მსოფლიო რაგბის XV-ის მიმართულების ხელმძღვანელი და რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დირექტორი საიმონ კიბლი, საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის საორგანიზაციო ნაწილით აღფრთოვანებული დარჩა.

მან გაიხსენა 2017 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა და იმ დროისთვის საუკეთესო შეფასება მიიღო. ახლა კი ამბობს, რომ წლევანდელი ტურნირი კიდევ უფრო მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და იმედოვნებს, რომ ის გაისადაც საქართველოში ჩატარდება.

საიმონ კიბლი: „აქ ყოფნა მართლაც შესანიშნავი გამოცდილება იყო. საქართველოს რაგბის კავშირმა 16-გუნდიანი, გაფართოებული ფორმატის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგანიზებას გამორჩეულად მაღალი პროფესიონალიზმით გაართვა თავი“.

„ტურნირი სრულიად ახალი ვიზუალური იდენტობით წარვადგინეთ, რაც 16-გუნდიან ფორმატს ახალ, თანამედროვე და განახლებულ სახეს სძენდა. საქართველოს რაგბის კავშირმა ამ მიმართულებითაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სათამაშო მოედნების ხარისხი“.

„მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი 16 გუნდამდე გაფართოვდა, სწორედ ამ ჩემპიონატზე დაფიქსირდა ყველაზე მეტი ლელო მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატების ისტორიაში, თანაც, მნიშვნელოვანი სხვაობით. ამ შედეგს დიდწილად განაპირობებდა როგორც უმაღლესი ხარისხის სათამაშო მოედნები, ისე ის მასპინძლობა, რომელიც საქართველოში ჩამოსულმა ყველა გუნდმა მიიღო“.

„გუნდებისგან მიღებული შეფასებები დღემდე უაღრესად პოზიტიურია. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება სტუმართმოყვარეობაა - აქ ადამიანები ყოველთვის განსაკუთრებულად მიღებულად და დაფასებულად გრძნობენ თავს“.

„გუნდები უზრუნველყოფილი იყვნენ ხარისხიანი კვებითა და ყველა საჭირო პირობებით. ბოლო ვიზიტთან შედარებით, განსაკუთრებული პროგრესი შეინიშნებოდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა როგორც სავარჯიშო, ისე სათამაშო ბაზები“.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება განსაკუთრებით ქუთაისში შეიმჩნეოდა - ქალაქში დღეს გაცილებით მეტი მაღალი დონის სასტუმროა, ვიდრე ადრე იყო. ამავდროულად, საქართველოს რაგბის კავშირმა გუნდებს დაბალანსებული მიდგომა შესთავაზა - მაღალი ხარისხის სასტუმროები, თუმცა ზედმეტი ფუფუნების გარეშე“.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სპორტსმენების კვებას. მიზანი იყო, მოთამაშეები გაცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს და ამავე დროს, მიეღოთ მაღალი სპორტული შედეგისთვის აუცილებელი, პროფესიონალურად დაბალანსებული კვება“.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბევრ გუნდს უკვე ჰქონდა საქართველოში ყოფნის გამოცდილება. ზოგიერთი მათგანისთვის ეს თითქმის შინ დაბრუნებას ჰგავდა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელსაც სტუმრები საქართველოში გრძნობენ - ქვეყნის კულტურას, სამზარეულოს, განსხვავებულ გარემოსა და ადამიანების დამოკიდებულებას“.

„პირადად ჩემთვის საქართველოში ყოველი ჩამოსვლა სასიამოვნო გამოცდილებაა და იგივე შეფასებას ვისმენ იმ ეროვნული გუნდებისგანაც, რომლებმაც უკვე გაგვიზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები“.

„თუ შევადარებთ საქართველოში ჩატარებულ პირველ ტურნირს (2017 წელს) და დღევანდელ რეალობას, თვალსაჩინოა, რამდენად განვითარდა ქვეყანა. მაშინ ჩემპიონატში მხოლოდ 12 გუნდი მონაწილეობდა და თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობას დაახლოებით სამნახევარი-ოთხი საათი სჭირდებოდა, დღეს კი, ახალი ავტომაგისტრალის წყალობით, ეს დრო დაახლოებით ორსაათ-ნახევრამდეა შემცირებული“.

„ინფრასტრუქტურაც მნიშვნელოვნად განვითარდა. ის ობიექტები, რომლებიც პირველად ჩატარებული ჩემპიონატის დროს ჯერ კიდევ შენების პროცესში იყო, დღეს უკვე სრულად ფუნქციონირებს და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. განსაკუთრებით გაუმჯობესებულია მატჩების მასპინძლობისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა და სათამაშო მოედნების მდგომარეობა“.

„2017 წლის ჩემპიონატი საქართველოს რაგბის კავშირისთვისაც ახალი გამოცდილება იყო და ორგანიზატორებს პროცესის მიმდინარეობისას ბევრი რამის სწავლა უწევდათ. ამჯერად კი, დამატებითი ოთხი გუნდის მიუხედავად, ტურნირი უმაღლეს პროფესიულ დონეზე ჩატარდა“.

„საქართველოს რაგბის კავშირს უკვე ჰქონდა წარმატებული გამოცდილება ამ ჩემპიონატის მასპინძლობაში, თუმცა 2026 წელს ეს სტანდარტი კიდევ უფრო მაღლა აიყვანა“.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ალექსანდრე გუგავა, ნატა კურტანიძე და მთელი საორგანიზაციო გუნდი, რომლებმაც როგორც წინა ჩემპიონატის, ისე 2026 წლის ტურნირის წარმატებით ჩატარებაში, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს. მათი საქმიანობა მხოლოდ პროფესიული მოვალეობის შესრულება არ არის - ისინი გულწრფელად ზრუნავენ შედეგზე. ეს დამოკიდებულება ნათლად ჩანს იმ შრომაში, დროსა და ყურადღებაში, რომელსაც თითოეულ დეტალს უთმობენ. მათ უკვე მრავალი წელია ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ ისინი გამორჩეული პროფესიონალები, თავდადებული და ამავე დროს, ძალიან უბრალო ადამიანები არიან“.

„იგივე დამოკიდებულება ახასიათებს საქართველოს რაგბის კავშირის სხვა თანამშრომლებსაც. ისინი გულწრფელად ზრუნავენ როგორც თავად სპორტზე, ისე ღონისძიების წარმატებით ჩატარებაზე. სწორედ ასეთ პარტნიორებს ვეძებთ მსოფლიო მასშტაბით ტურნირების ორგანიზებისას“.

„ალექსანდრემ და მთლიანად გუნდმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ უმაღლესი სტანდარტის, პროფესიონალურად ორგანიზებული ჩემპიონატის ჩატარება, რომელიც სრულად შეესაბამება იმ საუკეთესო საერთაშორისო ტურნირებს, რომლებთანაც ჩემი მუშაობის გამოცდილება მაკავშირებს“.

„განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა გახსნის ცერემონია. საქართველოს რაგბის კავშირმა გაბედა განსხვავებული მიდგომის გამოყენება, რაც ამ ტურნირისთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო. განათების ეფექტებმა, ჩაბნელებულმა სტადიონმა და გუნდებზე გაკეთებულმა განსაკუთრებულმა აქცენტმა, უნიკალური ატმოსფერო შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ელჭექის გამო მატჩის დაწყება მცირე ხნით გადაიდო, ამან მოლოდინი და ემოციური ფონი კიდევ უფრო გააძლიერა“.

„ფინალის მონაწილე მოთამაშეებისთვის ეს გამოცდილება მთელი ცხოვრების განმავლობაში დასამახსოვრებელი დარჩება. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი სწორედ საქართველოში ეთამაშათ“.

„ჩემი გამოცდილებით, და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი მსხვილი ღონისძიება მინახავს, გახსნისა და ფინალის პრეზენტაცია საქართველოში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს რაგბის კავშირმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ემოციური ატმოსფეროს შექმნას, რაც სრულად აისახა როგორც სტადიონზე მყოფ გულშემატკივრებზე, ისე თავად მოთამაშეებზე“.

„ტურნირის მასპინძლობა, ყოველთვის მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს მასპინძელ ქვეყანას. საკუთარ გარემოში თამაში და გულშემატკივრების მხარდაჭერა, განსაკუთრებულ გავლენას ახდენს გუნდზე. „ავჭალაზე“ გამართული მატჩები შესანიშნავად იყო ორგანიზებული და ტრიბუნებიც აქტიური ქომაგებით იყო სავსე. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო საქართველოს მატჩი უელსის წინააღმდეგ, სადაც ატმოსფერო გამორჩეული იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ძალიან მცირე სხვაობით წააგო, როგორც ამ შეხვედრაში, ისე სამხრეთ აფრიკასთან მატჩში, გუნდმა უმაღლესი დონის თამაში აჩვენა“.

„წლების განმავლობაში თვალს ვადევნებ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების განვითარებას და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო უკვე ძალიან ახლოსაა მსოფლიოს საუკეთესო რვა გუნდთან. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე გადამწყვეტი დეტალის გაუმჯობესება, რათა მსგავსი დაძაბული შეხვედრები მომავალში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, ასეთი დონის ტურნირების მასპინძლობა, ამ პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“.

„ამჟამად სხვადასხვა ქვეყნის რაგბის კავშირთან ერთად ვმსჯელობთ, როგორი უნდა იყოს ჩემპიონატის მომავალი ფორმატი. უკუკავშირი, რომელიც მივიღეთ, ცალსახად ადასტურებს, რომ როგორც 16-გუნდიანმა ფორმატმა, ისე ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებამ, მონაწილეთა მაღალი შეფასება დაიმსახურა“.

„სწორედ ამიტომ, უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საქართველოს რაგბის კავშირთან, რათა მომავალშიც მსგავსი მოდელის გამოყენების შესაძლებლობა განვიხილოთ, რადგან მათ ნამდვილად გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარეს“.

„პირადად მე საქართველოში მომავალ წელსაც დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი. თუმცა, ჯერ კიდევ საჭიროა გარკვეული საორგანიზაციო და ფინანსური საკითხების დაზუსტება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, რადგან სწორედ ის წარმოადგენს ტურნირის წარმატებით ჩატარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს“.

„თუ ყველა ეს საკითხი წარმატებით მოგვარდება, საქართველოში დაბრუნება ნამდვილად სასურველი იქნება“.

შეგახსენებთ, 16 გუნდამდე გაზრდილ ახალგაზრდულ ჩემპიონატს, თბილისმა და ქუთაისმა 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით უმასპინძლა. შეხვედრები „აია არენაზე“ და „ავჭალაზე“ ტარდებოდა, ფინალს და მესამე ადგილისთვის მატჩს კი „მიხეილ მესხმა“ უმასპინძლა.

Rugby.ge

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
კონფერენს ლიგის წილისყრა: "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო