ბეილი: ეს არ არის ჩემი და რონალდოს მატჩი
უელსის ნაკრების ლიდერმა გარეთ ბეილმა კომენტარი გააკეთა პორტუგალიასთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ. "ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი და რონალდოს დაპირისპირება. ჩვენ არ ვართ კონცენტრირებულნი კონკრეტულ ფეხბურთელებზე. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ გუნდზე. გვინდა, გავიდეთ მინდორზე და მოვიგოთ.მე არ ვიცი, რას გრძნობს ამჟამად რონალდო, მაგრამ მე ფანტასტიკურად ვარ. რატომ ვივარჯიშე ინდივიდუალურად? მცირე პრობლემები მქონდა, ისეთი არაფერია", - თქვა ბეილმა.
ერიქსონი და რიცოლი იმსაჯებენ
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაზე პორტუგალიისა და უელსის ნაკრებებს შორის შვედი არბიტრი კოულმენს უელსის სჯერა
პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა. "ვიცი, რომ შესანიშნავი გუნდი მყავს. უბრალოდ, მინდა, რომ ბიჭები გამოვიდნენ მინდორზე და აჩვენონ ყველაფერი ის, რისი ჩვენებაც მათ შეუძლიათ. თუ ვიფიქრებთ, რომ ძალიან შორს წავედით, ეს დამღუპველი იქნება - საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი.პორტუგალიასთან რემზი და დევისი არ ითამაშებენ. გუნდი აქ იმისათვის არის, რომ ისინი შეცვალონ. მჯერა, ეს ნაკრებს ერთ მუშტად შეკრავს და ამ ორი ლიდერის არყოფნა გუნდზე სასიკეთოდ იმოქმედებს", - თქვა კოულმენმა.
ვილმოტსს ვან გაალი შეცვლის?
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა შესაძლოა, ბელგიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. ვან გაალი, ვინც პორტუგალიაში ისვენებდა, დროს უქმად არ კარგავდა და ბელგიელთა თამაშის ანალიზით იყო დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიური ფეხბურთის მამები მარკ ვილმოტსის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და მის მემკვიდრედ ვან გაალი სურთ.ბელგია ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც უელსთან დამარცხდა. ამბობენ, რომ ვილმოტსის მუშაობით ნაკრების რამდენიმე ლიდერი უკმაყოფილოა.
პეპე ნახევარფინალს გამოტოვებს?
პორტუგალიის ნაკრების დაცვის ბურჯმა პეპემ შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა გამოტოვოს უელსთან. პეპეს ქუსლის პრობლემები აქვს და ჯერ ბოლომდე უცნობია, შეძლებს თუ არა იგი მინდორზე გასვლას ბრიტანელებთან შეხვედრაში. არადა, მის გარეშე პორტუგალიელთა დაცვას უელსელ შემტევებთან გამკლავება ძალიან გაუჭირდება.ბეილმა ინდივიდუალურად ივარჯიშა
უელსის ნაკრების თავდამსხმელმა დევიდ კოტერილმა გუნდის უკანასკნელი ვარჯიში გამოტოვა. რაც შეეხება გარეთ ბეილსა და დევიდ ედვარდსს, მათ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიასთან გასამართ ნახევარფინალში მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი მინდორზე მაინც გავა.ლიოვმა ხედირა დაადასტურა, გომესი ოფსაიდში
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა დაადასტურა, რომ სამი ხედირა საფრანგეთის წინააღმდეგ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ხედირამ ტრავმა იტალიასთან მატჩში მიიღო."იტალიასთან შეხვედრამ თავისი კვალი დატოვა. მარიო გომესისათვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია. ნახევარფინალში ვერც ხედირა ითამაშებს. რაც შეეხება შვაინშტაიგერს, ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მან მინდორზე გასვლა შეძლოს", - აღნიშნა ლიოვმა.
რობსონ-კანუ: მთელ მსოფლიოს ვუნდივარ!
უელსის ნაკრების ფორვარდმა ჰალ რობსონ-კანუმ განაცხადა, რომ მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს მსურველები. "გადავწყვიტე, "რედინგთან" აღარ გამეგრძელებინა კონტრაქტი. არადა, მთელი 12 წელი გავატარე ამ გუნდში. მინდა, ძალა უფრო მაღალ დონეზე მოვსინჯო. ევროპის ჩემპიონატამდეც იყო წინადადებები, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიოს კლუბებს სურთ ჩემი გადაბირება", - თქვა ბელგიასთან მატჩის ერთ-ერთმა გმირმა.პუიოლს სჯეროდა
ესპანური ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა ეროვნული გუნდის ევროფორუმზე ასპარეზობა შეაფასა. "ჩვენ ყველას დიდი იმედი გვქონდა, რომ გუნდი ზედიზედ მესამედ მოიგებდა ევროპის ჩემპიონატს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ, მაგრამ მერე წავაგეთ ხორვატიასთან. მერვედფინალში იტალიამ პირველ ტაიმში აშკარად გვაჯობა, მაგრამ მეორე ნახევარში გუნდმა თამაში გამოასწორა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდთან წავაგეთ", - თქვა პუიოლმა.კანმა შოლს უპასუხა
ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ, ოლივერ კანმა მეჰმედ შოლის კრიტიკას უპასუხა იოახიმ ლიოვის მისამართით. "დღეს ისე აღარ ხდება, რომ ყველა გუნდმა ყველა თამაში ერთნაირად ითამაშოს. ზოგჯერ ტაქტიკური მონახაზი იცვლება. ასე რომ, ნაკრების კრიტიკა მე სწორად არ მიმაჩნია", - თქვა კანმა.გმირებს რეიკიავიკში დახვდნენ
ათიათასობით ისლანდიელი რეიკიავიკში, როგორც გმირებს, ისე დახვდა ისლანდიის ნაკრების ფეხბურთელებს. ფანები გმირებს მოედანზე საომარი შეძახილებით შეეგებნენ, რომლებიც კარგად ისმოდა ევრო 2016-ზე ისლანდიის ნაკრების გამოსვლისასაც. შეგახსენებთ, რომ ისლანდიის ნაკრებმა ნამდვილი სასწაული მოახდინა და დებიუტანტი გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ საფრანგეთთან დამარცხდა. ინგლისელი ისლანდიის ქომაგობისთვის დაჭრეს
"ლე პარიზიენის" ცნობით, საფრანგეთი-ისლანდიის მატჩის (5:2) მერე პარიზის ქუჩაში ინგლისელი დაჭრეს. 25 წლის მამაკაცი პოლიციელია, რომელიც პარიზში ოჯახთან ერთად ისვენებს. მან, თავისდა საუბედუროდ, გადაწყვიტა ისლანდიის ნაკრებისთვის ექომაგა, რისთვისაც მუცელში დანით ორი დარტყმა მიიღო. უფასო ლუდი თითოეულ უელსელს
"ბუდვაიზერი" უელსის მცხოვრებლებს სასიამოვნო სიურპრიზს სთავაზობს: უელსი-პორტუგალიის მატჩის წინ ეს კომპანია უფასოდ დაალევინებს ლუდს უელსის ნებისმიერ მოქალაქეს, მთავარია, ის სრულწლოვანი იყოს. ასე "ბუდვაიზერი" აღნიშნავს უელსის ნაკრების სუპერწარმატებულ თამაშს ევრო 2016-ზე. რამდენი წლისაა სინამდვილეში სანჩესი?
ცნობილმა ფრანგმა სპეციალისტმა გი რუმ ეჭვი გამოთქვა, რომ პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი რენატო სანჩესი მართლა 18 წლისაა. მისი აზრით, სანჩესი, რომელიც "ბაიერნის" ახალწვეულია, სულ მცირე, 23-24 წლის უნდა იყოს და მას ასაკი აქვს გადაკეთებული. "თუმცა ის მართლაც კარგი ფეხბურთელია. რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრებს, რონალდოს გარეშე ის ჩვეულებრივი გუნდია", - განაცხადა გი რუმ. პორტუგალიელები დასაჯეს
უეფას ეთიკის კომისიამ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია 7 ათასი ევროთი დააჯარიმა. პორტუგალიელები პიროტექნიკის გამოყენებისთვის და მოედანზე ფანის შეჭრისთვის დაისაჯნენ. შეგახსენებთ, რომ პოლონეთთან მატჩში ერთ-ერთი პორტუგალიელი ფანი კრიშტიანო რონალდოსთან მიჭრას ცდილობდა, მაგრამ ის სტიუარდებმა შეაჩერეს. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"