ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: 5 მედალი, ოქროს გარეშე

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ცოფურიშვილი
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ჭაბუკებმა ათენში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში გუშინწინდელ მონაგარ ორ ბრინჯაოს ამავე ხარისხის კიდევ სამი მედალი დაუმატეს. მსოფლიოს პრიზიორები ამჯერად ბათუმელი თემურ ხოზრევანიძე (46), გარდაბნელი დავით სოლოღაშვილი (69) და მისი რაიონელი გიორგი ცოფურაშვილი (76) გახდნენ. ბრინჯაომდე ერთი მოგება დააკლდა ოზურგეთელ ლუკა ზაქარიაძეს (85).

ამდენად, ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლა 5 მედლით დაამთავრა და ხუთივე ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს მესამეპრიზიორები რუსთაველი ბექა გურული (54) და ხულოელი ოთარ აბულაძე (63) გახდნენ.

გუნდურ ჩათვლაში ხვიჩა ქორიძის გაწვრთნილი
ნაკრები 48 ქულით მეოთხეზე გავიდა რუსეთის, ირანისა და უკრაინის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ წლეულს ამ გუნდმა დიდი უპირატესობით მოიგო ევროპის პირველობა.

ამ ოთხეულიდან, ხოზრევანიძის გარდა, ყველა პირდაპირ დამამშვიდებლის ფინალში იყო, მხოლოდ მას უწევდა სანუგეშო წრის გავლა. მან პირველ ეტაპზე ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა უზბეკ საიდისლომ ტეშაბოევთან - 18:9, ბრინჯაო კი ყაზახ ნურზატ კაბდირახიმოვთან პაექრობაში დაისაკუთრა - 8:3. ჩვენებური დგომიდან ძალიან კარგად აკეთებდა ილეთებს - წელში შესვლითაც გადააგდო და ჯვარედინი მოვლებებიდან თუ სხვადასხვა კომბინაციიდანაც აგდებდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ დაატრიალა. სამაგიეროდ, თავს კარგად იცავდა და მთელი შეხვედრა უპირატესობას ფლობდა.

დამამშვიდებლის ფინალში სოლოღაშვილის მეტოქეც ყაზახი აღმოჩნდა - გალიმბეკ ნურგალი. ეს ყაზახურ-ქართული დაპირისპირებაც ქართველის გამარჯვებით დასრულდა: ჩვენებურმა წმინდად მოიგო - 11:1. მან რამდენიმე ეფექტური გდება გააკეთა დგომიდან, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავი მეორე პერიოდის დასაწყისში გაკეთებული იყო, როცა 4-ქულიანზე გადააგდო. თუმცა დასაწყისშიც კარგად დაუხურა მეტოქეს გდება და ორქულიანი იქით გაუკეთა.

ცოფურაშვილმა ბრინჯაოსთვის გამართული პაექრობა იაპონელ ნაო კუსაკას 4:4-ზე, დამატებითი მაჩვენებლებით მოუგო, ზაქარიაძე კი უნგრელ ალექს ჟოკესთან 4:7 დამარცხდა.

ათენში მსოფლიოს ჩემპიონატში გოგონებიც ჩაებნენ, სადაც ორი მონაწილე გვყავს: ევროპის მესამეპრიზიორი მარიამ კარელიძე (40) და თამარ ხოჯაშვილი (52). ისინი ხვალ იჭიდავებენ და კარელიძის პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი აიშან იუსუფოვა იქნება, ხოჯაშვილი კი თავდაპირველად რუს ანასტასია სიდელნიკოვას გაეჯიბრება.

კვარცხლბეკი
42 კგ.
1. გურბან გურბანოვი (აზერბაიჯანი); 2. ჰენადი ზავერტაილო (უკრაინა); 3. იერასილ მამირბეკოვი (ყაზახეთი), დანიელ პრამატაროვი (იტალია); 11. დიმიტრი ხაჩიძე (საქართველო).

46 კგ.
1. ვლადისლავ კუჟკო (უკრაინა); 2. ნიჰატ მამადლი (აზერბაიჯანი); 3. თემურ ხოზრევანიძე (საქართველო), ანვარ ალაკიაროვი (რუსეთი).

69 კგ.
1. ვლადისლავ კრავჩენკო (უკრაინა); 2. აშუ აშუ (ინდოეთი); 3. დავით სოლოღაშვილი (საქართველო), დურან ტოსუნი (თურქეთი).

76 კგ.
1. მერან საიედ ჯაფარ საადატიფარდი (ირანი); 2. იშტვან ტაკაში (უნგრეთი); 3. გიორგი ცოფურაშვილი (საქართველო), აკილბეკ ტალანტბეკოვი (ყირგიზეთი).

85 კგ.
1. მუჰამედ ფურკან დურსუნი (თურქეთი); 2. მუჰამად ევლოევი (რუსეთი); 3. ალექს ჟოკე (უნგრეთი), მოჰამად გორბანალი ნოსრატი (ირანი); 5. ლუკა ზაქარიაძე (საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული