ნაცუ ბაშოს შეჯამება: ქართველების შესრულებული ამოცანები, სამომავლო მიზნები და ტრამპი

AutoSharing Option
ქართველი სუმოისტებისთვის ნაცუ ბაშო წარმატებული გამოდგა. შეიძლებოდა უფრო მეტის მიღწევაც, თუნდაც ჩემპიონობაც, მაგრამ რაც მოხდა, იმას ვერ შევცვლით. მთავარია, ლევან გორგაძემ, ანუ ტოჩინოშინმა მოახერხა და დაიბრუნა ოძეკის ტიტული.

ბაშოს წინ ეს მთავარი მიზანი იყო. ლევანს 10 გამარჯვება სჭირდებოდა და მოახერხა კიდეც. 1969 წლის შემდეგ, როცა ეს წესი შემოიღეს (იგულისხმება ოძეკის ტიტულის დაბრუნება მისი დაკარგვიდან შემდეგ ბაშოზე 10 გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში), ტოჩინოშინი გახდა მე-6 სუმოისტი, რომელმაც ოძეკის პრესტიჟული სტატუსი დაიბრუნა.

რაც შეეხება გაგამარუს, რომელიც ჯიუროს დივიზიონის მე-7 ნომერი იყო, მანაც მოახერხა
პოზიტიური შედეგის დაფიქსირება და 6 მარცხის წილ 9 მოგება დააგროვა, რაც გაგას შემდეგ ბანძუკეში უკეთეს ადგილს მიანიჭებს. დიდი ალბათობით, გაგა ჯიუროს მე-3 ან მე-4 ნომერი იქნება. როგორც წესი, რა სხვაობითაც დაასრულებს ბაშოს რიკიში, იმ ოდენობის ადგილით დაწინაურდება ან დაქვეითდება, გაგას კი +3 ჰქონდა.

ქართველი სუმოისტების გამოსვლას მოკლედ მიმოვიხილავთ და ტოჩინოშინით დავიწყებთ.

ტოჩი საწყის 7 ტურში დაუმარცხებელი იყო და დამაჯერებლად იგებდა. ყველაზე რთული ბრძოლები საწყის 7 დღეში მე-3 და მე-4 გამოდგა. ოკინოუმისა და ტამავაშისთან ჯახი საკმაოდ სანერვიულო გამოდგა, თუმცა ჯან-ღონის ხარჯზე მაინც მოახერხა წამგებიანი მდგომარეობიდან გამარჯვების მოპოვება.

მე-8 დღეს, როცა ტოჩი მე-2 მაეგაშირა ენდოს ხვდებოდა, უფრო რეალური ჩანდა გამარჯვება, რადგან ენდო არ ჩანდა ის რიკიში, რომელსაც ლევანის დამარცხება შეეძლო. თუმცა იაპონელმა ქართველს მოხერხებულობით აჯობა, უხერხულად შეუძვრა მავაშიში და ტოჩისაც ფეხი დაუცდა.

მე-9 დღეს ტოჩინოშინს გამარჯვება უბრძოლველად ხვდა წილად, რადგან ახლად გაოძეკებული ტაკაკეიშო ბაშოდან მეორედ და საბოლოოდ მოეხსნა. ყველაზე მტკივნეული მარცხი ლევანმა მე-4 მაეგაშირა აბისთან იწვნია. იაპონელმა რიკიშიმ ქართველი გოლიათი მაყურებლებში მოისროლა.

ამ ბრძოლის შემდეგ ტოჩიმ დაზიანება მიიღო და ბოლო შეხვედრებში ტაჩიაიში (საწყისი შეჯახება) ისეთი ძლიერი ვეღარ იყო, როგორც ბაშოს დასაწყისში. ეს გახლდათ მაისეისთან წაგების მიზეზი.

Sportall.Ge

ხოლო მე-13 დღეს, როცა ტოჩინოშინი ჩემპიონობის შანსებს ისევ ინარჩუნებდა, იაპონელ ასანოიამასთან გამარჯვება მოჰპარეს. სრულიად გაუგებარი მოტივით (თითქოს ქუსლი დოჰიოს გარეთ გადადგა) ლევანს წაგება ჩაუთვალეს, ხოლო  იაპონელ მე-8 მაეგაშირას ჩემპიონობისკენ გაუკვალეს გზა.

თუმცა, ლევანმა ბაშოს წინ არსებული მიზნის მიღწევა მაინც მოახერხა და იოკოძუნა კაკურიუ დოჰიოზე გააგორა. ბოლო დღეს სრულიად უმოტივაციო ოძეკ ტაკაიასუსთან დამარცხდა.

საერთო ჯამში, ქართველს წარმატებული ბაშო ჰქონდა. რომ არა ბევრი დამატებითი მოვლენა, შესაძლოა ტოჩინოშინს ჩემპიონობაც ეზეიმა.

საქმე იმაშია, რომ ახლა იაპონიაში ახალი ერა დაიწყო, სახელად რეივა. ამისი მიზეზი ტახტზე ახალი იმპერატორის ასვლაა. იმპერატორი 59 წლის ნარუჰიტო გახდა, რომელიც იაპონიის ისტორიაში 125-ე მონარქია. ამას დაემატა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი ამომავალი მზის ქვეყანაში.

ცნობილი იყო, რომ ტრამპი სუმოს სუპერტურნირის ბოლო დღეს დაესწრებოდა და გამარჯვებულს პრეზიდენტის თასს გადასცემდა. ამ თანმხლები მოვლენების გათვალისწინებით, გულშემატკივრებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ნაცუ ბაშოს გამარჯვებული იაპონელი "უნდა ყოფილიყო". სუმოს გულშემატკივრთა აზრით, სწორედ ეს გახლდათ იმისი მიზეზი, რომ ტოჩინოშინს ასანოიამასთან გამარჯვება წაართვეს. თავად ასანოიამა დამნაშავე ნამდვილად არ ყოფილა.

Sportall.Ge

გარდა ოძეკის ტიტულის დაბრუნებისა, ტოჩიმ ჯამში 104 კენშო მიიღო. თითოეულში, დაახლოებით 400 დოლარის ეკვივალენტია იენებში. აქედან ნახევარი ლევანს რჩება, ნახევარს კი მისი კლუბი იღებს.

* * *
რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელის გამოსვლას, მის ასპარეზობას დამატებითი პერიპეტიები არ ახლდა თან. გაგა ჩვეულ სტილში იბრძოდა. მისი დამარცხება 6-მა რიკიშიმ შეძლო და აქედან ნახევარმა მიმართა ჰენკას (საწყისი შეჯახებიდან თავის არიდება).

გაგამ, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და საერთოდ აპირებდა სუმოსთვის თავის დანებებას, დადებითი ბალანსი დააფიქსირა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გაგამარუ ძალიან ძლიერი მებრძოლია, ის კლასიკურ სუმოს ჭიდაობს და მთელი ძალით მიდის წინ. მომავალ ბაშოზე, თუ მას ფიზიკური პრობელემები არ ექნება, შეუძლია მაკუუჩის ელიტურ დივიზიონში დაბრუნებისთვის იბრძოლოს.

Sportall.Ge

საერთო ჯამში, ნაცუ ბაშოზე ქართველების მიერ გამართული 30 ბრძოლიდან 19 მოვიგეთ. სავსებით შესაძლებელი გახლდათ, მოგებათა ოდენობა მეტი ყოფილიყო, თუმცა არც ეს არის ცუდი შედეგი.

შემდეგი ბაშო ივლისში იქნება. ნაგოია ბაშო 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით გაიმართება. გაგას მიზანი უფრო მარტივია, ის მაკუუჩის დივიზიონში დაბრუნებისთვის იბრძოლებს.

ხოლო რაც შეეხება ტოჩის, თუ მას ტრავმა არ ექნა და ამ ბაშოზე მიღებული დაზიანებებიც მოირჩინა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია. შემდეგ ბაშოზე იოკოძუნა ჰაკუჰოც დაბრუნდება, ალბათ ოძეკი ტაკაკეიშოც მოირჩენს ტრავმას. მაგრამ ჯანმრთელ ტოჩინოშინს რომ ყველას დამარცხება შეუძლია, ეს თუნდაც 1 წლის წინ გამოჩნდა ჰაკუჰოს ძლევით.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ შეიძლება მითხარით გაგამმარუმ რა უნდა ქნას შემდეგ ბაშოზე,რომ დაბრუნდეს უმაღლეს დივიზიონში?
Qomagia
23:39 27-05-2019
0
სად წაიკითხე მეგობარო რომ მე5 მაეგაშირა უწერიათ
სოსო
22:59 27-05-2019
0

სიახლეები პოპულარული