ევრო 2016. D ჯგუფი. თურქეთი-ხორვატია: როცა სხვაობა მეტი უნდა ყოფილიყო [VIDEO]

AutoSharing Option
* ემრე მორი გახდა თურქეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც დიდ ტურნირებზე ითამაშა - 18 წლისა და 323 დღის.
* ხორვატიის ნაკრებს არასოდეს წაუგია სასტარტო მატჩი ევროპის ჩემპიონატებზე. ოთხჯერ მათ გოლიც არ გაუშვეს.
* და პირიქით, თურქეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატების ყველა სასტარტო მატჩი დათმო.
* თუკი მოდრიჩს გოლი გააქვს, ხორვატიის ნაკრები არ აგებს - 10 მოგება, 1 ფრე.


თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი ვიხილეთ - თურქეთის ნაკრები. ფათიჰ თერიმის გუნდმა, პრაქტიკულად, ვერაფერი შესთავაზა მეტოქეს
და სადაც სამართალია, გამანადგურებელი ანგარიშით უნდა წაეგო. მეტოქე ხორვატია გახლდათ, გუნდი, რომელიც თურქეთისგან განსხვავებით, ნამდვილად დაიკვეხნის ვარსკვლავური შემადგენლობით. ხორვატებმა მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერეს აქტივში და დიდი ნაბიჯი გადადგეს მერვედფინალისკენ.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ხორვატიის ნაკრები 4-2-3-1 სქემით დაუპირისპირდა მეტოქეს. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი გახლდათ, რომელსაც სიღრმიდან მარსელო ბროზოვიჩი, რაკიტიჩი და პერიშიჩი ეხმარებოდნენ. საყრდენი ხაზი მილან ბადელმა და ლუკა მოდრიჩმა გაამაგრეს - პირველის უშუალო მოვალეობა მეტოქის იერიშების ჩაშლა გახლდათ, მეორე კი საკუთარი გუნდის შეტევებს დირიჟორობდა. თუ რა გუნდებში თამაშობენ ეს ფეხბურთელები, ცალკე სალაპარაკო თემაა - რაკიტიჩი "ბარსელონაში" ირჯება, მოდრიჩი "რეალში", ბროზოვიჩი და პერიშიჩი "ინტერში", ბადელი კი "ფიორენტინაში".

თადარიგში გახლდათ მატეო კოვაჩიჩი, რომელიც "რეალის" მოთამაშეა და ამით ყველაფერია ნათქვამი. მოკლედ, სადაც ბელგიელთა შემადგენლობაა ცაში აყვანილი, იქაც ხორვატები უნდა ვახსენოთ. თუმცა, რამდენად გამოავლენენ ეს ფეხბურთელები სრულად შესაძლებლობებს და გაიბრწყინებენ ევროპის ჩემპიონატზე, ეს ცალკე თემაა და ამას დრო გვიჩვენებს...

ანალიზი
თავშიც აღვნიშნეთ და აქაც გავიმეოროთ, რომ თურქებმა სუსტი შთაბეჭდილება დატოვეს. თერიმის შეგირდებმა შეტევაში ვერაფერი შესთავაზეს მეტოქეს და თუ პირველ ტაიმში ოზან თუფანის თავურს არ ჩავთვლით, სახიფათო მომენტი, პრაქტიკულად, არ შეუქმნიათ. მოკლედ, თურქებს კლასი აკლდათ, სხვა იარაღი კი მათ არსენალში არ აღმოჩნდა. თერიმის შეგირდებმა ვერც ბრძოლისუნარიანობა დაუპირისპირეს მეტოქეს და ვერც ორგანიზებული თამაში.

სამაგიეროდ, ხორვატებს ჰქონდათ უამრავი საგოლე მომენტი და წესით, 3-4 ბურთის სხვაობით მაინც უნდა მოეგოთ. მარტო ძელს სამჯერ გაარტყეს ბურთი - აქედან ერთხელ ბროზოვიჩმა, ერთხელ პერიშიჩმა და ერთხელაც დარიო სრნამ. კიდევ არაერთი მომენტი ჰქონდათ ბალკანელებს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ყოველთვის რაღაც აკლდებოდათ.

მაგალითად, ბროზოვიჩს, მინიმუმ, დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ იმ საღამოს გატანა, უბრალოდ, არ ეწერა. აქტიური გახლდათ მარიო მანჯუკიჩი, ბევრი იბრძოლა, თუმცა, თანაგუნდელებისგან განსხვავებით, დასარტყმელ პოზიციაზე, პრაქტიკულად, არ გასულა. მთლიანობაში, ხორვატიამ აშკარად აჯობა მეტოქეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

გოლი
0:1 - მატჩის ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე გავიდა, როდესაც საჯარიმოდან გამოტანილ ბურთს ლუკა მოდრიჩი დაუხვდა და უძლიერესი დარტყმოთ მეკარისაგან მარჯვენა დაბალი კუთხე დალაშქრა. ბურთი წინ დაუხტა თურქთა კარის დარაჯს და ამან მისი ამოცანა კიდევ უფრო გაართულა. ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე სილამაზით ამ გოლს დიმიტრი პაიეს გასროლა თუ შეედრება.

მოდრიჩი ურთულესი ამოცანის წინაშე იყო, რადგან ბურთი ზემოდან დაეშვა, მისი კარში გადაგზავნა კი უმაღლეს საშემსრულებლო ოსტატობას მოითხოვდა. რაღაცით ეს გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზინედინ ზიდანის გოლს ჰგავდა, რომელიც ლეგენდარულმა ფრანგმა ლევერკუზენის "ბაიერს" შეუგდო - მაშინაც ბურთი ციდან დაეშვა და ისე აღმოჩნდა კარის ბადეში. ბრავო მოდრიჩს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ფათიჰ თერიმი (თურქეთი): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და შეგვეძლო გაგვეხსნა კიდეც ანგარიში, რის შემდეგაც ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა. მეორე ნახევარში მეტოქემ მოიპოვა უპირატესობა და არაერთი საგოლე შანსი ჰქონდა. თურქეთის ნაკრები დიდ ტურნირებს ყოველთვის წარუმატებლად იწყებს და ამ მარცხისგანაც კარგი გაკვეთილი უნდა მივიღოთ".

ანტე ჩაჩიჩი (ხორვატია): "კარგად მოვემზადეთ თურქეთთან მატჩისთვის და დარწმუნებულნი ვიყავით საკუთარ ძალებში. მთელი 90 წუთის განმავლობაში ვფლობდით უპირატესობას და დამსახურებულად მოვიგეთ. რა არის ჩვენი მიზანი ევრო 2016-ზე? - თითოეულ შეხვედრაში გამარჯვება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

მატჩის გმირი
კარგი შთაბეჭდილება დატოვა დარიო სრნამ, რომელიც მარჯვენა ფრთას აკონტროლებდა და ძალიან ხშირად ერთვებოდა შეტევებში. შეუდარებელი იყო ვედრან ჩორლუკა, რომელსაც თავი გაუტყდა, ბევრი სისხლი დაღვარა და მიუხედავად ამისა, თამაში ბოლომდე ჩაამთავრა. საჭირო მომენტში, თანაგუნდელები ხორვატთა მეკარემ, დანიელ სუბაშიჩმა იხსნა, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მაინც ლუკა მოდრიჩი გახლდათ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოდრიჩმა ულამაზესი გოლი შეაგდო და სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი. ამასთან, კარგად წარმართავდა ხორვატთა იერიშებს და საჭიროების შემთხვევაში, დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდრიჩმა მასზე დაკისრებული ლიდერის როლი პირნათლად შეასრულა.

მსაჯი
მატჩს შვედი არბიტრების ბრიგადა ემსახურებოდა, მთავარი მსაჯი კი იონას ერიკსონი გახლდათ. ზოგადად, ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ლოიალური მსაჯობაა და არბიტრები ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდებიან. ამ კონკრეტულ შეხვედრაში, ერიკსონს თავისუფლად შეეძლო, რომ უფრო მეტჯერ ამოეღო ჯიბიდან ყვითელი ბარათი და არც წითელი იქნებოდა ლოგიკას მოკლებული. თურქებმა უხეში თამაშით დაგვამახსოვრეს თავი - ორთაბრძოლებში ხშირად იყენებდნენ იდაყვს, გაშლილ ფეხს და ზოგადად, აკრძალულ ილეთებს. მოკლედ, მსაჯს შეეძლო, რომ უფრო მკაცრი ყოფილიყო, თუმცა, რაც მთავარია, მის გადაწყვეტილებებს თამაშის სცენარზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

დასკვნა
ასეთი თამაშით თურქებს ნამდვილად გაუჭირდებათ წარმატების მიღწევა და დიდია შანსი, რომ ჯგუფური ბარიერი ვერ დაძლიონ, ხორვატებს კი დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ამ რესურსს ბოლომდე გამოყენება სჭირდება. ბალკანელებს უფრო სწრაფად მართებთ თამაში და რა თქმა უნდა, მეტი სიზუსტე დამაგვირგვინებელ ფაზაში. რაც შეეხება ამ ერთ კონკრეტულ შეხვედრას, ხორვატებმა სრულიად დამსახურებულად მოიგეს.

whoscored.com-ის ტოპ-5
ლუკა მოდრიჩი ხორ. 8,7
დარიო სრნა ხორ. 8,1
ივან პერიშიჩი ხორ. 8,1
მარიო მანჯუკიჩი ხორ. 7,6
ვედრან ჩორლუკა ხორ. 7,4

12 ივნისი. პარიზი. "პარკ დე პრენსი"
თურქეთი-ხორვატია 0:1
გოლი: 0:1 მოდრიჩი (41)
თურქეთი (4-5-1): ბაბაჯანი - გიონული, თოფალი, ბალთა, ერკინი - ჩალჰანოღლუ, თუფანი, ინანი, ოზიაკუპი (46. შენი), თურანი (65. ილმაზი) - თოსუნი (69. მორი)
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი - მოდრიჩი, ბადელი - ბროზოვოჩი, რაკიტიჩი (89. შილდენფილდი), პერიშიჩი (87. კრამარიჩი) - მანჯუკიჩი (90. პიაცა)
გაფრთხილება: თოსუნი, ბალთა, შენი - სტრინიჩი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-17 (2-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 43 842

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული