ვლადიმირ ვაისის სია - რატომ ელგუჯა? იყო თუ არა სხვა ვარიანტები...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ტრადიციული სია გამოაქვეყნა და ამან ტრადიციული ვნებათაღელვა გამოიწვია.

ზოგჯერ სლოვაკის გადაწყვეტილებები ძალიან შორს იყო რეალობისგან. დღევანდელი განაცხადი შედარებით ნორმალურია, მაგრამ ნაკრების თავკაცმა რამდენიმე პოზიციაზე თავისებური კვლავ გამოურია.

ხშირად კითხვები შემადგენლობაზე სლოვაკს არ მოსწონს და უკმაყოფილოდ პასუხობს, წნეხი გარკვეულ გავლენას ახდენს, თუმცა ეს მისი პრეროგატივაა და როგორც არ უნდა მოგვწონდეს, ის შესაბამისად იყენებს.

მისასალმებელი ფაქტია, რომ ახალგაზრდები ასაკობრივ ნაკრებებს დაუთმეს. ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი 19-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდნენ და უნგრეთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ძალიან ძლიერი გუნდით
ვიქნებით წარმოდგენილნი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამაზ სვანაძეს აუცილებლად მართებს ელიტ-რაუნდის საგზურის მოპოვება.

ასევე დადებითი ფაქტია ლევან ხარაბაძის ახალგაზრდულ ნაკრებში გაგზავნა, რომელსაც ურთულესი შეხვედრა ელის შვეიცარიასთან. ხარაბაძემ ეროვნულ ნაკრებში ჯერ ვერ წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრებში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

მეკარეები

გიორგი ლორიასა და გიორგი მაკარიძეზე კითხვაც არ არის, თუ რა უნდათ ნაკრებში. კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა ლაზარე კუპატაძის გამოძახება. არავინ არაფერს ერჩის ამ ფეხბურთელს, პირიქით, მისი წარმატება გაგვიხარდება და საჭირო შემთხვევაში გაშუქებასაც არ მოვაკლებთ.

მაგრამ საქართველოს ნაკრები კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფეხბურთელების კრებას გულისხმობს. რისთვის იძახებენ მესამე მეკარეს? იმ შემთხვევისთვის, რომ თუ პირველი ორი მეკარე რაღაც პრობლემის გამო ვერ მოახერხებს თამაშს, მაშინ მესამე მეკარეს დაევალება გუნდის გადარჩენა.

ხოლო თუ მავანს დავუჯერებთ, ლაზარე გამოცდილების მისაღებად გამოიძახეს, რადგან ის ახალგაზრდაა და მომავლის მეკარეა. მაგრამ რა დააშავეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც მოცემულ მომენტში მასზე უკეთესად ასპარეზობენ და თუ მესამე მეკარის საჭიროება მოითხოვს, უკეთეს ფორმაში იქნებიან?

პრაქტიკა ფეხბურთელებმა უნდა გაიარონ კლუბში, საუკეთესოებმა კი უნდა ითამაშონ ნაკრებში.

დაცვა

საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი დანიასთან შეხვედრაში დაცვის კარგი თამაშის შედეგად არის დაკომპლექტებული. დიახ, რატომაც არა? გამეორება შეიძლება. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საბა კვირკველია "ლოკომოტივში" სათადარიგო ფეხბურთელია, დავით ხოჭოლავა ნარეაბილიტაციები პირდაპირ ნაკრების თამაშზე ბრუნდება, ჯიმი ტაბიძე კი ლაშა დვალზე უკეთესი ვარიანტია დაცვის მარცხენა ფლანგზე.

თუმცა გურამ კაშიაც არ არის ფორმაში, მისი თამაში "სან ხოსეში" ბევრ კითხვას ტოვებდა და იქნება თუ არა ისეთივე ეფექტური, როგორც დანიასთან, ეს არავინ იცის. გია გრიგალავამ კი დაამტკიცა, რომ ჩამოსაწერი ფეხბურთელი არ არის და მისი იმედი უნდა გვქონდეს.

ნახევარდაცვა

ნიკა კვეკვესკირი ტრავმის გამო ნაკრებს დააკლდება, თუმცა მის ადგილს, ალბათ, კვლავ ოთარ კიტეიშვილი დაიკავებს, რომელმაც წინა შეხვედრაში მოვალეობებს თავი მშვენივრად გაართვა.

დისკვალიფიკაციის შემდეგ ჯაბა კანკავა ბრუნდება და რა საჭირო იყო მურთაზ დაუშვილის გამოძახება? თუ წინაზე ჯაბას შემცვლელად შეიძლება განგვეხილა, ამ შემთხვევაში მისი გამოძახება გაუგებარია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც კლუბშიც სათადარიგო ფეხბურთელია და ნაკრებში გიორგი აბურჯანიაც არის გამოძახებული.

მოცემულ მომენტში საუკეთესოობის პრინციპით არც ვახტანგ ჭანტურიშვილის ნაკრებში ყოფნაა დამაკმაყოფილებელი. ნაკრებში მარცხენა ფლანგზე საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს - თორნიკე ოქრიაშვილი, საბა ლობჟანიძე, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი - ამ ფლანგზე ბევრს შეუძლია თამაში. იმავეს ვერ ვიტყვით მოედნის მარჯვენა ნახევარზე, სადაც უფრო მეტი არჩევანია საჭირო. თუმცა სლოვაკი ამ ყველაფერს აშკარად სხვანაირად უყურებს.

ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების აქტიურობამ ვლადიმირ ვაისს ნაკრებში გიორგი ხარაიშვილი გამოაძახებინა. გიორგის კი ახლა თავისი შესაძლებლობების დამტკიცება მართებს, რადგან მას ნაკრებში არასდროს უთამაშია გამორჩეულად და მასზე გაცემული ავანსი უნდა გაამართლოს.

თავდასხმა

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფორვარდი გიორგი ქვილითაია "გენტის" სათადარიგო ფეხბურთელია. მან თასზე მიცემული შანსი გამოიყენა და დუბლი შეასრულა, თუმცა ჩემპიონატში კვლავ არ ენდობიან. ერთადერთი, რამაც შეიძლება გაგვახაროს, ის არის, რომ წინა შეკრებასთან შედარებით, უკეთეს ფიზიკურ ფორმაში იქნება.

ბევრი უნდა იფიქრო, თუ რა კრიტერიუმით უნდა მოხვდეს ელგუჯა ლობჟანიძე ნაკრებში? აგვისტოში ტრავმირებული იყო, სექტემბერში სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთ შემთხვევაში იყო ძირითად შემადგენლობაში. მის ადგილზე სექტემბრის თვეში ერთი გოლია "ატირაუსთან". ელგუჯა არც ამომავალი ვარსკვლავია და არც საუკეთესო თავდამსხმელი ყაზახეთში.

ლოგიკური ახსნა, რაც შეგვიძლია ამას მოვუძებნოთ, ის არის, რომ ვლადიმირ ვაისი ყაზახეთის ჩემპიონატს აქტიურად ადევნებს თვალს. სლოვაკს ტაქტიკურ სქემაში თავდამსხმელი ესაჭიროებოდა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ქვილითაიას შეცვლიდა.

იყო ბუდუ ზივზივაძის, დავით სხირტლაძის და ლევან კუტალიას ვარიანტი, თუმცა ელგუჯა სამივეზე მაღალია და ჩაწოდებებზე უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება. ამავდროულად, დღეს ყაზახეთის ჩემპიონატი წინ არის, ვიდრე პოლონეთის, უნგრეთის ან საქართველოს ჩემპიონატები.

altვლადიმირ ვაისმა ევროშესარჩევისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა




Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
ზარანდია მუდმივად თამაშობს ძირითადში, მას შეუძლია თამაშის გამწვავება, ინდივიდუალისტია და კარგ ფორმაშია, არ ვიცი რატომ არ იძახებს, თუ ვინმე ფედერაციიდან კითხულობთ კომენტარებს უთხარით მაგ ვაისს!!!
s.s.
13:07 04-10-2019
0
ეს კაცი ეროვნულ ჩემპიონატს რომ არ უყურებს კი ვიცით, მარა პრესას იქნებ გააცნოთ ვინმემ. გაიგოს სადაც არის ერთ სეზონში ნინუა 20 ბურთზე ავა საჯარიმოებიდან გატანილი ბურთებით და ნაკრებში ამდენი ხანია კარის მიმართულებითაც კი ვერ ურტყავენ ჯარიმას. ჟურნალისტებმა მაინც უთხარით. თუ ბრმაა ყრუვიც ხომ არაა, ხალხი არ ხართ ჟურნალისტები?
Geo_Dinamo
23:07 02-10-2019
2

სიახლეები პოპულარული