ზაგრების გრან პრი: ჭრიკიშვილისა და თუშიშვილის ოქროს დასასრული [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა მაჟორულ ნოტზე დაასრულა უღიმღამოდ დაწყებული ზაგრების გრან პრი და კრახით ჩატარებული ორი დღის შემდეგ გუშინ, ტურნირის ფინიშზე ერთბაშად სამი მედალი ირგუნა. მათ შორის, ორი ოქრო და ერთიც ბრინჯაო.

საინტერესოა, რომ 29 ივლისს ჩვენმა გუნდმა სამივე წონაში მოიპოვა თითო მედალი. ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) და გურამ თუშიშვილი (+100) გახდნენ, მესამეზე კი ლაშა ტაველური (100) გავიდა.

სწორედ ბოლო დღის შედეგებმა საქართველო ვაჟებში გუნდური ჩათვლის ჩემპიონი გახადა, საერთოში კი მესამეზე ვართ.

მსოფლიოს ჩემპიონმა, ევროპის სამგზის ტრიუმფატორმა ჭრიკიშვილმა ფინალურ შერკინებაში
საწყის ნახევარ წუთში ჯერ ორჯერ გააფრთხილებინა კუბელთა მსოფლიოს ექსჩემპიონი ეშლი გონსალესი, მალევე კი ვაზარზეც ჩინებულად დააგდო და უპირატესობა ბოლომდე წარმატებით შეინარჩუნა.


თუშიშვილმა წუთ-ნახევრში იზეიმა გამარჯვება ძლიერ ებრაელთან, ევროპული თამაშების ფინალისტ ორ სასონთან, როცა მშვენივრად შეირგო მისი საჩუქარი: ებრაელმა კისრულზე დაუპირა წამოკიდება, მაგრამ ესეც მომზადებული დაუხვდა, წელში შესვლა დროულად მოასწრო, მერე კი მარცხენა ფეხიც ეფექტურად გამოჰკრა გარედან და სასონი ტომარასავით დააგდო ტატამზე.


ჭრიკიშვილმა გონსალესს რევანშიც აუღო გიორგი პაპუნაშვილთან მოგებისთვის, ქვეჯგუფში კი ჯერ ვაზარით დაამარცხა შვეიცარიელი კირილ გროსკლაუსი, მერე წმინდად მოუგო არაბული საემიროების ოლიმპიურ და მსოფლიოს მესამეპრიზიორს, ევროპის ფინალისტ სერგიუ ტომას და ჩეხ დავიდ კლამერტს; მეოთხედფინალში ვაზარით ჩამოიშორა ბრიტანელი მაქს სტიუარტი, ნახევარფინალში კი შუა კაურით გადააგდო ფრანგი ევროპის ვიცე-ჩემპიონი აქსელ კლერჟე.

ტრავმების, ოპერაციებისა თუ გაცდენილი პერიოდის შემდეგ დაბრუნებული ჭრიკიშვილი ჯერ არაა საუკეთესო ფორმაში, თუმცა პროგრესიც აშკარაა. ილეთებიც ბლომად აკეთა.

თუშიშვილმა ფინალი ხომ საკმაოდ იოლად მოიგო, არც იქამდე მისასვლელად დადგომია დიდი ჯაფა და სამივე პაექრობა წმინდად მოიგო: ჩილელ ფრანსისკო სოლისთან, უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევთან და აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურთან. თან სამივეს გდებით მოუგო და არა გაფრთხილებით. ამასთან, ჩილელს იპონამდე კიდევ ერთი ქულა აართვა, თუმცა უზბეკთან თვითონაც გაუშვა ილეთი და იმის თქმაც შეიძლება, რომ გადარჩა. კიდევ კარგი, იმ მომენტში კარგი, მებრძოლი ხასიათი გამოავლინა, თუმცა ეს თვისება ნახევარფინალშიც არანაკლებ დაეხმარა უკრაინელ იაკივ ხამოსთან, ვისაც ერთხელ შებოჭვიდან კარგად დაუძვრა, საბოლოოდ კი ვაზარით დაამარცხა.

ლაშა ტაველურმა დამამშვიდებლის ფინალში გვარიანად იბრძოლა აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ექსჩემპიონ ელხან მამადოვთან - თვითონაც შეუქმნა ხიფათი, მაგრამ თავადაც გადაურჩა გდებას, ბოლოს კი შებოჭა და წმინდა გამარჯვებით დაასრულა ტურნირი.


ის მეოთხედფინალში ჩვენი ძიუდოისტებისთვის უკვე გადაულახავ ბარიერად ქცეულ ახალგაზრდა რუსთან, ნიიაზ ილიასოვთან დამარცხდა, მანამდე კი სლოვაკი მატეი ჰაიასი და ჰოლანდიელი სიმეონ კატარინა დააიპონა. დამამშვიდებელშიც ასევე წმინდად მოუგო ბელორუს დანიელ მუკეტეს, თუმცა მასთან წაგების დიდი საფრთხის წინაშეც დადგა.

პაპუნაშვილის გარდა, გუშინ უმედლოდ გიორგი ქავთარაძეც (+100) დაგვირჩა - მოლოდინისამებრ, ამერიკელ აიაქს ტადეჰარას კი აჯობა, მაგრამ ჰოლანდიელ ხურ სპიიკერსთან წააგო.

როგორც გითხარით, ეს ამბები გუშინ მოხდა, პირველი ორი დღე კი ჩვენმა გუნდმა უმედლოდ და წარუმატებლად ჩაამთავრა.

პირველ დღეს ლაშა ჩადუნელი (60) და თორნიკე ნაგლიაშვილი (81) ჭიდაობდნენ. ჩადუნელმა პირველივე წრის პაექრობა დათმო უკრაინელ არტემ ლესიუკთან, ხოლო ნაგლიაშვილმა ორი შეხვედრა მოიგო იპონით - ამერიკელ რაიან ვარგასთან და ირლანდიელ ნათან ბურნსთან, მერე კი იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონ ჰიფუმი აბესთან წააგო.

გუშინწინ მხოლოდ 81 კილოგრამში გვყავდა მონაწილე, თუმცა ორი კაცი - კობა მჭედლიშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი. ორივემ ერთნაირად დაასრულა გამოსვლა - მერვედფინალში გავიდნენ, სადაც ჯგუფის გამარჯვებულებთან წააგეს.

მანამდე ორივემ ორ-ორი შეხვედრა მოიგო, რომელთაგანაც ერთში ახალგაზრდებში მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორმა მჭედლიშვილმა საკმაოდ გამოცდილი მეტოქე დაჯაბნა - მეორე წრეში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით ჩამოიშორა. თუმცა საამისოდ დამატებითი დრო დასჭირდა.

ზოგადად, მან ორივე შეხვედრა დამატებითში მოიგო - მანამდე წამატებულ დროში მოლდოველ ნიკონ ზაბოროსციუსს მიაღებინა მესამე გაფრთხილება და მოახსნევინა, მერე კი გერმანელ დომინიკ რესელთან წააგო წმინდად.

როგორც მოსალოდნელი იყო, ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტმა კირაკოზაშვილმა პირველ წრეში იოლად დააიპონა ისლანდიელი ლოგი ჰარალდსონი. ტაჯიკი კარომატულო ხაკიმოვს იპონით მოუგო. სამაგიეროდ, ახალგაზრდებში ბელგიელთა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ მათიას კასესთან ვერაფერს გახდა და ვაზარით წააგო.

60 კგ

1. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია); 2. ადონის დიასი (აშშ); 3. ეშლი მაკენზი (ბრიტანეთი), დავიდ პულკრაბეკი (ჩეხეთი).

66 კგ 
1. ტალ ფლიკერი (ისრაელი); 2. გიორგი ზანტარაია (უკრაინა); 3. ჰიფუმი აბე (იაპონია), ბარუხ შმაილოვი (ისრაელი).

73 კგ 
1. აკილ გიაკოვა (კოსოვო); 2. ფაბიო ბასილე (იტალია); 3. ტოჰარ ბუტბული (ისრაელი), რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი).

81 კგ
1. დომინიკ რესელი (გერმანია); 2. მათიას კასე (ბელგია); 3. ანრი ეგუტიძე (პორტუგალია), სოტარო ფუჯივარა (იაპონია).

90 კგ
1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო); 2. ეშლი გონსალესი (კუბა); 3. ნემანია მაიდოვი (სერბეთი), მამდალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი).

100 კგ 
1. ნიიაზ ილიასოვი (რუსეთი); 2. კაილ რეიესი (კანადა); 3. ლაშა ტაველური (საქართველო), კენტარო იიდა (იაპონია).

+ 100 კგ
1. გურამ თუშიშვილი (საქართველო); 2. ორ სასონი (ისრაელი); 3. იაკივ ხამო (უკრაინა), ინალ თასოევი (რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუშის ჭიდაობის სტილი საერთოდ არ შეეფერება მძიმე წონის მოჭიდავეთა სტილს,ჭიდაობს მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან და უნდა ყველას მოუგოს ეფექტური გდებით, ჩვენც კი გვინდა მარა არა,მძიმე წონაში საჭიროა ლეგენდარული ტედის სტილი, ჩასაფრება, დასტოინობა,დაწყნარებული ჭიდაობა, არცერთი დიდი მოჭიდავე მძიმე წონის ასეთი აქტიური და ამდენი შეცდომის ,,გატარების'' მქონე არ მახსოვს, იამასიტოს დროიდან ვუყურებ და მახსოვს ყველა. გურამ ფრთხილად, შენი სისწრაფით და ფორიაქით მოსაგები შეხვედრები არ წააგო. მინდა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შენს ზურგზეც გაჩნდეს წითელი წარწერა.
ჯ ი ჯ ი ...ზ.
19:59 04-08-2018
0
ჭრიკიშვილის გასვლა ტატამზე ბევრ მის მოწინააღმდეგეს ფსიქოლოგიურად შლის, მას ყველასთან უპირატესობა აქვს, და რაც მთავარია იმედია გუნდისთვის, სტიმულის მიმცემია. არ მახსოვს მისი შეხვედრა ისეთი, რომ მასთან ვინმეს 100% შანსი ქონოდა, არც 50%. იმედია მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მის ზურგზე წითელი წარწერა გაჩნდება.
ჯ ი ჯ ი
19:47 04-08-2018
0

სიახლეები პოპულარული