ფამაგუსტის "ანორთოსისმა", რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს და თემურ ქეცბაია წვრთნის, ვარჯიში განაახლა.
საწვრთნელ ვარჯიშზე არ გამოჩენილა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა, მურთაზ დაუშვილმა და ნიკა კაჭარავამ სხვა ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშეს. ნიკას, როგორც ჩანს, ვარცხნილობა შეუცვლია.
კაჭარავა ისედაც "ანორთოსისის" ფეხბურთელი იყო, დაუშვილი კი კვიპროსულ გუნდს უნგრული "ჰალადასიდან" შეუერთდა.
თორნიკე ოქრიაშვილი კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. ოქრი ბოლოს "კრასნოდარში" თამაშობდა. სწორედ თორნიკეს მიმართ აქვთ კვიპროსელებს დიდი მოლოდინები.
anorthosis24 წერს, რომ ეს სეზონი "ანორთოსისში" ოქრიაშვილისთვის კარიერის რესტარტი უნდა იყოს. ის გუნდში ქეცბაიამ ჩემპიონობისთვის მოიყვანა და გამოცემაც თორნიკესგან საჩემპიონო თამაშს ითხოვს. ჟურნალისტის მიხედვით, მთავარია, ქართველმა ფეხბურთელმა სიმშვიდე იპოვოს, ტრავმები არ მიიღოს და ის გუნდისთვის ბრწყინვალე დამატება იქნება.
ფამაგუსტური გუნდი წელს ევროთასებზე არ იასპარეზებს და რაც ცნობილია, 19 ივლისს "ანორთოსისი" ამხანაგურ მატჩში ერსტე დივიზიონის "იგლსს" შეხვდება.