1-ელ აგვისტოს "აბერდინთან" ჩასატარებელი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ "ჩიხურას" მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"მოხარულნი ვართ, რომ კარგ საფეხბურთო ქვეყანაში ვართ, კარგ ქალაქში. რაც შეეხება ჩვენს ტაქტიკას, ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს. გოლი გვაქვს გასატანი, შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა. კარგი და ღირსეული მოწინააღმდეგე გვყავს და მის დამარცხებას შევეცდებით.
გვაქვს ჩვენი პლუსები და რამდენად მოგვცემს მეტოქე ამის გამოყენების საშუალებას, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გათვალისწინებული გვაქვს, რომ აბერდინში გულშემატკივარი ყოველთვის შეტევას და სამ გოლს ითხოვს. აქედან ჩვენც შეიძლება რამეს გამოვრჩეთ.
ყველა გუნდს მომზადების საკუთარი სტილი აქვს. ზოგიერთი შეიძლება ვისკით გაუმასპინძლდეს ფეხბურთელებს და ისე მოამზადოს, ჩვენ კი კარგი შავი ღვინო გვაქვს, ამით ვართ სახელგანთქმულნი და რომელი აჯობებს, ხვალ ვნახავთ.
ევროტურნირებზე გარკვეული წარმატებები გვაქვს - "ბურსასპორი", "ბეითარი"... რა თქმა უნდა, თუ "აბერდინსაც" ვძლიეთ, ეს ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი დიდი გამარჯვება იქნება.
თქვენმა მწვრთნელმა ჩვენზე უკეთ იცის თავისი გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები. ჩვენ შევეცადეთ ამ სუსტი მხარეების თბილისში გამოყენებას. "აბერდინს" ძლიერი და ათლეტური ფეხბურთელები ჰყავს, შეუძლიათ სტანდარტულებზე და საერთოდ, ორთაბრძოლებში კარგად თამაში. ჩვენი ძლიერი მხარე "ძირს" თამაშია და თუ ამას გამოვიყენებთ, წარმატებას მივაღწევთ".
"აბერდინისა" და "ჩიხურას" შეხვედრა 2 219-იან "პიტორდიზე" 1-ელ აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის ხილვა "პირველი არხის" საიტზე იქნება შესაძლებელი, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" სატელევიზიო რეპორტაჟი არ ექნება.