არ გაიღვიძო, გენო, არა! - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან

AutoSharing Option
პარიზში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა მძიმე წონის ფალავანმა გენო პეტრიაშვილმა ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
გენოს ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს მედლები კი ჰქონდა მოპოვებული, თანაც არაერთი, მაგრამ დიდებში გადმოსვლის მერე უმეტესწილად, ბრინჯაოს მედლებით კმაყოფილდებოდა.

- თ/ჭ. მსოფლიოს ჩემპიონატი: ისტორიული დუბლი [VIDEO]

მას შინ ვესტუმრეთ და პარიზის არენზე მიმდინარე ბატალიების მისეულ შეფასებას ქვემოთ წაკითხავთ.

- პარიზში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებული უმთავრეს მიზანზე რომ ფიქრობდი, ალბათ, სულ ტაჰა აკგული გედგა თვალწინ...
- რა თქმა უნდა, ჩემპიონობაზე ფიქრში ამ უაღრესად ტიტულოვანი
თურქი ფალავანის დამარცხება მიმაჩნდა ჩემს უმთავრეს მიზნად. ტაჰა ძალიან მაგარი მოჭიდავეა. შემთხვევით ამდენ ტიტულს როგორ მოაგროვებდა? პარიზში წასვლის წინ ვგრძნობდი, რომ კარგ ფორმაში ვიყავი. ყველა შეკრება და მოსამზადებელი ეტაპი მომიხდა. ამასთან, ვიგრძენი, რომ უფრო დავხვეწე ჭიდაობა.

- ალბათ, ბევრი გაძლევდა აკგულის დასამარცხებელ რეცეპტს, მაგრამ მწვრთნელები რას გეუბნებოდნენ?
- ტაჰა რომ შეტევაზე გადმოდის, ძალიან ძნელი შესაჩერებელია. ამაზე შეჯიბრების წინა დღეს მე და ლადო ხინჩეგაშვილმაც დეტალურად ვისაუბრეთ. ჩემი მეგობარი მეტად ჭკვიანი სპორტსმენია და მისი მოსაზრება ყოველთვის საინტერესოა.

რჩევები მომცეს პირადმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა და ნაკრების თავკაცმა გიორგი იანტბელიძემაც. ბატონი ნუგზარი მეუბნებოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალურის გაღებით შევძლებდი თურქის ძლევას. იცოდე, ტაჰასთან შეხვედრა რომ მორჩება, ხალიჩიდან გამოსვლის თავიც აღარ უნდა გქონდესო - მეუბნებოდა იგი.

- მართლაც ქანცგამწყვეტი იყო თქვენი დაპირისპირება. თავიდან, 0:4 რომ ჩამორჩი გულშემატკივრებს, შეგვეშინდა, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატივით არ გაგრძელებულიყო შეხვედრა.
- მაშინ მართლაც მაჯობა. ახლა კი, როგორც აღვნიშნე, ისეთ ფორმაში ვიყავი, რომ საკუთარი თავის მჯეროდა. ტაჰას მძიმე წონის მოჭიდავისთვის მეტად საჭირო თვისებები აქვს. ფიზიკურად ძლიერია, სწრაფი, მოქნილი და შეტევისას ორივე ფეხში, თუ კისერზე ძალიან მაგრად მოდის. პირველი ქულები ცუდად დავკარგე. ჯერ მისი შეკავებისთვის დამჭირდა მცდელობები, მერე თავადაც შევუტიე და ანგარიშში ჩამოვიტოვე კიდეც.

- 8:4 რომ დაწინაურდი და თურქმა მაინც ამოგიქაჩა... მგონი, დაახლოებით ისეთი რამ დაგემართა, რაც რიოს ოლიმპიადაზე წაგებულ შეხვედრაში. თითქოს, გაითიშე და ტაჰამაც გაათანაბრა...
- იმ პერიოდში, თითქოს, გავითიშე. ის ბოლო ორქულიანი კი მთელი ძალის, ენერგიის და გონების მაქსიმალური დაძაბვით ავიღე. შეხვედრა რომ დასრულდა, დროშა მომიტანეს და ვიზეიმე, მაგრამ გგონიათ მახსოვს? ვიდეოკადრებს მერე ვუყურე და აღვიდგინე. უჰ, ნაღდად მაგარი ბრძოლა იყო!

- სხვა მეტოქეებზეც ვთქვათ ცოტა. პირველად ხიზრიევი (რუსეთი), შემდეგ ჯარვისი (კანადა) დაამარცხე...
- კანადელთან უკვე მესამედ მოვიგე, ის ნამდვილად არაა რთული მეტოქე, ბოლო სამ წელიწადში სამჯერ შევხვდი და სამჯერვე დავამარცხე. ხიზრიევს ჯარვისს ვერ შევადარებ. მასთან ერთი-ორჯერ დატრიალება რომ ვცადე, გამიცდა, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა და აშკარა უპირატესობით ვაჯობე, სრული დრო არ დამჭირდა. ისე, ხიზრიევისთვისაც მოგებული მაქვს შარშან.

- ორი პერიოდი სრულად არც სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძესთან დაგჭირდა...
- თუმცა ლევანი დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია მძიმე წონაში. აგერ წლეულს ევროპის ჩემპიონატზეც და ახლა მსოფლიოზეც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მე რომ მკითხოთ, უშუალო კონკურენტებში ტაჰას მერე ბერიანიძე ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად მიმაჩნია. მან კარგად იცის ჭიდაობა და თან მებრძოლი ხასიათი აქვს. გარდა ამისა, თავისი მასიური, მსხვილი მკლავების გამო უხერხულად საჭიდაოა. პარიზის არენაზე პაექრობისას ლევანთან შეტევაზე გავაკეთე აქცენტი, არ დავლოდებივარ მის იერიშებს და ასე მოვიგე.

კარგია, რომ ბერიანიძემ მედალი მაინც მიიღო, მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ.

- გენო, ეს მსოფლიოს ჩემპიონატი შენთვის რისი დასაწყისია ?
- ახალი გეგმების და მიზნების. მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე უკან დარჩა. მოვა სხვა შეჯიბრებები, რომლებშიც ვალდებული ვარ გავიმარჯვო და შევინარჩუნო პირველობა. რადგან ერთხელ შევძელი, მაშასადამე, შემიძლია!

- გენო, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი ქართველი გულშემატკივარი იყო დარბაზში. ფინალის მიმდინარეობისას მათ ძალიან იაქტიურეს და ლამის საშინაო გარემო შეგიქმნეს პარიზში.
- გორიდან ჩემი ოჯახის წევრები, ნათესავები და თანაქალაქელებიც წამოვიდნენ. იქ ქართული დიასპორაც შემოუერთდათ და საკმაოდ ომახიანი ქომაგობა გააჩაღეს. ტრიბუნაზე საქართველოს ბევრი დროშა ფრიალებდა, რაც, რა თქმა, უნდა, სტიმულს მაძლევდა.

სხვათა შორის, დაჯილდოების შემდეგ კვარცხლბეკიდან რომ ჩამოვედი, მწვრთნელებმაც შემამჩნიეს, როგორ სასიამოვნო ეიფორიაშიც ვიყავი. სხირელმა და იანტბელიძემ ზურგზე ხელი დამარტყეს და მეუბნებოდნენ - არ გაიღვიძო, გენო, არა!

- ყველაფერთან ერთად, ეს შედეგი ისტორიულიცაა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხომ მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში თავისუფალ ჭიდაობაში აქამდე არ გვყოლია. დაუფასდათ შენს მწვრთნელებსაც...
- რასაკვირველია, სასიამოვნოა, რომ გამორჩეული აღმოჩნდა ჩემი მიღწევა. მადლობა ყველას, ვინც ჩემს გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, მადლობა ქომაგებს მთელი საქართველოდან - მათ სიყვარულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ!

რაც შეეხება მწვრთნელებს. ნუგზარი მასწავლებელი საოცარი კაცია, მაგარი მწვრთნელია - ერთს იტყვის, ან გირჩევს და ისეთს, რომ პირდაპირ მიზანს დაასვამს. ჭიდაობაში პირველი ნაბიჯებიდან მოყოლებული სულ მისი ხელმძღვანელობით გამოვდივარ და ყველა სიტყვას ვუგებ.

წელიწადიც არაა, რაც ნაკრებს მწვრთნელად გიორგი იანტბელიძე დაუნიშნეს. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ორი ოქროს მედალი მისი დიდი წარმატებაცაა. ახალგაზრდა და კარგი სპეციალისტია, ნაკრების წევრებთან კარგი ურთიერთობა აქვს, რეჟიმის და დისციპლინის მოყვარულია, სავარჯიშო პროცესსაც ნაყოფიერად წარმართავს და ყველაფერი შედეგშიც აისახა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაგახაროს ღმერთმა, გენო დიდი წარმატებებს გისურვებ ერის გახარებისთვის.
უბრალო ქომაგი
15:42 09-09-2017
0
მაგარი ხარ გენო, გგულშემატკივრობ ბოლომდე
lasha19
16:31 09-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული