მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: მაჭარაშვილს ტრიპლეტი არ გამოუვიდა

AutoSharing Option
ფინურ ტამპერეში 1-ელ აგვისტოს დაწყებულ ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ერთი მედლით ჩაება: მცხეთელი გივი მაჭარაშვილი (96) ფინალში გავიდა, სადაც რუს შამილ მუსაევთან 2:7 წააგო და ვერცხლს დასჯერდა. არადა, ჩვენებურს შეეძლო, სეზონი ტრიპლეტით დაესრულებინა: ევროპის ჩემპიონატი მოიგო 20 და 23-წლიანებში.

მაჭარაშვილმა ერთი თვის წინათ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიც ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა და ახლა ეს გაცილებით უფრო ძლიერი ტურნირიც აღმავლობით დაიწყო: დასაწყისში სამი პაექრობა ჩაატარა და ყველა წმინდად, ერთნაირი ანგარიშით - 10:0 მოიგო: იაპონელ ტაკაში იშიგუროსთან, უკრაინელ ალექსანდრ
ჰიმიშლისთან და გერმანელ ილია მატუჰინთან. ამ სამ პაექრობას ერთი შეხვედრისთვის საჭირო დრო მოანდომა, უკრაინელი კი პირდაპირ გაანადგურა - 26 წამში აუღო ამდენი ქულა.

ჩვენებურმა პირველი ქულები ნახევარფინალში დაკარგა ამერიკელ კოლინ რაიმონდ მოორესთან, თუმცა მასაც 16:4 მოუგო. ამის მიუხედავად, უკვე აქ შეეტყო დაღლა თუ ინერტულობა - თითქოს აკლდა შემართება, მონდომება, ჟინი...

სამწუხაროდ, ეს ნაკლოვანებები ფინალში კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა. მუსაევი მთელი შეხვედრა ცდილობდა, ფეხში არ შეეშვა ქართველი, თვითონ კი თავიდანვე უტევდა, ოღონდ ტაქტიკურად კი მოქმედებდა და პირველივე პერიოდში ორჯერ დაიჭირა ჩვენებური მოძრაობაზე, რითაც დაბლაც ჩაიყვანა. მანამდე ერთი ქულაც მოიპოვა და 5:0 დაწინაურდა. კიდევ კარგი, მაჭარაშვილი ჩოქბჯენში კარგად იცავდა თავს და მეტოქემ ვერ დაატრიალა.

სამაგიეროდ, ჩვენმა ფალავანმა ვერც საჭიდაო სტილი შეცვალა და ერთფეროვნად ცდილობდა ფეხში შესვლას. მეორე პერიოდში მუსაევი ანგარიშის შენარჩუნებაზე ჭიდაობდა, მაგრამ როცა დასჭირდა, მოუმატა კიდეც: პასიურობისთვის 30-წამიანი საჯარიმო ჩაურთეს თუ არა, მაშინვე შევიდა ფეხში და გადაიყვანა - 7:0. მაჭარაშვილმა ორი ქულა დამთავრებამდე 10 წამით ადრე აიღო...

გუშინ ტამპერეში კიდევ ორმა ჩვენებურმა იჭიდავა, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ. ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ფინალისტი ნიკოლოზ კენჭაძე (74) თავიდან ყაზახ ჟაკსილიკ სულთანს 14:11, ხოლო სომეხ ჰრაირ ალიხანიანს 6:1 კი გაუმკლავდა, მაგრამ მერე თურქთა ევროპის პრიზიორ მუჰამედ ლუფტი ქუჩუკილდირიმთან 4:5 წააგო და გავარდა.

ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ედემი ბოლქვაძე (60) საკვალიფიკაციო ეტაპზე 9:11 დამარცხდა ამერიკელ მიჩელ სტივენ კეესთან. მერე დამამშვიდებელში კი გადავიდა, მაგრამ იქაც პირველივე პაექრობა დათმო იაპონელ ჰირომუ საკაკისთან.

დღეს, 2 აგვისტოს, ტამპერეში ჩვენგან რობერტ დინგაშვილი (55), ივერიკო ჯულაყიძე (66), ზაურ ბერაძე (84) და ზურაბ ურთაშვილი (120) იჭიდავებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ა ვ ა რ ჯ ი შ ე თ,ა ვ ა რ ჯ ი შ ე თ ეს ნიჭიერი ბიჭები...3 წუთის მერე ვ ე ღ ა რ სუნთქავენ,

ასე ვ ე რ ა ფ ე რ ს მოიგებ!
კარგად დავაკვირდი და თითქმის მხოლოდ ქართველებს უჭირთ სუნთქვა და აშკარა დალილობა ეტყობათ 2-3 წუთის შემდეგ.
ჯერ ტატამამდე უნდა ავარჯიშოთ სერიოზულად და მერე...
glaxuna
12:26 02-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული