"სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა" - რამდენად პერსპექტიულია ტანვარჯიში საქართველოში?

AutoSharing Option
ბოლო წლების ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, ტანვარჯიშის მიმართ ინტერესი დღითი დღე მატულობს და ძალიან ბევრ მშობელს სურს, სპორტის ამ სახეობაზე ატაროს შვილი.

თუ რა გამოწვევების წინაშე დგას და რამდენად პერსპექტიულია ტანვარჯიში ჩვენს ქვეყანაში, ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი.

- იმდენად პოპულარულია, რომ ყველა ბავშვს აქვს ინტერესი, იაროს ტანვარჯიშზე. სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა. დღესდღეობით საქართველოში ტანვარჯიშის ფედერაცია მოიცავს 4 ძირითად სახეობას. ეს არის სპორტული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა, მხატვრული ტანვარჯიში და ამას დამატებული არაოლიმპიური სახეობა სპორტული აკრობატიკა.

პირველი სამი ოლიმპიური სახეობებია, შესაბამისად, ჩვენი სპორტსმენები აქტიურად იბრძვიან ლიცენზიების მოსაპოვებლად და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობენ.

Sportall.Ge

ჩვენს ფედერაციაში ყველა სახეობას ხელმძღვანელობენ ისეთი გამოჩენილი და დამსახურებული სპორტსმენები, როგორებიც არიან: მსოფლიოს ჩემპიონი, მრავალტიტულოვანი რუსუდან სიხარულიძე, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი რუსუდან ხოფერია, საუკუნის მწვრთნელად დასახელებული, მხატვრული ტანვარჯიშის ხელმძღვანელი ნელი სალაძე, ხოლო სპორტული აკრობატიკის ხელმძღვანელია ასევე მსოფლიოს მრვალგზის ჩემპიონი ინგა გიორგობიანი.

- ფედარაციას ფინანსურ მხარდაჭერას ვინ უწევს?
- გვაქვს ბიუჯეტი და ყოველ წელს ვაკეთებთ მომავალი წლისთვის გათვლებს. ჩვენი ძირითადი დამფინანსებელია სპორტის სამინისტრო. ასევე გვასპონსორებს "ვი-თი-ბი ბანკი", რომელიც ფინანსურ დახმარებას გვიწევს და არამხოლოდ ფინანსურს, ბანკი ინვენტარის შეძენაში და იმ პრობლემების დაძლევაში გვეხმარება, რომელიც წლის განმავლობაში შეიძლება გვქონდეს.

სამინისტროს მიერ გამოყოფილი ფინანსები მიბმულია ფედერაციის სამოქმედო გეგმაზე. ჩვენ ვართ "ფიჯისა" და ევროპული ფედერაციის წევრი. შესაბამისად, გეგმა მიბმულია ამ სტრუქტურების კალენდართან.

მოგეხსენებათ, ბიუჯეტი იგეგმება წინა წელს და როცა გაუთვალისწინებელი ხარჯი იჩენს თავს და დამატებითი ფინანსების მობილიზება გვიწევს, ასეთ დროს "ვი-თი-ბი ბანკი" გვიდგას გვერდში.

Sportall.Ge

ეს დარბაზი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით (სანაპიროს ქუჩა 8), 2015 წლის წყალდიდობის დროს დაიტბორა, ყველაფერი მწყობრიდან გამოვიდა და მაშინ "ვი-თი-ბი ბანკმა" შენობის რეაბილიტაციისთვის გაიღო სოლიდური თანხა 500 000 დოლარის ოდენობით.

- ახსენეთ სამოქმედო გეგმა. უახლოეს მომავალში სად იღებენ მონაწილეობას ქართველი ტანმოვარჯიშეები?
- რაც შეეხება გუნდების მომზადებას და კალენდარული გეგმის შესრულებას, საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი იღებს მონაწილეობას ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც მინსკში ტარდება ივნისის ბოლოს.

ჩვენი ისტორიის მანძილზე პირველად გვაქვს მოპოვებული ხუთი ლიცენზია. აქედან გამომდინარე, ყველა სახეობაში ვიასპარეზებთ, გარდა სპორტული აკრობატიკისა, რადგან ის ოლიმპიურ სახეობებში არ შედის.

მხატვრულ ტანვარჯიშში - სალომე ფაჟავა, ბატუტზე ხტომაში - ლუბა გოლოვინა, კოშკაძე თენგიზი, თეონა ჯანჯღავა, ხოლო პოლინა ბორზიხი სპორტულ ტანვარჯიშში იასპარეზებენ.

- რა ასაკიდან შეიძლება ტანვარჯიშზე სიარული და როდის არის დაგვიანებული სპორტის ამ სახეობაზე ბავშვის მიყვანა?
- ტანვარჯიში იმდენად გაახალგაზრდავდა, რომ ჩვენთან უკვე 5-6 წლიდან მოჰყავთ ბავშვები. 12-13 წლის ბავშვი შეიძლება იყოს საერთაშორისო კატეგორიის ოსტატი. მაგ: სალომე ფაჟავა 16 წლის იყო, როცა ევროპის ჩემპიონატზე ბაქოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზოგადად, სპორტზე სიარული არასდროს არის დაგვიანებული. შეიძლება ყველა ჩემპიონი ვერ გახდეს, მაგრამ ყველასათვის სასურველია და საჭიროა, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ.

- თბილისში სად შეიძლება ტანვარჯიშზე სიარული?
- დედაქალაქში ძირითადი სამწვრთნელო ბაზა, რომელიც ეკუთვნის მერიის სპორტსკოლას, მდებარეობს სანაპიროს ქუჩის 8 ნომერში. კიდევ გვაქვს სპორტის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტანვარჯიშის არენა დიღომში (ჯორჯ ბალანჩინის ქ. 9). სწორედ იქ ემზადება ჩვენი ნაკრები, რადგან სრულყოფილია სავარჯიშოდ და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. იქ ვატარებთ საერთაშორისო შეჯიბრებებსაც და ვმასპინძლობთ ჩვენს სტუმრებს. არის კიდევ მერიასთან არსებული სპორტსკოლა მონტინის ქუჩაზე, ნახალოვკაში, სადაც ასწავლიან სპორტულ აკრობატიკას. მიუხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი, უნდა იყოს კიდევ უფრო ბევრი ტანვარჯიშის სკოლა.

Sportall.Ge

- რეგიონებში თუ გაქვთ ფილიალები?
- ბათუმსა და ქუთაისში არის სპორტსკოლა. სწორედ ისინი ქმნიან ამინდს სპორტის ამ სახეობაში და დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბებაში. ახლახან დავაფუძნეთ სპორტსკოლა რუსთავში და ჩავატარეთ რუსთავის ღია ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა მარნეულისა და რუსთავის გუნდი. ვთვლი, რომ ასეთი სკოლების გახსნა წინ გადადგმული ნაბიჯია.

- სამედიცინო შემოწმება უტარდება ბავშვს, რომელიც ტანვარჯიშზე მოჰყავთ?
- როცა მოდის ბავშვი ჩვენთან, ის აუცილებლად უნდა იყოს შემოწმებული ჯანმრთელობის მხრივ. უნდა ვიცოდეთ, როგორ მდგომარეობაში აქვს ხერხემალი, ბრტყელტერფიანი ხომ არ არის; თუ ჭარბი წონა ფიქსირდება, ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია ვარჯიშით. პირადად, მე ჩემს ბავშვობაში ვალდებული ვიყავი, რომ გამევლო სამედიცინო შემოწმება და მომეტანა ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. ისე უფლება არ მქონდა, უბრალო შეჯიბრებაშიც კი მიმეღო მონაწილეობა. კეთდებოდა საკვალიფიკაციო წიგნაკი, სადაც იყო ჩემი ისტორია მითითებული და ცალკე ფურცელზე იყო აუცილებლობის შემთხვევაში ჩანაწერი სპორტსმენის ჯანმრთელობაზე.

სამწუხაროდ, ეს სისტემა მოშლილია და არ არსებობს. რამდენიმე ფედერაცია ვიბრძვით, რომ წინა პლანზე წამოვწიოთ ეს საკითხი პარლამენტის დონეზე შესაბამის კომიტეტში, რათა აუცილებლად დამკვიდრდეს ნორმა, რომ სპორტსმენების სამედიცინო შემოწმება აუცილებელი გახდეს.

- ბავშვების ტარება ტანვარჯიშზე ფასიანია?
- ფასიანი ჯგუფები მიბმულია სპორტსკოლასთან, ხოლო ვინც ნაკრებში მოხვდება, მერე არ უწევთ თანხის გადახდა. პირიქით, სახელმწიფო აძლევს მათ სტიპენდიებს.

Sportall.Ge

- მომავლის გეგმებზე გვესაუბრეთ, რა შედეგებს ელოდებით?
- ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებსა და ინფრასტრუქტურაზე. ბოლო წლებში ბევრი გაკეთდა სპორტის ამ სახეობისთვის, მაგრამ ამ ტემპით თუ არ გავაგრძელეთ, წარსულში დავბრუნდებით. წინა ხელისუფლებამ ბავშვებს წაართვა პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე დარბაზი, სადაც 500-მდე მოსწავლე ვარჯიშობდა, ჩვენს მეთოდისტებთან ერთად. დარბაზთან ერთად ჩვენ ის ხალხიც დავკარგეთ. ახლა ვიბრძვით, რომ მის სანაცვლოდ სხვა დარბაზი მოვიპოვოთ. უკვე გამოყოფილია ტერიტორია თბილისის განაპირა უბანში და უნდა აშენდეს საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი. რაც მეტი დარბაზი, სპორტული კომპლექსი იქნება, უფრო უკეთესი შედეგებიც გვექნება და უფრო მეტი პროფესიონალიც გვეყოლება.

ტანვარჯიშზე სიარული ისეთი სოციალური მნიშვნელობის პროგრამაა, რაც მეტ ფულს ჩადებ მასში, მით მეტად გამარჯვებული და გაძლიერებული იქნები.

ჩვენი ფედერაციის ფარგლებში შემოდის ცალკე მიმართულება "ტანვარჯიში ყველასათვის", რაც ნიშნავს იმას, რომ ტანვარჯიშის სასკოლო ილეთები შეიძლება ასწავლო ბავშვს საბავშვო ბაღშიც, დაწყებით კლასებშიც და უნივერსიტეტებშიც კი. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი, გვყავს სერტიფიცირებული მწვრთნელები და მათ აქვთ უფლება მინიჭებული, რომ ნებისმიერი რანგის სკოლა იქნება თუ სპორტკლუბი, ასწავლონ ტანვარჯიშის ილეთები.

სურვილისა და დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავიუწიოთ ყველას შესაბამისი დახმარება.

რუსკა კილასონია სპეციალურად Sportall.ge-სთვის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული