ევრო 2016. E ჯგუფი. იტალია-შვედეთი: სკუადრა - პირველი პირველით [VIDEO]

AutoSharing Option
* იტალიის ნაკრებმა ევრო 2016-ზე პირველმა გაინაღდა ჯგუფში პირველი ადგილი.
* პირველად ისტორიაში იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე მეტოქეს ერთხელაც არ დაატყმევინა კარში ზუსტად.
* ოფიციალურ მატჩებში ურთიერთშეხვედრებში ძალთა თანაფარდობა იყო. ახლა იტალიას 5 მოგება აქვს, შვედეთის 4 მოგებისა და 2 ფრის წილ.

იტალიის ნაკრებმა ჯგუფში მეორე თამაშიც მოიგო და გაინაღდა მერვედფინალური ეტაპის საგზური. მეტიც, "სკუადრა აძურამ" პირველი ადგილი დაიბევა, რადგან ქულებით მხოლოდ ბელგია თუ დაეწევა, ურთიერთშეხვედრებში კი აპენინელებს ბენილუქსელბთან უპირატესობა აქვთ. მოკლედ, ანტონიო კონტეს გუნდმა პირველი მისია წარმატებით შეასრულა, მთავარი
ბრძოლები კი გუნდს წინ ელის.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
როგორც მოსალოდნელი იყო, ანტონიო კონტემ ისევ 3-5-2 ტაქტიკა შეარჩია. ბელგიასთან მატჩისგან განსხვავებით, თადარიგში დატოვა მატეო დარმიანი, მარცხენა ფლანგი კი ალესანდრო ფლორენცის ჩააბარა. ეს არ უნდა იყოს კარგი ცხოვრებით გამოწვეული, რადგან კლუბში ფლორენცი მუდმივად მარჯვენა ფრთაზე

თამაშობს, მემარჯვენეა და მისთვის მარცხნივ თამაში ნაკლებად კომფორტულია. მოკლედ, იტალიას მარჯვენა ფრთაზე ასარჩევად აქვს საქმე, ჯერჯერობით კი ამ პოზიციაზე ანტონიო კანდრევა ირჯება. აი, მარცხნივ პრობლემებია, რაც პირველ ტურში დარმიანის არცთუ დამაჯერებელმა თამაშმა გამოაჩინა.

აღსანიშნავია, რომ შვედეთთან მატჩის დასკვნით ფაზაში, კონტემ მარცხნივ ემანუელე ჯაკერინი გამოსცადა და ვინ იცის, იქნებ მომდევნო შეხვედრაში სწორედ "ბოლონიას" ნახევარმცველი ვნახოთ ფლანგზე. შეტევაში ისევ მარტინს ედერის და გრაციანო პელეს ტანდემი ვიხილეთ - მეორე ნახევარში, პელე სიმონე ძაძამ შეცვალა და საგოლე პასი მიითვალა აქტივში. აი, ედერს კი მწვრთნელი ბოლომდე ენდო და არც შემცდარა - მარტინსმა გამარჯვების გოლი გაიტანა. არადა, იქამდე ედერი ჩრდილში იყო, ბურთი ხეირიანად არც მიუღია და ყველა ლოგიკით, კონტეს ის უნდა შეეცვალა - მით უმეტეს, როდესაც თადარიგში კარგ ფორმაში მყოფი სტეფან ელ შაარავი, ლორენცო ინსინიე და, როგორც ბელგიასთან შეხვედრაში გამოჩნდა, ჩირო იმობილე გყავს... თუმცა, კონტემ დატოვა ედერი და გაუმართლა კიდეც - ფაქტია, კონტემ ჩვენზე მეტი იცის...

შვედეთმა 4-4-2 ტრაქტიკა დაუპირისპირა მეტოქეს, შეტევის წინა ხაზზე კი იბრაჰიმოვიჩის და გუიდეტის ტანდემი ვიხილეთ. შვედების მწვრთნელმა ვერანაირი სიუპრიზი ვერ შესთავაზა მეტოქეს - მიუხედავად იმისა, რომ მოგება უფრო სკანდინავიელებს სჭირდებოდათ, მათი სტრატეგია უკიდურესად ფრთხილი და დაცვითი იყო.

გოლი
1:0 - მატჩის ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე გავიდა, მაშინ როდესაც აღარავის ეგონა თუ ანგარიში გაიხსნებოდა და, თითქოს, ყველა ლოგიკით, მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო. ჯორჯო კიელინიმ აუტიდან სიმონე ძაძა მოძებნა, რომელმაც ბრძოლაში თავით მარტინს ედერს დაუგდო ბურთი, ამ უკანასკნელმა კი სამ მცველში გაინავარდა, მეკარესთან პრაქტიკულად პირისპირ დარჩა და ზუსტი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია. გოლი მართლაც ეფექტური გამოვიდა.

მატჩის შემდეგ
ანტონიო კონტე (იტალია): "ბევრს ეგონა, რომ იტალიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩებოდა, მაგრამ ჩვენ ორი ტურის შემდეგ მერვედფინალში ადგილი დავიბევეთ. შვედებმა კარგად გადაკეტეს თავისუფალი ზონები და ამიტომ, გვიჭირდა სახიფათო მომენტების შექმნა, თუმცა ამასთან, ჩვენი კარიც საიმედოდ იყო დაცული. მეტოქეს ერთხელაც არ დაურტყამს ბუფონის კარში და ეს ყველაფერზე მეტყველებს. ბევრს მაკრიტიკებდნენ, როდესაც ედერი 23-კაციან განაცხადში მოვახვედრე, მაგრამ მე მას ვენდობი, ის კი მადლობას თამაშით მიხდის".

ერიკ ჰამრენი (შვედეთი): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს არაფერი დავუთმეთ და შეგვეძლო გაგვეხსნა კიდეც ანგარიში. მეორე ნახევარში, უკან დავიხიეთ, დასკვნით 20 წუთში კი ზედმეტად მივეჯაჭვეთ საკუთარ საჯარიმოს, რაც არ შეიძლებოდა. იტალიას გოლი ვერც ბელგიამ გაუტანა, რადგან ეს ურთულესი საქმეა, მაგრამ არც გაშვებას ვიმსახურებდით. იმედგაცრუებული ვარ".

მატჩის გმირი
მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დიდი ნაწილი ედერი ჩრდილში იყო მოქცეული, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ის უნდა დავასახელოთ. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან მისი გოლი გამარჯვების გამოდგა. თანაც, გოლიცაა და გოლიც - ედერმა მინიშედევრი შემოგვთავაზა, როდესაც ეფექტური რეიდი შესანიშნავი დარტყმით დააგვირგვინა. რომ არა ეს გოლი - საუკეთესოდ შვედების მცველს, გრანკვისტს დავასახელებდით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, ედერმა სწორედ ის გააბითურა.

ანალიზი
გასაანალიზებელი ბევრი არაფერია - იტალიამ ითამაშა ისე, როგორც სჭირდებოდა, ხოლო შვედეთმა ისე, როგორც შეეძლო. "აძურამ" მეტოქე დინჯად და აუღელვებლად დაამარცხა.

"სკუადრა აძურასთვის" ფრე მისაღები შედეგი იყო და ამიტომ, ანტონიო კონტეს გუნდმა პრიორიტეტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაას მიანიჭა. იტალიელები მცირე ძალებით გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე და ძირითადად, გრძელი პასებით ცდილობდნენ ხიფათის შექმნას. ბელგიასთან მატჩისგან განსხვავებით, იტალიელთა თამაშში დიდი იყო ტექნიკური წუნი, რაზეც კონტეს მართებს ყურადღების გამახვილება. ისიც ვთქვათ, რომ იტალიის ნაკრები მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე პირველში - დასკვნით ნაწილში შეტევებსაც უმატა და გოლიც შეაგდო.

შვედებზე ბევრი არაფერია სათქმელი - სკადინავიელებს ორი მატჩის განმავლობაში ხეირიანად კარში არ დაურტყამთ და ამ მომენტისთვის, ნამდვილად არ იმსახურებენ მერვედფინალში გასვლას. იტალიასთან შეხვედრაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩრდილში იყო მოქცეული და აბა, სხვას ვის უნდა გაებრწყინა? - თუმცა, შვედებს რჩებათ შანსი და ამისთვის, ბოლო ტურში ბელგიის დამარცხება მართებთ.

მსაჯი
მატჩს ცნობილი უნგრელი რეფერი ვიკტორ კასაი ემსახურებოდა, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. მისთვის ნამდვილი გამოცდა იყო ბოლო წუთზე იტალიელთა საჯარიმოში შექმნილი ქაოსი, როდესაც შვედები გრანკვისტის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის დაფიქსირებას და იტალიელთა კარში პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა სხვაგაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და მართალიც იყო.

დასკვნა
იტალიის ნაკრებმა ჯგუფში მეორე მატჩიც მოიგო და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. როგორი შემადგენლობაც არ უნდა ჰყავდეს "სკუადრა აძურას", რომელ კალათშიც არ უნდა იყოს წილისყრისას და რომელ ადგილზეც არ უნდა იყოს ფიფას რეიტინგში, ამ გუნდის ჩამოწერა უბრალოდ არ შეიძლება და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

whoscored.com-ის ტოპ-5
მარტინს ედერი იტა. 7,9
ჯორჯო კიელინი იტა. 7,3
მარკო პაროლო იტა. 7,3
ანდრეას გრანკვისტი შვე. 7,2
ანდრეა ბარძალი იტა. 7,1
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

17 ივნისი. ტულუზი. "მუნისიპალი"
იტალია-შვედეთი 1:0
გოლი: 1:0 ედერი (88. ძაძა)
იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კანდრევა, პაროლო, დე როსი (74. მოტა), ჯაკერინი, ფლორენცი (85. სტურარო) - ედერი, პელე (60. ძაძა)
შვედეთი (4-4-2): ისაკსონი - ლინდელიოფი, იოჰანსონი, გრანკვისტი, ოლსონი - ლარსონი, ეკდალი (79. ლევიცკი), ჩელსტრიომი, ფორსბერგი (79. დურმაზი) - იბრაჰიმოვიჩი, გუიდეტი (85. ბერგი)
გაფრთხილება: ბუფონი, დე როსი - ოლსონი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 5-3 (3-0); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 29 600

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული