"მეხელენის" სასამართლო პროცესები, მიზნები, "ჩიხურა" - ინტერვიუ ირაკლი ბუღრიძესთან

AutoSharing Option
რამდენიმე დღეში სტარტს აიღებს ბელგიის რანგით მეორე დივიზიონი - პროქსიმუს ლიგა, სადაც საქართველოს ერთი წარმომადგენელი ჰყავს.

21 წლის ირაკლი ბუღრიძე "ბეერსხოტის" ღირსებას იცავს, რომელსაც გასული სეზონის შუაში საჩხერის "ჩიხურადან" შეუერთდა.

თავდაპირველად ქართველ ფეხბურთელს სათამაშო დრო არ ეძლეოდა, თუმცა პლეი-ოფში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მისი გუნდი პროქსიმუს ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა, იუპერლიგაში კი პირველადგილოსანი "მეხელენი" დაწინაურდა. არადა, "მეხელენს" მატჩების გარიგებაში სდებდნენ ბრალს და ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა.

გუნდში არსებულ მდგომარეობაზე, მიზნებსა და სხვა საკითხებზე სასაუბროდ
Sportall.ge ირაკლი ბუღრიძეს ბელგიაში დაუკავშირდა.

- პირველ რიგში, "ბეერსხოტით" დავიწყოთ. იყო საუბრები, რომ იუპერლიგაში "მეხელენის" ნაცვლად თქვენ დაგაწინაურებდნენ...
- დიდი სასამართლოები იყო. თავიდან ჩვენი გუნდი დააწინაურეს, შემდეგ კი ისევ უკან დასწიეს და იუპერლიგაში "მეხელენი" ითამაშებს. ამ წელს ისევ რანგით მეორე ლიგაში გავატარებთ.

- რა იქნება "ბეერსხოტის" მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში?
- კარგი გუნდი გვყავს, მიზანი რა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში გადასვლაა. ვფიქრობ, წინ საინტერესო სეზონი გველოდება.

- თქვენი პირადი, ინდივიდუალური მიზანი რა არის?
- პირადად მსურს აქ თავი დავიმკვიდრო და ასევე, ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მინდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშებში სასურველ შედეგს მივაღწიო.

- უნდა ველოდოთ, რომ ირაკლი ბუღრიძე გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება? რას გეუბნებათ მწვრთნელი?
- დიდი იმედი მაქვს, რომ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებ. პირველი მატჩი 2 აგვისტოს გვაქვს. არ ვიცი, სასტარტოში დავიწყებ თუ არა, მაგრამ იმედია, სათამაშო დრო მომეცემა.

- გასაგებია, რომ ჯერ მცირე დროა, რაც კლუბში ხართ, მაგრამ რაიმე შემოთავაზება ხომ არ ყოფილა, თუნდაც ბელგიის უმაღლესი დივიზიონის კლუბებიდან?
- არა, ჯერჯერობით არანაირი განსაკუთრებული შემოთავაზება არ ყოფილა. "ბეერსხოტში" მხოლოდ რამდენჯერმე ვითამაშე. დიდი იმედი მაქვს, როდესაც მეტი სათამაშო დრო მომეცემა, შემოთავაზებებიც გამოჩნდება, ახლა კი მინიმუმ 1 წელი ამ კლუბთან მაკავშირებს კონტრაქტი.

- ჩვენი საუბრის ბოლოს რისი თქმა შეგიძლიათ საჩხერის "ჩიხურასთვის", რომელიც რამდენიმე დღეში "აბერდინთან" საპასუხო შეხვედრას გამართავს?
- "ჩიხურას" ყველა მატჩს თვალს ვადევნებ და ჩემს ყოფილ გუნდს ვგულშემატკივრობ. დიდი იმედი მაქვს, შოტლანდიაში სენსაციას მოახდენენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სენსაცია იქნება აბერდინის გასვლა, შოტლანდიური ფეხბურთი არ გაიშვას
ზორბეგი
14:33 29-07-2019
3

სიახლეები პოპულარული