როგორც ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს ძიუდოს ფედერაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, სპორტსმენების მხრიდან "ვინმეს მიყვანაზე" საუბარი ზედმეტია, პრობლემები ძიუდოს სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ და არა უშუალოდ სპორტსმენებმა.
"ჩვენი მხრიდან ვინმეს მიყვანაზე, ვინმეს დანიშვნასა და სიტუაციის კონტროლზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ ამ გადაწყვეტილებებს, რადგან
ჩვენ დავასახელეთ პრობლემები, კერძოდ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, მწვრთნელების კომპეტენციაში ჩარევა და უამრავი მიმართულებით არასწორი მიდგომა.
თუ ქევხიშვილი კიდევ ვერ ხვდება, რომ ჩვენ საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს და ეს თითიდან გამოწოვილი პრეტენზიები არ არის, მაშინ მასთან მუშაობა შეუძლებელია.
გადაწყვეტილება იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ, ვისაც სპორტი შეუქმნია და არა სპორტსმენმა ან მის მიერ მიყვანილმა ადამიანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მასთან მუშაობა შეუძლებელია", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
▶ დავით ქევხიშვილი: მზად ვარ, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, თუ...
ლიპარტელიანი გამოეხმაურა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ცეზარ ჩოჩელის შეთავაზებასაც, რომელიც შეეხებოდა სპორტსმენების მომზადების საკითხს მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ამ კუთხით ფინანსურ უზრუნველყოფას.
"ცეზარ ჩოჩელი 2 წლის განმავლობაში არის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. მე არც ერთხელ არ მინახავს ის ამ პრობლემებზე სასაუბროდ. მართალია, მასთან გვქონდა პირადი საუბრები, თუმცა არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ფედერაციაში შექმნილ პრობლემებზე გვესაუბრა. ჩვენ ვიცოდით, რომ ის ჩვენი სპონსორი იყო და მხოლოდ ამ ხაზით მუშაობდა. მას სხვა მიმართულება ჰქონდა ფედერაციაში. რაც შეეხება მის შემოთავაზებას - ცეზარ ჩოჩელი რატომ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას და რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ დამოკიდებულნი, როდესაც ფედერაციას უშუალოდ თავისი სახსრები გააჩნია? ჩვენ არ გვინდა, ვინმეს პირადი სახსრები გამოვიყენოთ წარმატების მისაღწევად", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
▶ "ძიუდოისტებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, თუმცა ისინი ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ"