ვიცე-ჩემპიონები ლაშა შავდათუაშვილი (73) და ბექა ღვინიაშვილი (90) გახდნენ, ნუგზარ ტატალაშვილმა (81) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100) კი ბრინჯაო მოიპოვეს. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მე-9 ადგილზე გავიდნენ.
უცნაური და მოულოდნელი ტურნირი გამოდგა პარიზული გრანდ სლემი: ოქროს მედლის მოპოვების რამდენიმე ძალიან კარგი შანსი გვქონდა, თუმცა ხელი მოგვეცარა; ნახევარფინალში მედლის დაუფლების ერთბაშად ორი რეალური კანდიდატი მოგვიხსნეს - ამირან პაპინაშვილი (60) და გურამ თუშიშვილი (+100). თუშიშვილის დამარცხება ჩვენი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, ხოლო ლიპარტელიანი ისევ საკამათო ვითარებაში დამარცხდა...
თუმცა ამის გვერდით იყო სასიამოვნო მომენტებიც. მაგალითად, შავდათუაშვილის, ტატალაშვილის და ღვინიაშვილის კარგი გამოსვლა. ზოგადად, გუნდს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია - ტაქტიკურად, ტექნიკურად არ ყოფილა ურიგო სურათი, მაგრამ ქართული ძიუდოს სისტემური პრობლემებიც ისევ გამოჩნდა: ბევრ შემთხვევაში თუნდაც გამძლეობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური მომზადება და სხვა...
ორი წაგებული ფინალი
ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენი ორივე ფინალისტის მარცხი გადამწყვეტ შეხვედრაში. განსაკუთრებით - შავდათუაშვილისა. ღვინიაშვილი იაპონელს მაინც ხვდებოდა - შოიჩირო მუკაის, ოლიმპიურ ჩემპიონს კი მეტოქედ აქამდე უტიტულო კოსოვოელი აკილ გჟაკოვა ჰყავდა.
არადა, ნახევარფინალი ორივე ჩვენებურმა ჩინებულად ჩაატარა: შავდათუაშვილმა კორეელი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ჩანგრიმ ანი დააიპონა, ღვინიაშვილმა კი მეორე იაპონელი - კენტა ნაგასავა გააკრა ტატამს.
შავდათუაშვილი ფინალამდე ჩინებულად მივიდა და ძალიან გამართული, მაღალი დონის ჭიდაობა გვაჩვენა. ამჯერად კიდევ უფრო უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე - შარშანდელ სეზონში და, ფინალში წაგების მიუხედავად, სამომავლოდ მაინც დიდი იმედი დაგვიტოვა.
მან ყოველმხრივ დაჩაგრა ანი, მანამდე კი ასევე წმინდად დაამარცხა კანადელი ანტოინ ბუჩარდი და გერმანელი იგორ ვანდტკე, სომეხი ფერდინანდ კარაპეტიანი კი ვაზარით დაამარცხა.
ვერ ვიტყვით, რომ შავდათუაშვილმა ფინალში ცდა დააკლო და საკმაოდ შემტევი ჭიდაობაც შესთავაზა მეტოქეს, მაგრამ მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მონდომების მიუხედავად, მაინც ვერ იპოვა საკუთარი ჭიდაობა და ტაქტიკურად მომგებიანი სტილი ვერ შესთავაზა მეტოქეს.
სანაცვლოდ, შეხვედრის მიწურულს გიაკოვამ კისრულზე წამოიღო და მომგებიანი ვაზარი მიითვალა, შავდათუაშვილმა კი დაკარგა შანსი, ქართველებისთვის ძნელად მოსაგები პარიზის ტურნირის მორიგი ჩემპიონი გამხდარიყო...
- ლაშა შავდათუაშვილი - აკილ გჟაკოვა
ღვინიაშვილმა მასტერსზე ნაჩვენები კარგი ტემპი პარიზშიც გააგრძელა და ძლიერად იჭიდავა. რაც მთავარია, ძალიან ტექნიკური ჭიდაობა შემოგვთავაზა და ლამის ყველა პაექრობა სხვადასხვა ილეთით მოიგო, გდებები კი ბლომად აკეთა.
ფინალამდე გამართული ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო - აზერბაიჯანელ აბდულშაქ რასულუსთან, კორეელ ჯაეიონ ლისთან, გერმანელ ედუარდ ტრიპელთან და იაპონელ კენტა ნაგასავასთან.
ეს შეხვედრები იმდენად ძლიერად ჩაატარა, რომ ფინალში მისი მარცხიც ძნელი წარმოსადგენი იყო მუკაისთან, იმის მიუხედავად, რომ იაპონელს ხვდებოდა.
კაცმა რომ თქვას, სადაც ნაგასავა ისე დააბერტყა ძირს, მუკაისთან რატომ არ უნდა გვქონოდა იმედი?! სამწუხაროდ, ეს შეხვედრა მისთვის ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა - მე-15 წამზე იაპონელმა კისრულზე გადმოიღო.
წაგების მიუხედავად, ღვინიაშვილმა მაინც კარგი გარდასახვა გვაჩვენა. ახლა მთავარია, ასე გააგრძელოს და უთუოდ წარმატებული სეზონი ექნება.
თუმცა ფინალში იაპონელთან ფეხიც იტკინა და ვისურვოთ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდეს, ვინძლო, დიუსელდორფშიც იჭიდაოს. ამ ვერცხლით ღვინიაშვილი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა.
- შოიჩირო მუკაი - ბექა ღვინიაშვილი
ბრინჯაოს დუეტი
ტატალაშვილმა ძველებური ჟინი და შემართება გამოავლინა, რასაც ახლებური ფიზიკური მომზადება დაუმატა, ამან კი საკმაოდ წონადი შედეგი მოუტანა - ახალ წონაში პირველი მედალი მოიპოვა ასეთი მაღალი დონის უცხოურ შეჯიბრებაზე.
მის ჭიდაობაში პროგრესი აშკარაა, თუმცა მარათონული ტურნირი კი ჩაატარა: 6-დან ოთხი შეხვედრა დამატებით დროში მოიგო, განსაკუთრებით ხანგრძლივი კი დამამშვიდებლის პირველი პაექრობა აღმოჩნდა ბულგარელ ივაილო ივანოვთან, რომელიც 8.06 წუთი გაგრძელდა!
სხვებიც არანაკლებები იყვნენ: ბრაზილიელი ორგზის ოლიმპიური მედალოსანი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლეანდრო გილეირო; მართალია, უტიტულო, მაგრამ მაინც იაპონელი ტაკეში სასაკი და კანადელი ოლიმპიური მედალოსანი, მსოფლიოს ფინალისტი ანტოინ ვალუა-ფორტიე, ვინც ბრინჯაოსთვის პაექრობაში მშვენივრად დაიჭირა კონტრზე.
- ნუგზარ ტატალაშვილი - ანტუან ვალუა
გასაკვირია, რომ იპონით არგენტინელ ემანუელ ლუკენტის ვერ აჯობა, ხოლო ერთადერთი მარცხი ჩეხ იარომირ მუსილთან იწვნია.
ლიპარტელიანი მეოთხედფინალში საკამათო ვითარებაში დამარცხდა მასპინძელთა ოლიმპიურ პრიზიორ სირილ მარესთან. არადა, მთელი ტურნირი ჩვეულად მაღალ დონეზე და დაკვირვებით ჩაატარა. თან - ტექნიკურადაც, სადაც კვლავაც გამოავლინა დიდი ინტელექტი. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოსარჩევია ბრინჯაოსთვის შეხვედრა ხორვატ ზლატკო კუმრიჩთან, ვისთანაც თავიდან ვაზარით დაწინაურდა. შეხვედრის ბოლოსკენ ხორვატმა თითქოს უზადო ილეთი წამოიწყო, მაგრამ ლიპარტელიანი სწრაფად გაერკვა ვითარებაში, ჰაერშივე დაუხურა გდება და იქით დააგდო, თან იქვე შებოჭა.
- ვარლამ ლიპარტელიანი - ზლატკო კუმრიჩი
ლიპარტელიანმა თავიდან ამერიკელ ლა შმიტს ვაზარით, ხოლო ბელორუს დანიელ მუკეტეს წმინდად მოუგო, დამამშვიდებელში კი შვედი მარტინ პაცეკიც ასევე დაამარცხა.
მოხსნილი დუეტი
პარიზში ჩვენმა გუნდმა ორი დასანანი მარცხიც იწვნია - როგორც გითხარით, პაპინაშვილი და თუშიშვილი ნახევარფინალში მოხსნეს. თანაც, ორივე - იაპონელთან. პაპინაშვილი უგებდა მსოფლიოს მესამეპრიზიორ ტორუ შიშიმეს, როცა საყრდენ ფეხზე შიგნიდან გამოჰკრა და მოხსნეს, თუშიშვილმა კი კოკორო კაგეურას დაბლაჭიდში თავის არეში მუხლი მიარტყა. შეგნებულად თუ უნებლიეთ - ჩვენგან ძნელი სათქმელია, მაგრამ მსაჯებმა კი ჩაუთვალეს უხეშობად და ისიც მოხსნეს. შედეგად, ვერც ერთმა ვერ იჭიდავა გადამწყვეტი შეხვედრა ბრინჯაოსთვის.
60 კგ
1. ტირუ შიშიმე (იაპონია); 2. შარაფუდდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი); 3. ეშლი მაკენზი (ბრიტანეთი), ცედრიკ რევო (საფრანგეთი); 5. ამირან პაპინაშვილი; 7. ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - საქართველო).
66 კგ
1. ბაულ ანი (კორეა); 2. ჯოშირო მარუიამა; 3. ნორიჰიტო ისოდა (ორივე - იაპონია), სებასტაინ საიდლი (გერმანია).
73 კგ
1. აკილ გიაკოვა (კოსოვო); 2. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო); 3. ჩანგრიმ ანი (კორეა), ცოგბაატარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი).
81 კგ
1. სოტარო ფუჯივარა (იაპონია); 2. სეუნგსუ ლეე (კორეა); 3. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო), ფრენკ დე ვიტი (ჰოლანდია).
90 კგ
1. შოიჩირო მუკაი (იაპონია); 2. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო); 3. აქსელ კლერჯე (საფრანგეთი), ედუარდ ტრიპელი (გერმანია).
100 კგ
1. მიხაელ კორელი (ჰოლანდია); 2. გუჰამ ჩო (კორეა); 3. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო), სირილ მარე (საფრანგეთი).
+100 კგ
1. კოკორო კაგეურა (იაპონია); 2. სუნგმინ კიმი (კორეა). ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი), ალექსანდრ ვახავიაკი (ბელორუსი); 5. გურამ თუშიშვილი (საქართველო).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"