კიევის "დინამოსთან" უკრაინის სუპერთასზე "შახტარის" 1:2 წაგების შემდეგ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიზანმიმართულად დაიწყო დონეცკური გუნდის ქართველი მცველის, დავით ხოჭოლავას კრიტიკა და საინტერესო იყო, ამაზე როგორ რეაგირებას მოახდენდა ახალი მწვრთნელი ლუიშ კაშტრუ.
ადგილობრივი ჟურნალისტები დაუფარავად მიუთითებდნენ, რომ კაშტრუს სასტარტოში ხოჭოლავა კი არა, არამედ მიკოლა მატვიენკო უნდა დაეყენებინა, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა მათ "რეკომენდაციას" ყური არ უგდო.
პრემიერლიგის პირველ ტურში დონბასელებმა სტუმრად 3:1 დაამარცხეს "ოლეკსანდრია" და ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, მატვიენკო კი 90-ე წუთზე შევიდა ნახევარმცველ სერგეი ბოლბატის ნაცვლად შეცვლაზე.
ხოჭოლავამ კარგად ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მის მიერ თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.