ჰარუ ბაშო. ტოჩინოშინი: ფინანსები, დაწინაურება და ოძეკებოს კომიტეტის მოლოდინი

AutoSharing Option
ჰარუ ბაშოს ტურნირი ოსაკაში დასრულდა და ახლა მთელი სპორტული იაპონია სუმოს შედეგებზე საუბრობს.

იაპონელთათვის ძალიან საყვარელ ფიგურად იქცა ქართველი ტოჩინოშინი. ამაზე ისიც მეტყველებს, თუ როგორ ხვდებოდნენ და როგორი ოვაციებით აცილებდნენ ყოველდღიურად დოჰიოდან ლევანს.

ქართველმა სეკიტორმა 10 ბრძოლა მოიგო და 5 ბრძოლაში დამარცხდა. ეს, პირველ რიგში, ტრავმით იყო განპირობებული, თორემ ლევანს ეტყობოდა, რომ მეტიც შეეძლო. თუმცა ეს კაჩიკოშია და სუმოს სამყაროში დადებით შედეგად ითვლება.

ამ ამბავს ისიც დაერთო, რომ მიტაკეუმმა დადებითი ბალანსი ვერ მოიპოვა და ტოჩინოშინი მის პოზიციაზე დაწინაურდება, ანუ ნახევარი
საფეხურით აიწევს წინ დასავლეთის სეკივაკედან და აღმოსავლეთის სეკივაკე გახდება.

იმპერატორის თასი მომავალ ბაშომდე მონღოლ იოკუძუნა კაკარიუს ეკუთვნის, რომელმაც 13 მოგება და 2 მარცხი მიითვალა, ერთ-ერთი კი ლევან გორგაძესთან. აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალ ბაშოზე კაკარიუ ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს.


ტოჩინოშინი ამ ბაშოზე იმითაც იყო გამორჩეული, რომ ძალიან მრავალფეროვანი ილეთების კოლექცია წარმოადგინა. ზოგიერთი ქართველი "კრიტიკოსი" კი ამბობდა, ერთსა და იმავე ტაქტიკას იყენებს, შესაბამისად, მალე ყველა მიუხვდებაო. არადა, ქართველ სეკიტორს ისეთი მოგებები ჰქონდა, საუკეთესო ორთაბრძოლისთვის განკუთვნილი პრიზი შუკუნ-შო დაიმსახურა. ეს პრიზი უკვე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ლევანმა, ამჯერად კაკარიუსთან გამარჯვებისთვის.

მთავარი ბრძოლა ქართველ ფალავანს ტრავმასთან აქვს. თუ ის შეძლებს, რომ მაისის ბაშოს უკეთეს ფორმაში შეხვდეს, სრულიად რეალური ხდება ოძეკობისთვის ბრძოლა. ამისთვის კი ნაცუ ბაშოზე შეიძლება იგივე შედეგის გამეორებაც კი ეყოს.  ეს იქნება ის მინიმუმი, რითიც შეიძლება ოძეკობა მოიპოვოს, თუმცა ამ ყველაფერს სუმოს "მამები" წყვეტენ და შეიძლება ეს საკმარისი არ გამოდგეს.

რეალურად ამისთვის თუ რა დასჭირდება ტოჩინოშინს ოძეკობისთვის, ოთხშაბათს გახდება ცნობილი. 29 მარტს იოკუძუნა-ოძეკობის კომიტეტი შეიკრიბება და შემდეგი ბაშოსთვის ქართველს ნაცუ ბაშოზე, სავარაუდოდ, 10-11 მოსაგებ მატჩს დაუწესებენ.

რა ფინანსური სარგებელი ნახა ტოჩინოშინმა ამ ბაშოზე?
  • შუკონ-შოს პრიზის მიღებისთვის 2 მილიონი იენი მიიღო (18 936 დოლარი).
  • ასევე, მთელი ტურნირის განმავლობაში 98 კენშო მოაგროვა. ჯამში დაახლოებით 50 960 დოლარი.
  • თუმცა ამაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ტიტულს. თუ ტოჩინოშინი ოძეკი გახდება, მისი ხელფასი დაახლოებით 25 000 დოლარი გახდება. ამჟამად ლევან გორგაძის ხელფასი 18 000 დოლარამდე მერყეობს.
  • აღსანიშნავია ისიც, რომ მოპოვებული პრიზებისა და ხელფასის ნახევარი სხვადასხვა მოსაკრებელს ხმარდება.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, მას მაკუუჩი დივიზიონში მოხვედრის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. თეიმურაზ ჯუღელმა ჰარუ ბაშო შესანიშნავად დაიწყო, თუმცა შემდეგ ბევრი მარცხიც დაუგროვდა. მის ანგარიშზე რვა მოგება და შვიდი მარცხი არის, არადა, ბოლო ბრძოლაში ლიგის მეთორმეტე ნომერი ტაკანოივა რომ დაემარცხებინა, შეიძლება დაწინაურებულიყო კიდეც. ამ შემთხვევაში კი ის აუცილებლად აიწევს ჯურიო ლიგის რეიტინგში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა არის 18000 დოლარი ასეთი პოპულარული სპორტისთვის და კიდე დაქვითვები? ეს წუწურაქები ესენი.. სადაა იაპონიის პროფკავშირები და შრომის სამინისტრო? დავწეროთ პეტიცია რომ მოუმატონ ხელფასი :)
ქუთაისელი
15:04 27-03-2018
0
ტრამვას მოიშუშებს აპრილში ჩვენი ლომი და მაისის ბაშოს შეხვდება კიდე უფრო მაგარ ფორმაში. კარგია კაკურიუ თუ არ იქნება (მასაც კარგად ყოფნას ვუსურვებ) რაც შეეხება ოძეკებს: ტაკაიასუს და გოიედოს, რევანში გვაქ ასაღები და ეს გასაღები ლევანს აქვს :)) წარმატებები ტოჩი
....
11:23 27-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული