კახა ცხადაძემ სტაჟირება "ლაციოში" გაიარა და "ტორპედოს" დამარცხებას იმედოვნებს

AutoSharing Option
11 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ტორპედო" გასვლაზე "ორდაბასის" შეხვდება, რომლის მწვრთნელი კახა ცხადაძეა. მან შეხვედრის წინ vesti.kz-ის ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ მის შემოკლებულ ვარიანტს.

- წელს ჩემპიონობაზე ფიქრობთ?
- ყოველთვის მაღალი ამოცანა უნდა დაისახო, დანარჩენს კი ნიუანსები წყვეტენ.

- თუმცა, შანსი გაქვთ? კოლექტივი ამისათვის მზად არის?
- დიახ, ფეხბურთელებმა იციან და ამ მიმართულებით მუშაობენ.

- მიმდინარე ჩემპიონატზე თქვენი მეკარის, ნეპოგოდოვის ანგარიშზე 10 "მშრალი მატჩია". ის პირველობის საუკეთესო გოლკიპერია?
- ცალსახად.

- შვებულებას როგორ ატარებთ? სტაჟირებაზე დადიხართ?
- დიახ, ახლახან "ლაციოში" ვიყავი.
რატომ მაინც და მაინც ამ კლუბში? იმ ფეხბურთს თამაშობენ, რომელიც ჩვენთვის ახლობელია, მინდოდა საწვრთნელი პროცესი მენახა, რათა დავრწმუნებულიყავი, სწორ გზას ვადგავართ თუ არა. ადრე თურქეთში გაჯიევთან ვურთიერთობდი. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის ჩემი მასწავლებელია, ტელეფონით ხშირად ვსაუბრობთ. მისმენს, რჩევებს მაძლევს, სტატისტიკის გენიოსია.

- რამ მოგხიბლათ "ლაციოში"?
- ინტენსიურობამ. ეს ის არის, რაშიც მოსამატებელი გვაქვს.

- ევროპელი მწვრთნელებიდან ვინ მოგწონთ?
- როდესაც ჩემი მეეგობარი შოთა არველაძე "ალკმაარში" თამაშობდა, ვან გალს მოელაპარაკა და მასთან გავიარე სტაჟირება. მაშინ სამწვრთნელო კარიერას ვიწყებდი. ვან გაალისგან ბევრი რამ ვისწავლე.

- ის ძალიან არაორდინალური მწვრთნელია?
- ძალიან ბევრს ყვირის (იცინის).

- გაგიხარდათ, რომ ევროპა ლიგაზე თქვენი მეტოქე "ტორპედო" იქნება?
- მე ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ახლა "ტორპედო" ჩვენი მეტოქეა და უნდა დავამარცხოთ. მხოლოდ ის მახარებს, რომ კიდევ ერთხელ ჩავალ საქართველოში.

- თუმცა, კენჭისყრისას ფიქრობდით, რომ "ტორპედოსთან" შეხვედრა ურიგო არ იქნებოდა?
- არა, "ტორპედო" ძლიერი გუნდია, ამბიციური, პროგრესირებადი მწვრთნელი ჰყავს. ძალიან გაგვიჭირდება.

- გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, ამბობენ, მათ სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვთ?
- ახლა ბევრს აქვს ფინანსური კრიზისი. დიახ, ვიცი, რომლებიც წავიდნენ, ისინი წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ, მათთან ერთად მიაღწია გუნდმა უკანასკნელ წარმატებებს. თუმცა, მოთამაშეები დაიმატეს და ასე მგონია, გამარჯვება ძნელი მოსაპოვებელი იქნება. ეს ახალგაზრდებისთვის თავის წარმოჩენის საშუალება იქნება. ვთქვათ და ახლა კარგად ითამაშეს, მათ ნახავენ და ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ ყაზახეთში წავლენ.

- გუნდში ქართველი ფეხბურთელების მიწვევა არ გინდოდათ?
- არა. (ცხადაძე მიმართავს კლუბის ფინანსურ დირექტორს ბახტიარ ბაისეიტოვს, რომელიც ჩვენს საუბარს შემოუერთდა). ბოს, თქვენ ხომ არც ერთი ქართველი არ გსურდათ? თვით ჩემი გაგდება გინდოდათ (იცინის).

- "ორდაბასის" ევროთასებზე როგორი ამბიციები აქვს?
- ჯერ "ტორპედოს" ბარიერის გადალახვაა საჭირო, ეს ჩვენი პირველი ამოცანაა, უახლოეს მეტოქესთან შეხვედრას ძალიან სერიოზულად ვუდგებით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული