ევრო 2016. უნგრეთის ნაკრები: დიდი გუნდის დაბრუნება?

AutoSharing Option
უნგრეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი ოფში ორმატჩიანი დუელი დამაჯერებლად მოუგო ნორვეგიას და კონტინენტის უმთავრეს საფეხბურთო ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ტრადიციებით მდიდარი საფეხბურთო ქვეყნის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბოლოს შორეულ 1972 წელს ითამაშა, მანამდე კი, 1964 წელს, ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

მანამდე კი (1938 და 1954 წლებში) უნგრეთმა ორჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლი. განსაკუთრებით დასანანი იყო მარცხი 1954 წლის მუნდიალის ფინალში, როცა მადიართა "დიდი გუნდი", რომელიც არასოდეს აგებდა, გერმანიასთან დამარცხდა. აქ დასრულდა ის განუმეორებელი ეპოქა, რომელიც მსოფლიო ფეხბურთს ფერენც პუშკაშმა და მისმა
მეგობრებმა აჩუქეს. მერეც იყო წარმატებები, მაგრამ არა იმ მასშტაბისა.

სიმბოლო
ვინ გამოჭედა თანამედროვე უნგრეთის ნაკრების წარმატება? სადაც სამართალია, უპირველეს ყოვლისა, გაბორ კირაი უნდა ვახსენოთ - მეკარე, რომელიც უფრო ბუნდესლიგიდან გვახსოვს თავისი განსაკუთრებული ჩაცმულობითა და დიდებული "სეივებით".

39 წლის კირაიმ უნგრეთის უპირველეს გუნდში 101 მატჩი ითამაშა. მისი სანაკრებო კარიერა 1998 წელს დაიწყო. კირაიმ ინგლისურ პრემიერლიგაშიც მოსინჯა ძალა, ახლა კი "ჰალადაშში" თამაშობს.

"ეს არის ის, რასაც მე ვერ გადმოვცემ სიტყვებით. ამისთვის ღირდა ცხოვრება", - ცრემლებს ვერ იკავებდა კირაი ნორვეგიასთან მოგებული ორრაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ.

ლიდერი
თანამედროვე უნგრეთის ნაკრები გუნდურ ფეხბურთს მისდევს, მაგრამ ამ ნაკრებში მაინც არის გამორჩეული მოთამაშე, ურომლისოდაც ამ ნაკრების წარმოდგენა შეუძლებელია.

ის 28 წლისაა და მას ბალაშ ჯუჯაკი ჰქვია. ბალაში ახლა თურქულ "ბურსასპორში" თამაშობს, სხვადასხვა დროს კი "დებრეცენის", პსვ-ის, მოსკოვის "დინამოსა" და "ანჟის" ლიდერი გახლდათ. ჯუჯაკი ფლანგზე შეუჩერებელია და ხშირად გააქვს გადამწყვეტი გოლები.

"მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში უნგრეთის ნაკრები ერთიანი, დიდი ოჯახი იყო და ამან შედეგი გამოიღო. ჩვენ ქვეყანას უდიდესი სიხარული ვაჩუქეთ და ახლა ევროპის ჩემპიონატისათვის უნდა მოვემზადოთ", - ამბობს ბალაში.

გამორჩეული ფეხბურთელები
გუნდს გამორჩული ფეხბურთელები ყველა სათამაშო რგოლში ჰყავს. დაცვაში ესენი არიან: როლანდ იუჰაში ("ვიდეოტონი", 90 მატჩი ნაკრებში), ვილმოშ ვანჩაკი ("სიონი", 80 მატჩი) და ტომას კადარი ("ლეხი", 28 მატჩი).

ნახევარდაცვაში, ჯუჯაკის გარდა, ამინდს ქმნიან ზოლტან გერა ("ფერენცვაროში", 86 მატჩი, 24 გოლი), ზოლტან შტიბერი ("ჰამბურგი", 10, 2) და აკოშ ელეკი ("ჩანგჩუნი", 37,1).

თავდასხმის ხაზში პირველი კაცია ბრატისლავას "სლოვანის" ტამაშ პრისკინი. მან ეროვნული გუნდის ღირსება 54 მატჩში დაიცვა და 17 გოლი გაიტანა. აქვეა "ჰოფენჰაიმის" შემტევი ადამ შალაი (29,8).

შტორკის ოქროს ხანა
უნგრეთის ეროვნულ ნაკრებს 52 წლის გერმანელი სპეციალისტი ბერნდ შტორკი წვრთნის. ის აქტიური ფეხბურთელობის ჟამს დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშობდა. მერე მწვრთნელობა დაიწყო. ჯერ ასისტენტი იყო "ჰერტაში", "ვოლფსბურგსა" და სერბულ "პარტიზანში".

ამის შემდეგ ჩაიბარა ყაზახური "ალმა-ათა" და გაწვრთნა ამ ქვეყნის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები. მერე ცოტა ხნით იმუშავა "ოლიმპიაკოსის" ახალგაზრდულ გუნდში, საიდანაც უნგრეთის 20-წლამდელთა ნაკრებში მივიდა.

2015 წლიდან ის უნგრეთის ეროვნული გუნდის თავკაცია. გამოჩნდა, რომ უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ მართებული არჩევანი გააკეთა, როცა გუნდი გერმანელს მიანდო. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები შემტევ, ამავე დროს, შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს.

უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყველას აჩვენა, რომ სწორი მუშაობის შემთხვევაში შედეგის მიღწევა არცთუ მაღალანაზღაურებადი და ნაკლებად რეკლამირებული მწვრთნელითაც შეიძლება.

ღირსება
თანამედროვე უნგრეთის ნაკრების მთავარი ღირსება მისი გუნდური სულია. "ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის" - როცა მადიართა მთავარი გუნდი თამაშობს, მინდორზე უპირველესი დევიზი სწორედ ესაა.

ნაკლი
უნგრელებს არ ჰყავთ გამორჩეული ინდივიდუალისტები. ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას გუნდის თამაშზე. თანაც მაშინ, როცა საქმე ევროპის ჩემპიონატს ეხება.

მოლოდინი
თუ წილისყრა არ გაწირავს, უნგრეთს შეუძლია, ჯგუფური ბარიერის დასაძლევად გაიბრძოლოს კონტინენტის პირველობაზე. მეტს მადიარები, უბრალოდ, ვერ შეძლებენ.

უნგრეთის ნაკრები
მეტსახელი: "მადიარები", "ერის თერთმეტეული"
კონფედერაცია: უეფა
მთავარი მწვრთნელი: ბერნდ შტორკი
კაპიტანი: ბალაშ ჯუჯაკი
ყველაზე მეტი მატჩი: იოზეფ ბოჟინი (101), გაბორ კირაი (101)
საუკეთესო ბომბარდირი: ფერენც პუშკაში (84 გოლი)
საშინაო არენა: "გრუპამა არენა"
ადგილი ფიფას რეიტინგში: 33
პირველი საერთაშორისო მატჩი: ავსტრია-უნგრეთი 5:0 (1902 წლის 12 ოქტომბერი)
სარეკორდო გამარჯვება: უნგრეთი-საფრანგეთი 13:1 (1927 წლის 12 ივნისი)
სარეკორდო მარცხი: უნგრეთი-ინგლისი 0:7 (1908 წლის 10 ივნისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული