ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ახლოს მსოფლიოს სენსაციასთან [VIDEO]

AutoSharing Option
ტრადიციულად, ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენთვის უფრო ბობოქარი ბოლო დღეები აღმოჩნდა, როცა ახლოს ვიყავით რამდენიმე წარმატებასთან - მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთანაც და დაუმარცხებელი ტედი რინერის (+100) დაგდებასთანაც.

გამორიცხული არც კვარცხლბეკზე ორი ქართველის ერთად ასვლა იყო, მაგრამ ყველგან ხელი მოგვეცარა, თუმცა საერთო მონაგარი ორი მედლით - ვერცხლ-ბრინჯაოთი კი გავამდიდრეთ. სამშაბათს ვაჟა მარგველაშვილის (66) მიერ მოპოვებულ ბრინჯაოს პარასკევს უშანგი მარგიანმა (90) ამავე სინჯის ჯილდო დაუმატა, შაბათს კი ვალერი ლიპარტელიანმა (100) კიდევ ერთი ვერცხლი მოიპოვა და ჩვენმა ნაკრებმა პირადი პირველობა სამი მედლით დაამთავრა.

საერთო-გუნდურ ჩათვლაში
მე-11 ადგილზე გავედით, ცალკე ვაჟებში კი - მე-6-ზე. ცოტა მეტის იმედი ყველას ნამდვილად გვქონდა და შანსებიც რეალურად იყო.

ერთი სიტყვით, ამ ჩემპიონატზე სასიხარულოც იყო და სამწუხაროც. თუნდაც ბექა ღვინიაშვილის (90) მოხსნა უკვე მეორე შეხვედრაში სლოვენიელ მიჰაილ ზგანკთან, ლაშა შავდათუაშვილის გაფრთხილება იაპონელთან, გურამ თუშიშვილის უმედლოდ დარჩენა, მაგრამ მსოფლიოს პირველობის მთავარ შეხვედრად თუშიშვილისა და რინერის ნახევარფინალური პაექრობა იქცა. ამიტომ საუბარიც ამ შეხვედრით დავიწყოთ.

თუშიშვილი-რინერი
ალბათ, რეპორტაჟიდან გახსოვთ კადრი, როგორ მუშტების ბრაგუნით გავიდა ნახევარფინალში რინერთან საჭიდაოდ და მერე ტატამზე შესვლისთანავე ეკვეთა. ის მთელი შეხვედრა უტევდა, მოძრაობდა და ავიწროებდა რინერს, ერთი წამითაც არ დაუხევია უკან მისი ტიტულების და ავტორიტეტის წინაშე. ის მთელი არსებით იყო ჩართული ამ შეხვედრაში და როგორც მერე გასახდელში გაირკვა, აზარტში შესულმა თურმე ისიც ვერ დააფიქსირა, შეხვედრა დამატებით დროში რომ გადავიდა, ეგონა, ძირითადში დამარცხდა.

თუშიშვილმა უბრალოდ წინააღმდეგობა კი არ გაუწია, უტევდა და ილეთების მცდელობაც ჰქონდა, ხოლო იმ დასამახსოვრებელ მომენტში, რომელმაც, ალბათ, იქით მსოფლიოს ძიუდოს შეუქანა გული სენსაციის, ხოლო აქეთ რინერს - სირცხვილის მოლოდინში, კარგად გამოჰკრა ამ მთაკაცს და დააგდო კიდეც, მაგრამ გდება ვერ იყო ბოლომდე დახვეწილი და რინერმა იდაყვი დაასწრო...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თავის მხრივ, ფრანგმა გოლიათმა ვერაფერი უქნა მონდომება-მცდელობების მიუხედავად. 22 წლის თუშიშვილი გამოცდილებასაც შეიძენს, თორემ ახლა სწორედ გამოუცდელობით და ახალგაზრდული სიფიცხით დაუშვა ის შეცდომა - თავმოყვარეობაშელახული რინერი ადგომისთანავე რომ შეუტევდა, დიდი მისახვედრი არ იყო. აჯობებდა, არ აჰყოლოდა მის ჭიდაობას, ცოტა დაეცხრო მისი გაშმაგება, ამის სანაცვლოდ კი ესეც "შუბლით წავიდა კლდისკენ"... რინერმაც მომენტით ისარგებლა და დააგდო...

რინერი თვითონაც გაოცებული დარჩა ასეთი მეტოქეობით და ბოლოს ჯერ ხელი აუწია თუშიშვილს, მერე კი ტაშიც დაუკრა - ლეგენდა ასე არავისთან მოქცეულა. მოგვიანებით მან განაცხადა, თუშიშვილი მაგარი მებრძოლია, ოლიმპიადაზე დიდი კონკურენტი მეყოლებაო.

ქართველი თავის თავში დარწმუნებული იყო და იგრძნობოდა, რომ სჯეროდა ჩემი დაგდების, ძალიან ვისიამოვნე ამ ბრძოლით, ასეთი პაექრობა ბოლო 7 წელიწადია, არ მქონიაო. მერე ქართველთა მებრძოლ ხასიათსაც გაუსვა ხაზი და იმაშიც გამოტყდა, გასახდელში დაბრუნებულმა თუშიშვილის გდება ვნახე და ძალიან გამიხარდა, ილეთი რომ არ იყო, არ მინდოდა, მისთვის გამარჯვება მომეპარაო. ბოლოს კი დაამატა, საქართველოში მინდა ჩამოსვლა სავარჯიშოდო.

მან კი თქვა, გამარჯვების მოპარვა არ მინდოდაო, მაგრამ მაინც იგრძნობოდა მსაჯების სიმპათია მისადმი, თორემ სხვებს ისეთ ჭიდაობაში აუცილებლად გააფრთხილებდნენ. ახლა არბიტრს ერთხელ უკვე მიცემული გაფრთხილება გააუქმებინეს, მეორედ კი მაშინ შეაჩერეს, როცა ხელის თითქმის გაშვერილი ჰქონდა ფრანგისკენ. ორივე შემთხვევაში დარბაზი ლამის დაინგრა უკმაყოფილო შეძახილებით.

გასახდელში თუშიშვილი ადგილს ვერ პოულობდა და ხელით აჩვენებდა თანაგუნდელებს, აი, ამდენი დამაკლდა, ამდენი არ მეყო მოგებამდეო. ოღონდ ყურებჩამოყრილი კი არ იყო, გალიაში დამწყვდეული ლომივით ბორგავდა.

თუმცა, ვფიქრობ, დიდწილად, სწორედ ეს შემართება გახდა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მონღოლთა ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელ ტუვშინბაიარ ნაიდანთან მარცხის მიზეზიც: ჩვენებური ვერ გამოვიდა იმ შეხვედრის ეიფორიიდან და ვერ გადაერთო მონღოლთან ჭიდაობაზე... აკი თქვა კიდეც, აქ რინერთან მოსაგებად ჩამოვედი და მონღოლისთვის ვერ განვეწყვეო...

არადა, საცოდაობაა, რინერისთან ისეთი ბრძოლის გამმართველი კაცი უმედლოდ რომ დარჩა. მას მსოფლიოს მედლები ნამდვილად არ დაუძვირდება და დღეს იმაზეც თამამად შეიძლება ლაპარაკი, რომ მსოფლიოს ძიუდოში რინერის ბატონობა დიდხანს აღარ გაგრძელდება, შესაძლოა, ქართველმა უახლოეს ტურნირებზევე გაახსენოს მარცხის დავიწყებული სიმწარე; თუშიშვილს არც მსოფლიოს ტიტული გაუხდება სანატრელი, მაგრამ ასეთი შანსის განიავებაც საცოდაობაა. ნებისმიერ წინა შეხვედრაში ნაჩვენები ხარისხი რომ გამოევლინა მონღოლთან, ბრინჯაო მას დარჩებოდა, ახლა კი მწარე რეალობაა: ამ მონღოლმა დაგვიმარცხა ორივე ქართველი და დაგვტოვა უმედლოდ.

თუშიშვილმა წინა შეხვედრებშიც ისეთი შემართება გამოავლინა და გასვლისთანავე ეტაკებოდა ხოლმე მეტოქეს - კორეელ სუგმინ კიმსა და კუბელ ალექსის მენდოსა როდრიგესს, ხოლო იაპონელი ტაკეში ოჯიტანის მომგები ავსტრიელი დანიელ ალერსტოფერი კისრულით 9 წამში დაარჭო ტატამს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მძიმე წონაში მედლისთვის ადამ ოქრუაშვილმაც იბრძოლა და მეშვიდეზე გავიდა: ორი მოგების შემდეგ ძირითად ბადეში მასპინძელ ბარნა ბორთან წააგო, დამამშვიდებელში კი ცოტა საეჭვო გაფრთხილებებით ნაიდანთან მოხსნეს. ეს შეხვედრა ადამს რომ მოეგო, ბრინჯაოსთვის ქართველები იჭიდავებდნენ, ანუ კიდევ ერთი მედალი გარანტირებული გვექნებოდა.

ლიპარტელიანის მესამე ვერცხლი
ლიპარტელიანის ნახევარფინალს აზერბაიჯანელ ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ელხან მამადოვთან რიგით ქომაგებთან ერთად ვუყურე. უცხოელთა უმეტესობა მშვიდად უყურებდა შეხვედრას, რამდენიმე კი აქტიურად ქომაგობდა ჩვენებურს. მათ შორის - 15-16 წლის ბიჭიც, რომელიც ქართველის გამარჯვების შემდეგ მოვიდა, ტელეფონში ლიპარტელიანის ის სურათი მაჩვენა, რიოს კვარცხლბეკზე თავჩაქინდრული რომ ტირის, და მითხრა, ეს ჩემპიონი გახდებაო...

იმ პატარა უნგრელი ბიჭის არ იყოს, ჩვენებურის ჭიდაობის შემხედვარეს, ჩვენც გვჯეროდა მისი გამარჯვებისა, მიჰყავდა კიდეც საქმე აქეთკენ, მაგრამ ერთმა პატარა შეცდომამ ყველაფერი წყალში ჩაუყარა.

არადა, როგორც გითხარით, მხოლოდ ერთი გაფრთხილება დააკლდა მსოფლიოს ჩემპიონობამდე: ძირითად დროში ორჯერ გააფრთხილებინა იაპონელი ვულფი და დამატებითში ერთიც ჰყოფნიდა გამარჯვებისთვის. თან, თავად ორის მიღებაც შეეძლო...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არადა, ვერ ვიტყვით, რომ ამ ფინალს ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი შეხვდა: გასახდელში ყურსასმენებით მუსიკასაც უსმენდა, ოდნავი მღელვარებაც არ ეტყობოდა სახეზე, თანაგუნდელებსაც ჩვეულებრივად ესაუბრებოდა. მერე ირაკლი ცირეკიძემ გაიხმო და რჩევა-დარიგებებს აძლევდა...

მან ყველა პაექრობა უაღრესად მაღალ დონეზე ჩაატარა და მაღალი კლასი კიდევ ერთხელ გამოავლინა. თან მეოთხედფინალში რუს კირილ დენისოვსაც ძალზე დამაჯერებლად მოუგო, ვინც თავისი ავყიაობა კიდევ ერთხელ გამოავლინა...

ლიპარტელიანისთვის ეს პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე წაგებული უკვე მეშვიდე ფინალია, მსოფლიოზე კი - მეორე (ერთხელ ოლიმპიადაზე დამარცხდა, 4-ჯერ - ევროპაზე). სამაგიეროდ, მსოფლიოზე ზედიზედ მეოთხე მედალია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და იმ ერთხელაც - 2016 წელს მსოფლიო არ ტარდებოდა. სამაგიეროდ, მაშინ ოლიმპიადაზე მოიპოვა ჯილდო. მას ევროპის ჩემპიონებზე ჰქონდა ერთი გამორჩეული მიღწევა - ზედიზედ რვაჯერ მოიპოვა მედალი, ახლა კი ამ ისტორიის ათვლა მსოფლიოზეც დაიწყო. თან ახალ წონაშიც აგრძელებს წარმატებულ გამოსვლას.

ვალერი ლიპარტელიანი:
"ფინალში გამარჯვების და ოქროს მედლის მოპოვების შანსი ნამდვილად იყო, მაგრამ მცირე უპირატესობით მაჯობა. თავიდან აქტიურად დავიწყე, გაფრთხილებებიც მისცეს, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც ტაქტიკურად ამ კონკრეტული შეხვედრისას ის ჩემზე კარგად იყო მომზადებული. თან ცოტაც გაუმართლა.

ფსიქოლოგიურად კარგად ვიყავი და დღის განმავლობაში კარგად ვიჭიდავე, მაგრამ, ეტყობა, იაპონელებს უფრო კარგად ვყავართ შესწავლილი, ვიდრე ჩვენ - ისინი. აქედან გამომდინარე, უფრო მეტია სამუშაო ინდივიდუალურად.

ამ ჩემპიონატს ახალი კადრები არ გამოუვლენია, აბსოლუტურად ყველამ მიიღო მონაწილეობა და ჯერჯერობით ამ ოლიმპიურ ციკლში ახალი არავინ ჩანს, ისევ ამ ხალხთან მომიწევს მეტოქეობა.

ძნელია, როცა ამდენს შრომობ, წვალობ, როცა ასე ახლოს ხარ მიზანთან და მაინც აგებ... ალბათ, ცოტა გამართლებაც საჭიროა. სავარაუდოდ, სახლში დაბრუნებულს შვილები საყვედურსაც მეტყვიან, თუმცა მათ ვერცხლი დამაბარეს".

მოულოდნელი მარგიანი
გონგისთანავე უშანგი მარგიანმა ჯერ თავზე წაივლო ხელები, მერე კი ემოციებს ვერ გაუმკლავდა და ლამის ბოლომდე შევსებული "ლასლო პაპის" თვალწინ ატირდა... ყველაფრიდან ჩანდა, რომ ჯერ კიდევ უჭირდა დაჯერება, რაც მოხდა. ეგ კი არა, მოგვიანებით გასახდელშიც უთქვამს, ჯერ კიდევ არ მჯერაო.

თუ ვაჟა მარგველაშვილი (66) გასახდელში მიმოდიოდა და მილოცვებს იღებდა, ეს დაჯილდოების ცერემონიალის მოლოდინში გაოგნებული იჯდა არენის გასასვლელთან. მოხდენით კი მარგიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: 23 წლის ბიჭმა დამამშვიდებლის ფინალში სერბი ევროპის მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვაღიაროთ - მარგიანს არავინ მიიჩნევდა ფავორიტებში, არც ჩვენში და მით უფრო - უცხოეთში, ჩვენი ყურადღება უფრო ბექა ღვინიაშვილისკენ იყო მიპყრობილი, მაგრამ ცხოვრება სწორედ ასეთი მოულოდნელობებითაა საინტერესო.

მარგიანმა დამამშვიდებელი ეტაპი უფრო ძლიერად ჩაატარა, თუმცა ამის მიზეზი პირველ შეხვედრაში საშუალო დონის ბოსნიელ ტონი მილეტიჩთან მიღებული ფეხის ტრავმა იყო - ფაქტობრივად, მთელი შეხვედრა ტრავმირებულმა ჩაატარა, მოგვიანებით კი ამას კისრის ტრავმაც დაემატა, რისთვისაც წინა ორ გამაყუჩებელს ექიმებმა ერთბაშად ოთხი დაუმატეს.

შესვენება კი სასიკეთოდ წაადგა და დილით თუ ძირითადად მეტოქის შეცდომებს ელოდებოდა და უფრო ტაქტიკურად, ჩავლებებით ირჯებოდა, სანუგეშოში უკვე უტევდა, პირველ ნომრად ჭიდაობდა და წნეხში აქცევდა მეტოქეებს.

ეს მედალი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საგრძნობლად გაეზარდა ავტორიტეტი და გამოვიდა წონის ლიდერთა ჩრდილიდან. მისი წარმატება სხვებისთვისაც დიდი სტიმული აღმოჩნდება.

უშანგი მარგიანი:
"ძალიან გახარებული ვარ, უფროსებში მსოფლიოს პრიზიორი გავხდი, რაც ჩემთვის უდიდესი სიხარულია. მომავლისთვის კიდევ უფრო მაღალ მწვერვალებზე ვეცდები ასვლას. ჩვენ ქართველები ვართ, მებრძოლი ხალხი, და ტატამზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, არაფერია გამორიცხული.

ის ცრემლები ემოცია იყო, რადგან გახარებული ვიყავი. ამ მედალს ვუძღვნი ჩემს საქართველოს, ჩემს მეუღლეს და ოჯახს".

ქალები და გუნდური
სამწუხაროდ, ქალთა გამოსვლაზე ბევრიც არაფერია სალაპარაკო, რადგან ისინი უფრო გუნდურის იმედად წამოიყვანეს მსოფლიოზე. მარიამ ჯანაშვილიც (57) და ელენე ქებაძეც (+78) პირველივე წრეში დამარცხდნენ, ნინო ოძელაშვილი (70) კი სხვა თემაა.

პირველი ეტაპის გავლა მხოლოდ მას შეეძლო და უგებდა კიდეც ნიგერიელ ვინი გოფიტს, მაგრამ ყველაფერი უცნაურობა ჩვენ უნდა დაგვემართოს და აქსესუარის გამო მოხსნეს - ყელსაბამი ეკეთა, რომელიც მსაჯმა შეამჩნია.

ბევრი საამაყო არც გუნდურში გვაქვს: პირველ შეხვედრაში ხორვატიასთან ფრედ დავასრულეთ: 3:3, მაგრამ უკეთესი ქულებით ვაჯობეთ. აქ ოქრუაშვილმა მოგვიტანა გამარჯვება ბოლო პაექრობაში, თუმცა შემდეგ ჯერ რუსეთთან წავაგეთ 1:5, მერე კი დამამშვიდებელში ვეღარც კანადას გავუმკლავდით: 2:4. საბოლოოდ 21 გუნდს შორის მე-7 ადგილზე გავედით.

კვარცხლბეკი
ვაჟები
90 კგ.
1. ნემანია მაიდოვი (სერბეთი); 2. მიჰაელ ზგანკი (სლოვენია); 3. უშანგი მარგიანი (საქართველო), დონ-ჰან გვაკი (კორეა).

100 კგ.
1. აარონ ვულფი (იაპონია); 2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო); 3. კირილ დენისოვი (რუსეთი), ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი).

+100 კგ.
1. ტედი რინერი (საფრანგეთი); 2. დავიდ მოურა; 3. რაფაელ სილვა (ორივე - ბრაზილია), ტუვშინბაიარ ნაიდანი (მონღოლეთი); 5. გურამ თუშიშვილი; 7. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო).

ქალები
70 კგ.
1. ჩიზურუ არაი (იაპონია); 2. მარია პერესი (პუერტო რიკო); 3. იური ალვეარი (კოლუმბია), მარია ბერნაბეუ (ესპანეთი).

78 კგ.
1. მაირა აგიარი (ბრაზილია); 2. ნამი უმეკი (იაპონია); კალიმე ანტომარჩინი (კუბა), ნატალი პაუელი (ბრიტანეთი).

+78 კგ.
1. სონ იუ (ჩინეთი); 2. სარაჰ ასაშიმა (იაპონია); 3. მინჯეონ კიმი (კორეა), ირინა კინდერსკა (აზერბაიჯანი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
როგორც ყოველთვის გვჩვევია ვაბუქებთ ყველაფერს! ეს არის ჩვენი ავადმყოფობა, რასაც ქვია თავის მოტყუება და მერე თავის მართლება! სიმართლეა გურამმა მაგრად იჭიდავა, დიდი წარნატებები წინ აქვს თუ......ბექა ღვუნიაშვილსაც უდიდესი წარმატებები წინ აქვს დარწმუნებული ვარ, მაგრამ უკვე რეები ემართება ხომ ხედავთ. უდიდესი პრობლემა არსებიბს ჩვენს ფედერაციაში, დავიჯერო ჟურნალისტებმა და ძიუდოს არცერთმა მოყვარულმა ეს არ იცით?! რატომ არ წერთ სიმართლეს????? ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, წლები გადის და ჩვენი ძიუდო უკან მიდის! ვითომ წლების წინ არ ვიცოდით რომ ქალთა ძიუდო უნდა განვითარებულიყო?! რომელ კონგრესებს ესწრებოდნენ ჩვენი ძიუდოს მესვეურები ასე ჭურში რომ ვზივართ???ზოგადად ქართული შედეგები არის კატასტროფული! რაც იაპონიაში და გარე-გარე სირბილი დავიწყეთ წავიდა ჩვენი საქმე უკან! თქვე კაი ოჯახიშვილებო ქართული ძიუდოს მართლა მცოდნეებს კითხეთ აზრი და ჭკუა, რას გეგმავთ როგორ გეგმავთ ყველაფერს მარტო თქვენით???თუ ასე ძალიან გვჭირდება უცხოელი კონსულტანტები ჩამოიყვანეთ რაღას უცდით???მოიკელით თქვე კაი ადამიანებო პრემიები და დაახარჯეთ ძიუდოა ფული! 100% თქვენი დროის დაუთმეთ ამ საქმეს, თუ სხვა რამე გაინტერესებთ, მაგალითად კორპისების მშენებლობები, წადით და მიხედეთ სხვა რამეს! ძიუდო ჩააბარეთ ამ საქმის მცოდნეებს და ბილომდე მოყვარულებს! რასაც ქვია ოქროს თაობის ძიუდოისტები გვყავს და ერთი მეორეს მიყოლებით წაგებაში მიგყავთ ბიჭები! მორჩეს ქართული ძიუდოს რბევა!!!
პაატა
16:12 04-09-2017
2
ცუდი შედეგით დავასრულეთ ასპარეზობა ორი აზრი არ არის, თუმცა ყველაფერი წინ არის, მოვემზადოთ მომავალი ტურნირებისთვის, ევროპა, მსოფლიო, ოლიმპიადა წინ არის. აღმოჩნდა რინერის დამარცხებაც შესაძლებელი ყოფილა. ხოდა მივაწვეთ თუშიშვილს, ცოტა ფსიქოლოგიური მომზადებაც მივცეთ, ასევე ღვინიაშვილი მეიმედება ძალიან. ლაშასგანაც ველოდები ისევ შედეგებს, მიხედეთ მწვრთნელებმა და ფსიქოლოგებმა.
koli
11:28 04-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული