ჭიაბრიშვილი "შერიფთან" მატჩამდე: ფრე ურიგო შედეგი არ იქნება, თუმცა ჩვენ მოსაგებად გავალთ

AutoSharing Option
დღეს, 10 ივლისს "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ტირასპოლში ადგილობრივ "შერიფთან" გამართავს. საქართველოს ჩემპიონმა მოკლე ვარჯიში ჩაატარა, იქამდე კი მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- არსებობის განმავლობაში "საბურთალო" ისტორიულ შეხვედრას გამართავს. როგორია მატჩისადმი მოლოდინი?
- იცით, რომ "საბურთალოში" ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელიც აკადემიის აღზრდილია. აქამდე რომ მოვსულიყავით, ძალიან დიდი გზა გავიარეთ - ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად საქართველოში მივაღწიეთ წარმატებებს. ახლა, კი დადგა დრო, როდესაც ევროპაშიც უნდა მოვსინჯოთ ძალები. ამ ისტორიულ დღეს ყველა ჩვენთაგანი ელოდა. კლუბის მიზანი ევროტურნირებზე თამაში იყო.
ისე მოხდა, რომ ევროტურნირს საუკეთესო საკლუბო ჩემპიონატით ვიწყებთ.

- ეროვნულ ლიგაში "საბურთალო" ხშირ მატჩებში ფავორიტია. ამავდროულად, გუნდი პირველ ნომრად თამაშობს ხოლმე. ხვალ, რამდენად მოახერხებს გუნდი ანალოგიურის გაკეთებას?
- ოთხშაბათს სულ სხვა დონის გუნდს ვეთამაშებით, "შერიფს" ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. მოლდოველები ყოველწლიურად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპა ლიგის მატჩებს, ჩვენ კი სადებიუტო შეხვედრას გავმართავთ. ჩვენს სათამაშო სტილზე უარს არ ვიტყვით. თუმცა, ამას მატჩი გვაჩვენებს, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი ფეხბურთის თამაშს.

- ფრე თუ იქნება "საბურთალოსთვის" მისაღები შედეგი?
- იქიდან გამომდინარე, რომ ევროტურნირებზე პირველად ვთამაშობთ, თან ტურნირს საგარეო მატჩით ვიწყებთ, ვფიქრობ არ იქნება ურიგო შედეგი. წინ განმეორებითი მატჩია და გარკვეული უპირატესობა გვექნება, მაგრამ ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ - ასე იქნება ხვალაც.

- ბევრი სირთულეების დაძლევა მოუწევს კლუბს. რა იქნება მნიშვნელოვანი ხვალინდელ მატჩში?
- თუ გვსურს ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ შეცდომების რიცხვი.

- ფიქრობთ, რომ ამ წყვილში ყველაფერი თბილისურ მატჩში გადაწყდება?
- ხვალ, რთული თამაში გველოდება, თუმცა ვფიქრობ ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება.

- ბოლო ტრანსფერებიდან, ერთ-ერთი ლაზარე კუპატაძის ტრანსფერი იყო. უნდა ველოდოთ თუ არა "შერიფთან" მატჩის ძირითად შემადგენლობაში?
- ლაზარე უკვე კარგა ხანია ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ოფიციალურად თამაშის უფლება რამდენიმე დღის წინ მიეცა. კუპატაძე დიდი ხნის უთამაშებელია. სავარაუდოდ, არ იქნება ძირითად თერთმეტეულში.

- "საბურთალოში" ვარჯიშობს ლევან ყენია. რა მდგომარეობაა მასთან დაკავშირებით?
- ამ ეტაპისთვის ვერ შევძელით ყენიას განაცხადში შეყვანა, თუმცა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და იმედია მალე თამაშის შესაძლებლობაც მიეცემა. ლევანი ევროპიდან რამდენიმე დღის ჩამოსულია. შეიძლებოდა მისი მოლდოვაში წამოყვანა, რათა გუნდთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დიდი გზა იყო გასავლელი, დასვენების საშუალება მივეცით.

- "საბურთალომ" დაასრულა ტრანსფერებზე მუშაობა?
- ჩვენ ყოველთვის გვსურს კვალიფიციური ფეხბურთელებით გაძლიერება, ეს მუდმივი პროცესია. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე მათგანთან. ამ ეტაპზე გვარების დასახელებებისგან თავს შევიკავებ, რადგან 15 ივლისს სატრანსფერო ფანჯარა იხურება და ყველაფერს მალე გაიგებთ.

fcsaburtalo.ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
15 ივლისს იხურება სატრანსფერო ფანჯარა? ეს რამე ახალი დედლაინია თუ სტატიაში გაპარული შეცდომაა?
Irakli Apkhaidze
13:51 10-07-2019
4
გასვლაზე მოგების რა მოგკითხოთ, მარა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი რომ აქვს საბურთალოს ამაზე დარწმუნებული ვარ. შერიფი არ არის ის გუნდი რომ ვერ გავაგდოთ. წარმატებები საბურთალოს.
Geo_Dinamo
12:40 10-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული