლობჟანიძე უფრო დიდ დანიურ გუნდსაც მიჰყიდოს, თუ შესაბამის თანხას გადაიხდიან.
24 წლის ნახევარმცველმა დანიაში გატარებული ორი სეზონის შემდეგ თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და არაა გასაკვირი, რომ მისი კლუბი საკმაოდ სარფიან ტრანსფერს ელოდება.
"საბას მიმართ დიდი ინტერესია. ბოლო თვე შესანიშნავად ჩაატარა დანიის სუპერლიგაში და ზოგადად, მთელი სეზონი ძალიან კარგად თამაშობდა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მისი დატოვება ძალიან ძნელი იქნება.
თუ შესაბამის თანხას გადაიხდიან, ჩვენ მას გავყიდით. თუ სასურველი შემოთავაზება არ იქნება, ჩვენ ვიმუშავებთ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე" - ამბობს სიორენ პედერსენი.
ჟურნალისტის კითხვაზე: "ფიქრობთ, რომ ის გაიყიდება?", პედერსენი პასუხობს:
"დიახ, ასე ვფიქრობ. საბას აქვს სურვილი, ითამაშოს რაც შეიძლება მაღალ დონეზე და მისით რამდენიმე კლუბი არის დაინტერესებული. ჩვენ საბასთან ერთად დავსხდებით და დაველაპარაკებით ამ კლუბებს.
შესაძლებელია მისი დანიურ კლუბში გაყიდვაც. თუ დანიური გუნდი კარგ შეთავაზებას გაგვიკეთებს, ჩვენ უარს არ ვიტყვით" - აღნიშნა "რანდერსის" პრეზიდენტმა.
საბა ლობჟანიძე დანიაში თბილისის "დინამოდან" გადავიდა. "რანდერსის" მაისურით ქართველმა შემტევმა ჯამში 75 შეხვედრა ჩაატარა. ამ მატჩებში ლობჟანიძემ 23 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ვლადიმირ ვაისმა გიბრალტარისა და დანიის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ გამოიძახა.
საბა ლობჟანიძე მაისში დანიაში საუკეთესოდ აღიარეს - "რანდერსი" ევროპა ლიგაზე ვერ გავიდა
"ალკმაარიდან" იყო დაინტერესება, იყო "კიოლნის" ვარიანტიც" - საბა ლობჟანიძე საკუთარ მომავალზე