ეკატერინბურგის გრანდ სლემი: ქართველების მხოლოდ ერთი ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
ეკატერინბურგში დამთავრებულ ძიუდოისტთა გრანდ სლემზე ზებედა რეხვიაშვილმა (81) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ჩვენი გუნდის ერთადერთი ჯილდო აღმოჩნდა. არადა, ბრინჯაოს მოპოვება მძიმეწონოსან ონისე ბუღაძესაც შეეძლო, მაგრამ მასპინძელ ათლეტთან პაექრობაში მოხსნეს და მეხუთეზე დარჩა.

რეხვიაშვილი ეკატერინბურგში შარშანაც მესამეზე გავიდა. ეტყობა, მასზე კარგად იმოქმედა კონკურენციამ, რაც ნუგზარ ტატალაშვილის პარიზში მშვენიერმა გამოსვლამ და ახალგაზრდების ჩავარდნამ გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში, ამჯერად ჭიდაობის ხარისხს არა უშავდა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ტაბლოზეც აისახა - მედალი მოიპოვა.

ზებედას ზეობა
რეხვიაშვილმა ტურნირზე მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო და ისიც იაპონელთა
მომავალ ფინალისტ ტაკეში სასაკისთან.

მართალია, ტაკეში არ მიეკუთვნება წონის ლიდერებს და თებერვალში პარიზში ტატალაშვილმა "გაანადგურა", მაგრამ ამჯერად ფინალამდე მივიდა, რაც ბევრზე მიუთითებს (სხვათა შორის, ფინალში პარიზის ტურნირის მომგებ თანამემამულე სოტარო ფუჯივარასთან დამარცხდა).

სამაგიეროდ, ამ წაგების შემდეგ ჩვენებურმა რუსებს იპონით დაუმარცხა საკმაოდ ძლიერი ფალავანი - მურატ ხაბაჩიროვი, დამამშვიდებლის ფინალში კი ასევე წმინდად აჯობა იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს, ხოლო ტურნირის პირველ შეხვედრაში ბრიტანელ სტიუარტ მაკვაიტს ვაზარით აჯობა.


ისევ მსაჯობა
ბუღაძემ პირველივე შეხვედრაში "დაიქუხა", რადგან ბრაზილიელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დავიდ მოურა დააიპონა. ეს უკვე სერიოზული განაცხადი იყო და არც გაგვკვირვებია, როცა მომდევნო შეხვედრაც მოიგო რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუსთან და ნახევარფინალში გავიდა.

სამწუხაროდ, მისი წინსვლაც აქ შეჩერდა: ჯერ იაპონელთა მომავალ ჩემპიონ ჰიოგა ოტასთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი გაფრთხილებებით დათმო რუს ტამერლან ბაშაევთან. თუმცა იქნებ ეს ტურნირი სხვა ქვეყანაში რომ ყოფილიყო ან მეტოქედ რუსი არ ჰყოლოდა, მსაჯებს სხვა გადაწყვეტილება მიეღოთ.

თუშიშვილის ჩავარდნა
ბაშაევმა არა მხოლოდ ამ შეხვედრაში გვავნო, მანამდეც მწარე მარცხი გვაგემა: ჯგუფში პირველივე წრეში მთავარი იმედი, ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი დაგვიმარცხა, ვისაც წლეულს უკვე მეორედ მოეცარა ხელი. ეს უკვე საგანგაშო სიმპტომია მისთვის და ნაკრების მწვრთნელებისთვისაც: აგვისტოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ტედი რინერთან იმ დასანანი წაგების შემდეგ თუშიშვილმა გვარიანად მოუკლო და აქამდე რაც ვნახეთ მისი გამოსვლა, ნამდვილად აღარ ჰგავს "რინერის დამმარცხებელს".

სამწუხაროდ, ეკატერინბურგში ჩვენი გუნდის წევრთა უმეტესობა ასევე პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა: ამირან პაპინაშვილმა (60) იაპონელთა მომავალ ფინალისტ იუმა ოშიმასთან წააგო, დავით ოზბეთელაშვილმა (100) ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინთან დათმო, ონისე სანებლიძემ (100) კი - ფრანგთა ევროპის მედალოსან ალექსანდრ იდირთან.

პირველი წრე მხოლოდ ორმა ჩვენებურმა გადალახა: ზვიად კაპანაძემ (73) პორტუგალიელი ნუნო სარაივა კი დააიპონა, მაგრამ ბოლო ხანებში მშვენივრად მოჭიდავე სომეხთა მომავალ ფინალისტ ფერდინანდ კარაპეტიანთან წააგო; თამაზ კირაკოზაშვილმა (81) კი რუსი დენის კალინინის ძლევის შემდეგ ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან დათმო პაექრობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუშიშვილის ჭიდაობის სტილი მძიმეწონისათვის არ არის შესაბამისი, ჩახტომითი კისრულები არ გაამართლებს ყოველთვის, ყველამ ისწავლა მისი ჭიდაობა და ელოდებიან კონტრილეთით, ისე როგორც მსოფლიოზე წააგო მესამე ადგილისათვის, ამიტომ საჭიროა ჭიდაობა ზემოდან, ჭკვიანურად, ცერები, გარეფეხი, მოგვერდი და შედეგიც გაცილებით კარგი იქნება, მაინც ჩვენი იმედია და ვფიქრობ გაამართლებს.
ჯ ი ჯ ი
11:48 19-03-2018
0

სიახლეები პოპულარული