ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. A ჯგუფი: ბოლო წუთების დრამა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ზუსტად ეკვატორზე ამ ჯგუფში ისეთი სიტუაციაა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდ ჰოლანდიას ჯერაც საჭოჭმანოდ აქვს საქმე.

დღევანდელი მონაცემებით, გუუს ჰიდინკის გუნდი მხოლოდ პლეი ოფში ხვდება. კიდევ უარესად იქნებოდა საქმე, 92-ე წუთზე ვესლი სნეიდერს კლაას იან ჰუნტელაარისთვის რომ არ მოერტყა (დიახ, მოერტყა) ბურთი - "ორანიე" თურქეთთან სულაც დამარცხდებოდა.

და მაინც, ჩამორჩენა დიდია - მეორეადგილოსან უელსს ჰოლანდია 5 ქულით ნაკლებით მისდევს. ჰიდინკის გუნდი ძალიან უინტერესო ფეხბურთს გვთავაზობს, ჰოლანდია ხშირად საჯარიმოში ჩაწოდებების იმედად არის დარჩენილი.

მუნდიალის მესამეადგილოსანს ნამდვილად რაღაც
სჭირს. ფათიჰ თერიმის ნაკრებს (რომელიც კიდევ უფრო უარეს დღეშია, ვიდრე ჰოლანდია) ანგარიშის გახსნა უკვე მე-15 წუთზე შეეძლო, მაგრამ ბრუნო მარტინს ინდი მეკარის ნაცვლად გადაეღობა ბურთს.

ანგარიში მაინც თურქებმა გახსნეს - ვოლკან შენმა ბურაქ ილმაზი მოძებნა, რომლის დარტყმულიც გაეხახუნა მარტინს ინდის, მაგრამ ამჯერად მცველმა ვეღარ იხსნა გოლკიპერი.

მეორე ტაიმში ჰიდინკმა საქმეში დებიუტანტი ბას დოსტიც ჩართო, თუმცა ჰოლანდია ზემოთ აღწერილმა შემთხვევითობამ იხსნა - 1:1.

ვიტყვით, რომ ვესლი სნეიდერმა 112-ედ მოირგო ნაკრების მაისურა და დაეწია ფრანკ დე ბურს, თუმცა რეკორდსმენ ედვინ ვან დერ სარამდე კიდევ ბევრი რჩება - 130 მატჩი ნაკრებში.

გუუს ჰიდინკი (ჰოლანდია): "მეტოქემ ერთი შანსი გამოიყენა და მერე კართან კედელი ააგო. კარგი ვქენით, რომ ბოლოს თამაშის გეგმა შევცვალეთ, ამან შედეგი გამოიღო, მომენტები შევქმენით და ერთი გამოვიყენეთ კიდეც. ეს ქულა რომ არ აგვეღო, მძიმე მდგომარეობაში ვვარდებოდით".

ფათიჰ თერიმი (თურქეთი): "ჰოლანდიაში თამაში ძნელია, თუმცა ჩვენ კარგად გავისარჯეთ. კომპაქტურად ვითამაშეთ, მეტოქეს საგოლე შანსები თითქმის არ შევაქმნევინეთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს".

ამ ჯგუფში ქულები დაკარგა პაველ ვრბას ჩეხეთის ნაკრებმა და ეს ძალზე მოულოდნელი გახლდათ, მარიან პაჰარსის ლატვია ბოლო წუთებამდე იგებდა კიდევაც.

პირველი ტაიმის ერთ ეპიზოდში ალექსეის ვიშნიაროვსმა მოიგდო ბურთი, სირბილში ყველა დაჩაგრა და პეტრ ჩეხსაც აჯობა დუელში. ქულა ჩეხეთს შეცვლაზე შესულმა ვაცლავ პილარმა გადაურჩინა, რომელმაც 90-ე წუთზე დამატებაზე დაასწრო ყველას - 1:1.

არადა, ეს სწორედ ის ლატვიაა, რომელმაც წინა ტურში ჰოლანდიისგან 6 უპასუხო გოლი გაუშვა და აქამდე ღია თამაშში გოლი არ ჰქონდა გატანილი.

პაველ ვრბა (ჩეხეთი): "ვნახავთ, რა მნიშვნელოვანი შეიძლება გამოდგეს ბოლოსკენ მოპოვებული ეს ქულა. მატჩის ფავორიტები ვიყავით, მაგრამ ამას თავი ვერ გავართვით".

მარიან პაჰარსი (ლატვია): "მოგებასთან ახლოს ვიყავით, თუმცა ისეთი თამაში იყო, რომ შეიძლებოდა, სულაც დავმარცხებულიყავით. ჩვენ ხომ ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ".

ვეტერანმა ეიდურ გუდიონსენმა 2009 წლის სექტემბრის მერე პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა, ხოლო მისი ისლანდია კიდევ უფრო მიუახლოვდა სანუკვარ მიზანს - ევრო 2016-ს.

მაშინ, როცა სხვა კონკურენტებმა ქულები დაკარგეს, შვედი ლარს ლაგერბაკის გუნდი ევროპაში ყველაზე შორეული მგზავრობიდან (ასტანა-რეიკიავიკი) შინ სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა. ეს 36 წლის ექსჩელსელ და ექსბარსელონელის 79-ე მატჩი იყო ეროვნულ გუნდში, მან 26-ე გოლი გაიტანა. ბირკირ ბიარნასონმა ამის შემდეგ ჯერ თავურით, შემდეგ კი რიკოშეტის დახმარებით დუბლი გაიფორმა - 0:3.

ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. A ჯგუფი
28 მარტი
ყაზახეთი-ისლანდია 0:3
გოლები: 0:1 გუდიონსენი (20), 0:2 ბიარნასონი (32), 0:3 ბიარნასონი (91)
ყაზახეთი (5-4-1): სიდელნიკოვი - გორმანი (67. კუანტაევი), ვოროტნიკოვი, აბდულინი (80. შეტკინი), ლოგვინენკო, სუიუმბაევი - ისლამჩანი, ტაგიბერგენი, სმაკოვი, ნურგალიევი (56. კონისბაევი) - ტაზიმბეტოვი
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - საევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, სკულასონი - ბიარნასონი, გუნარსონი (72. ჰალფრედსონი), გ. სიგურდსონი, გუდმუნდსონი - გუდიონსენი (83. ფინბოგასონი), სიგტორსონი (70. ბოდვარსონი)
გაფრთხილება: ნუგალიევი, კუანტაევი - სკულასონი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 6-14 (1-7); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 13 182

ჩეხეთი-ლატვია 1:1
გოლები: 0:1 ვიშნიაკოვსი (30), 1:1 პილარი (90)
ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - გაბრე სელასი, პროხაზკა, მ. კადლეცი, ლიმბერსკი - დარიდა, პლაშილი (46. პილარი) - დოჩკალი, როსიცკი, კრეიჩი (57. ნეციდი) - ლაფატა (81. ვ. კადლეცი)
ლატვია (4-2-3-1): ვანინსი - ფრეიმანისი, დუბრა, გორკსი, მაკსიმენკო - ტარასოვსი, ლაიზანსი (66. იკაუნიეკსი) - რაკელსი, ზიუზინსი (87. ზიგაევსი), ვიშნიაკოვსი (82. ფერტოვსი) - შაბალა
გაფრთხილება: ლიმბერსკი, დოჩკალი - გორკსი, ფრეიმანისი
კუთხური: 12-5; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 21-8 (8-3); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 13 722

ჰოლანდია-თურქეთი 1:1
გოლები: 0:1 ბ. ილმაზი (37), 1:1 ჰუნტელაარი (92)
ჰოლანდია (4-3-3): სილესენი - ვან დერ ვილი, დე ვრეი, მარტინს ინდი (77. ვილემსი), ბლინდი - ვეინალდუმი (46. ნარსინგი), ნ. დე იონგი (63. დოსტი), სნეიდერი - აფელაი, ჰუნტელაარი, დეპაი
თურქეთი (4-4-2): ბაბაჩანი - გონული, აზიზი (69. გიულიუმი), ბალთა, ერკინი - ტუფანი, მ. თოფალი, ინანი, ტორე - ბ. ილმაზი (79. ქაზიმ-რიჩარდსი), შენი (61. ჩალჰანოღლუ)
გაფრთხილება: ვან დერ ვილი - ტორე
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 24-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 15-8 (8-3); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 53 052

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩეხეთი 5 4 1 0 11-6 13
2. ისლანდია 5 4 0 1 12-2 12
3. ჰოლანდია 5 2 1 2 11-6 7
4. თურქეთი 5 1 2 2 6-8 5
5. ლატვია 5 0 3 2 2-11 3
6. ყაზახეთი 5 0 1 4 4-13 1

მომდევნო ტური
12 ივნისი:
ყაზახეთი-თურქეთი, ისლანდია-ჩეხეთი, ლატვია-ჰოლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული