"ძიუდოისტებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, თუმცა ისინი ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ"

AutoSharing Option
მე სპორტსმენებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, მათ შორის, საყოფაცხოვრებო პირობებიდან დაწყებული, დამთავრებული სავარჯიშო პირობებით, თუმცა ისინი უარს აცხადებენ და კვლავ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ, - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ცეზარ ჩოჩელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ სპორტსმენებს რეალურად სურთ სიტუაციის გამოსწორება, საჭიროა, მის შემოთავაზებებს დათანხმდნენ. ჩოჩელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესებში იკვეთება როგორც პიროვნული, ასევე პოლიტიკური ინტერესები.

"მე ვთავაზობ, დავსხდეთ ყველა მხარე და მოვაგვაროთ პრობლემა. როდესაც სპორტსმენები ამბობენ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება, ეს არასწორია. "ზედაზენი" აფინანსებს ფედერაციას და ვახდენთ
თანხების კონტროლს. მე მზად ვარ, ავიღო ყველა პასუხისმგებლობა და დავეხმარო სპორტსმენებს პრობლემების მოგვარებაში, როგორც პირადი, ასევე სპორტული კუთხით.

მე 3-4-ჯერ შევხვდი მათ და შევთავაზე ჩემი წინადადება. მე ვუთხარი, რომ საჭიროა, ღირსეულად გამოვიდეთ ტურნირებზე, თუმცა მათგან მზაობა ვერ დავინახეთ. თუ დღეს მათ ვთავაზობთ ყველა პრობლემის მოგვარებას, დაწყებული საყოფაცხოვრებო პირობებიდან, დამთავრებული სპორტული საკითხებით, რატომ არ უნდა ივარჯიშონ სპორტსმენებმა, თუ აქ არ იკვეთება პოლიტიკური და პირადი ინტერესები?" - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ცეზარ ჩოჩელმა.

მისივე თქმით, მასთან მოჭიდავეები პირადი საკითხების მოსაგვარებლად ხშირად მისულან, თუმცა ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი პრობლემების გამო მისთვის არავის მიუმართავს.

"როდესაც მე ვკითხე, ძიუდოში თუ არსებობდა ამგვარი პრობლემები, რატომ არ მოხვედით–მეთქი, მათ მითხრეს, რომ ვერ შემაწუხებდნენ. რა გამოდის, რომ პირადი საქმეებისთვის შეეძლოთ შეწუხება და საერთო საქმისა და ძიუდოსთვის ერიდებოდათ? ზუსტად ის სპორტსმენები, ვინც დღეს გაფიცულები არიან, ცერემონიალზე, რომელიც გაიმართა, როდესაც "ზედაზენი" ფედერაციის სპონსორი გახდა, არ შემოვიდნენ.

მათ უმრავლესობას ცალკე შევხვდი და მათ მითხრეს, თუ რა სარგებელს მიიღებდნენ ისინი პირადად ამ სპონსორობისგან. ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ ამ თანხას ძიუდოს განვითარებაში ვდებდით, თუმცა ბუნებრივია, რაღაც ნაწილი მათაც ეკუთვნოდათ", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გაფიცული ძიუდოისტების და მწვრთნელების იმ პრეტენზიასაც უპასუხა, რომელიც შეეხებოდა მიღებული ხელფასების ნაწილის უკან დაბრუნების საკითხს.

ჩოჩელის განმარტებით, სულ არსებობდა მწვრთნელის 4 შტატი, ხოლო მუშაობდა 8 მწვრთნელი და თანხის გაყოფა ხდებოდა დასაქმებულ პირებს შორის. ჩოჩელის განმარტებითვე, იქიდან გამომდინარე, რომ მიღებული ხელფასი მცირე გამოდიოდა, პერიოდულად ხდებოდა 3 000-4 000-ს დამატებით გადარიცხვა მწვრთნელებისათვის.

▶ ლერი ხაბელოვი: ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა შეძლოს ძიუდოისტებთან კომუნიკაცია
▶ დავით ქევხიშვილი: ამ პროცესში ძალიან ბევრს აწყობს, რომ იყოს დაძაბულობა და ესკალაცია

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
უკაცრავად თქვენ ვინ ხართ?
Mamuka
11:25 28-05-2018
0
საქმეც ეგ არის რომ 'დღეს სთავაზობთ ყველა პრობლემის მოგვარებას', ჰოდა, აქამდე სად იყავით, რატომ აქამდე არ მოაგვარეთ ყველა პრობლემა, მაშინ ჰო კანონიერი საფუძველი გადაყენების მოთხოვნის არ ექნებოდათ სპორტსმენებს, თუ მართალია რომ ამის უკან 'პოლიტიკური ინტერესები იკვეთება'? არავის არ 'ვწმენდ' მაგრამ მე მგონია რომ სწორედ ამათ უკან დგას არა სასპორტო ინტერესები, და ეხლა დროს წელავენ, ფიქრობენ რომ დრო მატზე მუშაობს--ეს ასეცაა, წელი შეიძლება მთლიანად ჩავარდეს. ამის ფიქრის საფუძველი მაქვს რადგან არც ერთი სიტყვა ამდენ განცხადებაში არ არის თქმული ამათგან ის ფული, დასახელებულია კონკრეტული თანხები, რომელიც სპორტსმენებს და მწვრთნელებს უნდა მიეღოთ და არ მიიღეს, ასევე სხვა ფაქტები, სად წავიდა, ვითომ არც არსებობს ეს შეკითხვები.
გიორგი
15:32 26-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული