ევრო 2016. 1/2-ფინალი. გერმანია-საფრანგეთის წინ: მანშაფტი მთელი ქვეყნის წინააღმდეგ

AutoSharing Option
* ამ მატჩის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალში, 10 ივლისს პორტუგალიის ნაკრებს ეთამაშება.
* საფრანგეთის ნაკრებს გერმანიისთვის დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე 1958 წლის მერე არ მოუგია.
* ურთიერთშეხვედრებში კი საფრანგეთი წინაა 12 მოგებით 9-ის წინააღმდეგ.
* გერმანიის ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო მატს ჰუმელსი დააკლდება.
* გერმანიის ნაკრებს ჯერ თამაშიდან გოლი არ გაუშვია ამ ჩემპიონატზე.

დღეს ევრო 2016-ის მეორე ფინალისტის ვინაობას გავიგებთ. არადა, ორი ისეთი ნაკრები ეთამაშება ერთმანეთს, რომ მათ ფინალისტობაც დაამშვენებდათ - თქვენ წინაშეა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი კლასიკა - გერმანია საფრანგეთის წინააღმდეგ.

იოახიმ ლიოვის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი "ველოდრომზე" მასპინძლად კი ითვლება, მაგრამ ნამდვილ მასპინძელთან უწევს თამაში - დიდიე დეშამის საფრანგეთთან, რომელიც დიდებულ ფორმაში შევიდა და საკუთარ კედლებში ტიტულის კვლავ მოგების დიდი იმედიც აქვს.

ურთიერთშეხვედრები
(27 თამაში: +9=6-12, 43:43)
ერთი შეხედვით, მდგომარეობა ფრანგების სასარგებლოდაა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდებმა ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის გოლები გაუტანეს, წინა 27 დაპირისპირებიდან "სამფეროვნებმა" 12 მოიგეს და 9 წააგეს. კი ბატონო, საერთო ჯამში უპირატესობა მათ მხარესაა, მაგრამ ფაქტია, რომ საფრანგეთის ნაკრებს გერმანიისთვის დიდ ტურნირებზე (ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი) 1958 წლის მერე არ მოუგია! გავიხსენოთ, რა მოხდა უკანასკნელ მუნდიალზე ბრაზილიაში - გერმანიამ საფრანგეთი მეოთხედფინალში 1:0 დაამარცხა. გავიხსენოთ 1982 და 1986 წლების მუნდიალების ნახევარფინალები, ორივეჯერ ისევ გერმანელები გავიდნენ შემდეგ ეტაპზე (ამჯერად, ფინალში).

მატჩის წინ
იოახიმ ლიოვი (გერმანია): "შეტევაში საფრანგეთის ნაკრები ძალიან ბევრს ლავირებს, რაც მეტოქე გუნდის მცველებზე დიდი ზეწოლის ტოლფასია. თან ეს ხდება არა მარტო მეტოქის საჯარიმოში, არამედ მოედნის უფრო სიღრმეში. ამაში ფორვარდებს პოგბა და მატუიდი ძლიერ ეხმარებიან. ისინი კარგად იყენებენ საგოლე შანსებს. ამიტომაც ბომბარდირთა დავაშიც სამი ფრანგია დაწინაურებული.

მოკლედ, საფრანგეთის ნაკრების შეტევა მისი უძლიერესი მხარეა, ის ძალიან აგრესიულია. ჩვენ აუცილებლად გუნდურად უნდა ვითამაშოთ, ვიყოთ კომპაქტურები დაცვაში. თუ მათ სივრცეებს მივცემთ, ფრანგები ძალიან სწრაფები და დინამიკურები არიან და აუცილებლად დაგვსჯიან ამის გამო. ასე კი ძალიან გაგვიჭირდება.

ბასტიან შვაინშტაიგერმა დილიდანვე ივარჯიშა, ის სრულ მზადყოფნაშია, 100%-ით მზად არის თამაშისთვის. შვაინშტაიგერი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ტურნირის ამ ეტაპისთვის, რადგან უზომოდ გამოცდილია. შემიძლია გადაწყვეტილად გითხრათ, იგი აუცილებლად სასტარტო 11-ეულში იქნება.

ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჰუმელსის, გომესისა და ხედირას ალტერნატივა. ამიტომ შვაინშტაიგერის გამოცდილება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვინც ამ სამეულის ნაცვლად გამოვა, მე მათ 100%-ით ვენდობი. იმედია, ამით ჩვენი თამაშის სტილი არ დაირღვევა. ეს მატჩი ძალიან მაგონებს 2014 წლის მუნდიალზე ჩვენ დაპირისპირებას. საფრანგეთი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს. ასე რომ, უფრო მეტი საგოლე შანსი იქნება, ვიდრე გერმანია-იტალიის თამაშში იყო. მაგრამ ყოველ გუნდს აქვს სისუსტეებიც, უნაკლო არავინ არის.

არ მიმაჩნია, რომ ფავორიტები ვართ, ჩვენ ნაკრებს კი არ ვეთამაშებით, არამედ მთელ ქვეყანას. ისლანდიის დამარცხების შემდეგ მეტოქე საკუთარ თავში ძალიან დაჯერებული იქნება".

დიდიე დეშამი (საფრანგეთი): "გერმანია მუდამ ბურთის ხელში ჩაგდებას და თამაშის ინიციატივის მოპოვებას ცდილობს, მაგრამ ჩვენ არც დაცვაში ჩაჯდომას ვაპირებთ და არც ბურთისთვის დევნას. ჩვენ, უბრალოდ, უნდა ვითამაშოთ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე.

გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია და პირველ ხუთ თამაშში მან საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა ამ ტურნირზე.

უნდა გავიტანოთ, არადა, მეტოქეს საუკეთესო გოლკიპერი ჰყავს, მანუელ ნოიერი. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ბევრს უტევს, ეს ნაკრები გოლს საერთოდ არ უშვებს. ეს კი გერმანიის ნაკრების კლასის აშკარა დასტურია. იტალიასთან მატჩში მათ უმალ დაიბრუნეს ბურთი და თამაშის კონტროლიც, ეს კი მხოლოდ დიდ გუნდებს შეუძლიათ.

ისტორიის შეცვლა არავის შეუძლია, მაგრამ ისტორიაში ახალი თავები იწერება. ფურცელი ჯერ სუფთაა და ხვალ ვნახოთ, რა დაიწერება. ეს ბიჭებზეა დამოკიდებული. ვეთამაშებით მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს, მაგრამ ყველაფეს გავიღებთ წარმატებისთვის".

ჩვენი აზრით
ლიოვს აღარ სჭირდება სამი ცენტრალური მცველით თამაში, რადგან ეს მხოლოდ ერთჯერადი "წამალი" იყო იტალიის ნაკრების საწინააღმდეგოდ.

თანაც, ლიოვს არ ჰყავს დისკვალიფიცირებული ჰუმელსი. ერთი ვარიანტის მიხედვით, სასტარტოში მუსტაფის დაბრუნებაა მოსალოდნელი, მაგრამ არის კიდევ უფრო საინტერესო ვარიანტი - ჰიოვედესი ცენტრში ითამაშებს, მარჯვენა მცველად კი კიმიხი დადგება და დაცვის ოთხეულიც დალაგდება. შვაინშტაიგერი შეცვლის ტრავმირებულ ხედირას. გომესის ნაცვლად კი გიოტცე გამოჩნდება, ოღონდ მიულერი ცენტრფორვარდად გადაინაცვლებს, ხოლო გიოტცე შემტევ სამეულში იქნება დრაქსლერთან და იოზილთან ერთად.

დიდიე დეშამი, ალბათ, ვერ გარისკავს 4-3-3-ით თამაშს და 4-2-3-1-ით დაკმაყოფილდება. დაცვის ცენტრში ადილ რამის შეუძლია დაბრუნება, თუმცა არც მისი შემცვლელი უმტიტი იყო ურიგო. შეიძლება კვლავ სათადარიგოთა სკამზე დარჩეს კანტე.

ჩვენი აზრით, ვინც ბურთისა და თამაშის კონტროლს შეძლებს, გადამწყვეტი უპირატესობაც მისკენ იქნება. ფრანგების მხარეს, მშობლიური კედლების გარდა, მათი შემტევების შესაშური ფორმაა, ანტუან გრიზმანი, ოლივიე ჟირუ და დიმიტრი პაიე "დაფრინავენ".

whoscored.com-ის 3-3 საუკეთესო
გერმანია
10. ტონი კროოსი გერ. 7,70
14. მესუთ იოზილი გერ. 7,56
18. თომას მიულერი გერ. 7,44

საფრანგეთი
1. დიმიტრი პაიე საფ. 8,33
7. ოლივიე ჟირუ საფ. 7,80
11. ანტუან გრიზმანი საფ. 7,66

7 ივლისი. მარსელი. "სტად ველოდრომი"
გერმანია-საფრანგეთი 23:00
დისკვალიფიკაცია: ჰუმელსი (გერმანია)
ტრავმა: გომესი, ხედირა (გერმანია)
გერმანია (სავარაუდო): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ჰიოვედესი, ჰეკტორი - კროოსი, შვაინშტაიგერი - დრაქსლერი, იოზილი, გიოტცე - მიულერი
საფრანგეთი (სავარაუდო): ლორისი - სანია, უმტიტი, კოსიელნი, ევრა - პოგბა, მატუიდი - სისოკო, გრიზმანი, პაიე - ჟირუ
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სავარაუდოდ გერმანია გაიმარჯვებს, მაინც საფრანგეთზე უკეთეს ფეხბურთს თამაშობს და თან ყველაზე სტაბილური გუნდია. უდაოა რომ ძალიან საინტერესო თამაში იქნება. ვნახოდ რა იქნება
დათო
16:50 07-07-2016
0

სიახლეები პოპულარული