დღეს, 26 სექტემბრის დილით, MLS-ის 32-ე ტურის შეხვედრა "სან ხოსე ერსქვეიქსსა" და "ფილადელფია იუნიონს" შორის გაიმართა, რომელიც კალიფორნიელი მასპინძლების მარცხით, 1:2 დასრულდა.
სამწუხაროდ, შეხვედრის ანტიგმირი საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა.
გურამი, ვაკო ყაზაიშვილის მსგავსად, "სან ხოსეს" ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მცველი შეხვედრის უდიდესი ნაწილი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა, 5-წუთიან მონაკვეთში 2 შეცდომა დაუშვა, რაც "სან ხოსეს" მარცხის ფასად დაუჯდა.
მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, 35-ე წუთზე გოლი ჯექსონ იუილმა გაიტანა. 70-ე წუთზე კი, ბედოიას გოლის დროს შემტევის დარტყმული ბურთი გურამს ფეხებშორის გაუძვრა, ხოლო 76-ე წუთზე მეორე გოლის ავტორმა, პოლონელმა პრიჟბილკომ საჰაერო დუელი სწორედ ქართველ მცველს მოუგო.
ამ მარცხის შემდეგ "სან ხოსე ერსქვეიქსი" 44 ქულით დასავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზე გადავიდა და პლეი-ოფის ზონას 1 ქულით ჩამორჩება.
რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და კალიფორნიელები 2 უშუალო კონკურენტს ეთამაშებიან. სახლში კონფერენციის მეოთხეადგილოსან "სიეტლს" დაუპირისპირდებიან, რომელსაც 50 ქულა აქვს და ბოლო ტურში კი, გასვლაზე "პორტლენდს" შეხვდებიან, რომელიც მე-6 ადგილზეა და 1 ქულით უსწრებს.