ევრო 2016. შესარჩევი. IX ტურის წინ: ჰოლანდიის ან თურქეთის გარეშე

AutoSharing Option
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლოსწინა ტურის მატჩები დარჩენილ სამ ჯგუფში გაიმართება.

A ჯგუფი: თურქეთი თუ ჰოლანდია
ამ ჯგუფში ორივე საგზური გაცემულია - ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთისა და ისლანდიის ნაკრებები მიდიან.

საოცარია, მაგრამ ფაქტია - ჰოლანდიისა და თურქეთის წყვილიდან ერთ-ერთი (შესაძლოა, ორივეც) ვერ ითამაშებს 24-გუნდიან პირველობაზე. თურქებს 2-ქულიანი უპირატესობა აქვთ (ასევე სჯობნიან ურთიერთშეხვედრებშიც) ჰოლანდიელებთან, მაგრამ მათ სერიოზული მეტოქე ჰყავთ - ჩეხეთი. ერთი ისაა, რომ ჩეხეთის ნაკრებმა მიზანს უკვე მიაღწია.

თუკი ჰოლანდიის
ნაკრები ყაზახეთშიც დამარცხდება და თურქები ქულას მაინც წამოიღებენ პრაღიდან, ჰოლანდიის ნაკრები 1984 წლის მერე, პირველად ევროპის ჩემპიონატის გარეშე დარჩება. I წრეში ჩეხები სტამბოლში აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, 2:1 იმარჯვეს.

"ასტანა არენა" ყაზახთათვის არაფრისმომცემ მატჩს მასპინძლობს, თუმცა დანი ბლინდის გუნდისთვის ამ დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, ყაზახებს შეუძლიათ საქმე გაუფუჭონ ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ ჰოლანდიელებს.

ამსტერდამში ამ გუნდების მატჩში მასპინძლები აგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში სამი გოლი გაუტანეს 10-კაციან მეტოქეს - 3:1.

ასტანაში სტუმრებს არ ეყოლებათ დისკვალიფიცირებული ბრუნო მარტინს ინდი და გრეგორი ვან დერ ვილი.

შაბათი. 10 ოქტომბერი
ისლანდია-ლატვია 20:00
ყაზახეთი-ჰოლანდია 20:00
ჩეხეთი-თურქეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
ისლანდია 8 6 1 1 15-3 19
ჩეხეთი 8 6 1 1 16-10 19
თურქეთი 8 3 3 2 11-9 12
ჰოლანდია 8 3 1 4 13-10 10
ლატვია 8 0 4 4 4-16 4
ყაზახეთი 8 0 2 6 5-16 2

ბოლო ტური
13 ოქტომბერი:
ლატვია-ყაზახეთი, ჰოლანდია-ჩეხეთი, თურქეთი-ისლანდია.

B ჯგუფი: საგზურების დღე?
უელსის ნაკრებმა უკვე დაიბევა პლეი-ოფი, მაგრამ მეტის მიღწევა თავისუფლად შეუძლია - ამისთვის საჭიროა, დარჩენილ ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულის აღება.

შაბათს გარეთ ბეილი და კომპანია საგზურისთვის ბოსნიაში თამაშობს. ზენიცაში კრის კოულმენის გუნდს შეუძლია, 1958 წლის მერე პირველ დიდ ტურნირზე გასვლა იზეიმოს. ბოსნიელებს არ ეყოლებათ დისკვალიფიცირებული მუჰამედ ბეშიჩი.

ბელგიის ნაკრებს საგზურის დასაბევებლად მოგება ესაჭიროება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ძნელი - მარკ უილმოტსის გუნდი ანდორას სტუმრობს. შინ ბელგიელებმა ჯუჯა სახელმწიფოს მკვიდრები 6:0 გაანადგურეს.

ანდორის ნაკრები ზედიზედ 48 მატჩია, აგებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

ისრაელის ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოუგოს კვიპროსს თუკი საგზურისთვის ბრძოლა სურს, თუმცა ეს მოგება ალბათ, უფრო პლეი ოფის საგზურს ეყოფა. იერუსალიმში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი, რადგან მესამე ადგილის შანსი ჯერ არც კვიპროსელებს დაუკარგავთ.

შაბათი. 10 ოქტომბერი
ანდორა-ბელგია 22:45
ბოსნია-უელსი 22:45
ისრაელი-კვიპროსი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. უელსი 8 5 3 0 9-2 18
2. ბელგია 8 5 2 1 17-3 17
3. ისრაელი 8 4 1 3 14-9 13
4. ბოსნია 8 3 2 3 12-10 11
5. კვიპროსი 8 3 0 5 12-13 9
6. ანდორა 8 0 0 8 3-30 0

ბოლო ტური
13 ოქტომბერი:
ბელგია-ისრაელი, კვიპროსი-ბოსნია, უელსი-ანდორა.

H ჯგუფი: საგზური ბაქოში?
იტალიის ნაკრები ბაქოში გაიფორმებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს, თუკი აზერბაიჯანს დაამარცხებს.

თუმცა, გვახსოვს, პალერმოული მატჩი, რომელშიც კონტეს გუნდმა მხოლოდ 2:1 მოუგო მეტოქეს. სამივე გოლი ჯორჯო კიელინიმ გაიტანა, ერთი, ბუნებრივია, თავის კარში.

"სკუადრა აძურას" დისკვალიფიცირებული დანიელე დე როსი დაკლდება.

ხორვატია ზაგრებში ცარიელი ტრიბუნების წინ მასპინძლობს ბულგარეთს. ეს ანტე ჩაჩიჩის სადებიუტო მატჩია, მან ნიკო კოვაჩი შეცვალა.

შაბათი. 10 ოქტომბერი
აზერბაიჯანი-იტალია 20:00
ნორვეგია-მალტა 20:00
ხორვატია-ბულგარეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
იტალია 8 5 3 0 11-5 18
ნორვეგია 8 5 1 2 10-8 16
ხორვატია 8 4 3 1 16-5 14
ბულგარეთი 8 2 2 4 7-9 8
აზერბაიჯანი 8 1 3 4 6-13 6
მალტა 8 0 2 6 3-13 2

შენიშვნა: ხორვატია -1 ქულა.

ბოლო ტური
13 ოქტომბერი:
ბულგარეთი-აზერბაიჯანი, იტალია-ნორვეგია, მალტა-ხორვატია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული