საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თასზე 5 მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარმატებით იჭიდავა ბერლინში გამართულ "ევროპის თასზე", სადაც ხუთი მედალი მოიპოვა: ორი ოქრო, ამდენივე ბრინჯაო და ერთიც ვერცხლი.

ჩემპიონები ვლადიმერ ახალკაცი (81) და ლაშა ბექაური (90) გახდნენ, მეორეზე ალეკო მამიაშვილი (73) გავიდა, ხოლო მესამეზე - ივანე ხუბაშვილი (55) და გიორგი ნიაზაშვილი (66).

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მეხუთეა, ბიჭებში - მეორე.

ჩვენი გუნდისთვის "ევროპის თასის" მეორე, გუშინდელი დღე ბევრად წარმატებული აღმოჩნდა პირველზე, რამეთუ სწორედ გუშინ მოვიპოვეთ ორივე ოქრო.

ამასთან, ლაშა გუჯეჯიანის შეგირდებიდან კიდევ სამმა იჭიდავა ბრინჯაოსთვის, მაგრამ სოსო
ებილაშვილი
(81), ზაურ კენჭაძე (100) და ამირან წიქორიძე (+100) მეხუთე ადგილებზე დარჩნენ. გუშინდელი დღის მონაგარს ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ხუთი წონიდან ოთხში ნახევარფინალი ვიჭიდავეთ.

ბერლინში ორივე ჩვენებურმა შესანიშნავად იჭიდავა. ახალკაცმა გამართული ექვსი შეხვედრიდან ხუთი იპონით მოიგო. მან ვაზარით მხოლოდ პირველ მეტოქეს სძლია - გერმანელ ფრედერიკ შრაიბერს; უნგრელი როლანდ გოზი, ფრანგი პაულ ლივოლი, მეოთხედფინალში რუსი დმიტრი ხარიტონოვი, ნახევარფინალში ბრაზილიელი გილერმე შმიდტი შესანიშნავი გდებით, ფინალში კი კიდევ ერთი მადიარი, რობერტ რაიკაი ბეჭებზე დააგდო. თან, ამ ექვსი პაექრობიდან მან მხოლოდ ერთში გაუშვა გდება - ხარიტონოვთან. სამაგიეროდ, ფრანგსა და ბრაზილიელს იპონამდე კიდევ გაუკეთა თითო ილეთი.

73 კილოგრამიდან წლეულს "ამომხტარმა" ბექაურმა კიდევ ერთხელ გაგვაოცა დამაჯერებელი ჭიდაობით და ექვსივე შეხვედრა წმინდად, გდებებით მოიგო. მისი უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ ერთი გაფრთხილებაც არ მიუღია და ქულა ამანაც მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

სამაგიეროდ, წააგო მისმა მოგვარემ და ამ წონის შარშანდელმა ლიდერმა მიხეილ ბექაურმა.

ლაშამ გერმანულ ტატამს მიყოლებით გააკრა გერმანელი მარკ ჰერტელი, ჰოლანდიელი მარტინ ვან დე ვენი, მერვედფინალში ყაზახი იერასულ ბოლატი (ქულაც ამასთან დაკარგა), მეოთხედფინალში - ბრაზილიელი მათეუს ასისი, ნახევარფინალში - მიხეილ ბექაურის მომგები და მომავალი ბრინჯაოსმედალოსანი, აზერბაიჯანელი ელად ალახვერდიევი, ფინალში კი სერბი დარკო ბრასნიოვიჩი დაამარცხა.

პირველი დღის მიღწევებიდან, მედლების გარდა, აღსანიშნავია 73 კილოგრამში გამართული ქართული ნახევარფინალიც, რომელშიც მამიაშვილმა ვაზარ-იპონით მოუგო ჩიხელიძეს.

altზაგრების გრან პრი: ჭრიკიშვილისა და თუშიშვილის ოქროს დასასრული [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული