U19. მეოთხე შეცვლა და პენალტები ახლებურად - უეფა ახალ წესებს საქართველოში აამოქმედებს

AutoSharing Option
დღეს, 12 ივლისს, საქართველოში მიმდინარე 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალური მატჩები გაიმართება: "დავით პეტრიაშვილზე" A ჯგუფის პირველადგილოსანი პორტუგალიისა და B ჯგუფში მეორე პოზიციაზე გასული ჰოლანდიის მატჩი 17 საათზე დაიწყება, ხოლო B ჯგუფის გამარჯვებული ინგლისი A ჯგუფის მეორეადგილოსან ჩეხეთს "მიხეილ მესხზე" 20 საათისთვის ელოდება.

წინა დღეს კი სასტუმრო "ჰუალინგში" ნახევარფინალისტი გუნდების მთავარი მწვრთნელები და გუნდების კაპიტნები მედიას შეხვდნენ. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ნახევარფინალებში უეფა ახალ წესებს აამოქმედებს. ეს ამბავი ჟურნალისტებს უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ ამცნო.

"თუ დამატებითი დრო დაინიშნება,
გუნდს მე-4 შეცვლის განხორციელების უფლება მიეცემა. ასევე მოხდება, თუ გუნდი ძირითად დროში ფეხბურთელს მოედნიდან არ გაიყვანს, დამატებით დროში ოთხი ფეხბურთელის შეცვლის საშუალება ექნება", - ამბობს კვარაცხელია.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მნიშვნელოვანი სიახლეა პენალტების სერიებშიც:

"თერთმეტმეტრიანების სერიას პირველი გუნდი დაიწყებს, მეორე გუნდი კი ზედიზედ ორს დაარტყამს, შემდეგ პირველი გუნდი შეასრულებს ორ დარტყმას, მეორე ერთს და ასე შემდეგ. ბოლოს ერთ-ერთით ამთავრებენ. მაგრამ გამარჯვებული თუ არ გამოვლინდა, შესრულება ისევ ამ წესით დაიწყება და ასე იქნება გამარჯვებულის გამოვლენამდე".

პორტუგალია-ჰოლანდია
მაარტენ სტეკელენბურგი, ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და გეგმებიც აქედან გამომდინარე შევადგინეთ. ვცდილობდით, თითოეულ მეტოქესთან გამარჯვებისთვის გვებრძოლა და მაქსიმალური შედეგი გვეჩვენებინა. გუნდმა გერმანიასთან მოგებით დაიწყო და კარგი ფეხბურთი აჩვენა. მჯერა, უფრო და უფრო მოვუმატებთ, რადგან ფეხბურთელები ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კარგ მდგომარეობაში არიან.

შესაძლოა, პორტუგალიასთან, რომელიც ძალიან ძლიერი და კარგი გუნდია, ერთ-ერთი ლიდერი, თავდამსხმელი ჟოელ პირუ დაგვაკლდეს, მაგრამ მატჩს მაინც კარგ მდგომარეობაში ვხვდებით.

მიმაჩნია, რომ მაყურებელს საინტერესო თამაში ელის. აქ კარგი პირობებია - სასტუმრო, მაყურებელი, სავარჯიშო და სათამაშო მოედნები. განსაკუთრებით კარგი საფარი იყო გორში. ჰოლანდიაში მსგავს ტურნირებს სათანადოდ არ აფასებენ, საქართველოში კი გულშემატკივრები მრავლად მოდიან თამაშებზე. ახალგაზრდა მოთამაშეების წინსვლისთვის მსგავსი ტურნირები ძალიან მნიშვნელოვანია".

ჯასტინ ბილოუ, ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი:
"ძალიან გახარებული ვარ, ნახევარფინალში რომ გავედით. ტურნირზე უძლიერეს ნაკრებებს შევხვდით და დავამტკიცეთ, რომ პირველობისთვის ბრძოლას ვიმსახურებდით. ახლა კი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით".

ელიო სოუზა, პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"შესაძლოა, ბევრი ფიქრობს, რომ A ჯგუფში უფრო სუსტი გუნდები იყვნენ, ვიდრე B-ში, მაგრამ მე ასე არ მგონია. მაგალითად, საქართველოსთან პირველივე შეხვედრა უმძიმესი გამოდგა ჩვენთვის და წარმატებას რთულ ბრძოლაში მივაღწიეთ. მაგრამ ის მახარებს, რომ მერე უკეთ ავთამაშდით და მოვუმატეთ.

ჩემი გუნდის მჯერა, რადგან მენტალურად ძლიერები ვართ და ნახევარფინალს დიდი მოლოდინით ვხვდებით. ჰოლანდია ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელსაც ამ ტურნირზე შევხვდებით. ეს ორი სხვადასხვა სტილის გუნდის თამაში იქნება და ვფიქრობ, მაყურებელი კარგ ფეხბურთს იხილავს. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს მთლიანობაში, ძალიან მომეწონა სტადიონები, მოედნები, მაყურებლის დამოკიდებულება და ემოციური მიდგომა. ეს ფეხბურთელებისთვის დიდი სტიმული იყო. ჩემი აზრით, ორგანიზაცია ძალიან მაღალ დონეზეა".

ბრუნო პაზი, პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი:
"მძიმე თამაში გველის, რადგან ჰოლანდიამ თავის ჯგუფში ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა. მართალია, ინგლისთან წააგეს, მაგრამ მაინც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად რჩებიან".

ინგლისი-ჩეხეთი
კიტ დაუნინგი, ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ჯერ მადლობა ორგანიზატორებსა და ქართველ ხალხს, რომლებიც ასე კარგად დაგვხვდნენ და ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზება მოახერხეს...

პატივისცემას გამოვხატავ ჩეხეთის ნაკრების მიმართ, რადგან ამ გუნდმა სავსე ტრიბუნების თვალწინ მასპინძელთა ძლიერ ნაკრებს მოუგო. მაგრამ კმაყოფილი ვარ არა მხოლოდ ჩვენი შედეგებით, არამედ თამაშის ხარისხითაც. სამწუხაროდ, გერმანიასთან ტრევო ჩალობა დაგვიშავდა და 3 თვე ვერ ითამაშებს. ანდრე დოზელის ტრავმა კი საშიში არ არის და, შესაძლოა, ნახევარფინალში დაგვეხმაროს.

საერთოდ, იმედიანად ვარ განწყობილი და მჯერა, კიდევ უფრო მოვუმატებთ".

ჯეი და სილვა, ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი:
"ჩვენთვის ეს ტურნირი წინსვლისა და თავის გამოჩენის დიდი შანსია. ასევე, ეს არის იმის შანსიც, რომ გავახაროთ ჩვენი ოჯახები და ქვეყანა".

იან სუხოპარეკი, ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ნახევარფინალში გასვლამ ძალიან გაგვახარა. მოუთმენლად ველოდებით მატჩს ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლებთან. ინგლისი ორგანიზებული გუნდია, ჰყავს ძლიერი ინდივიდუალისტები და ტურნირის მთავარი ფავორიტიცაა. თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება და ფინალში თამაშია...

რაც შეეხება საქართველოსთან მატჩში მომხდარ ინციდენტს, ასეთი რამ ფეხბურთში ხდება და ამის გაკონტროლება შეუძლებელია. არ არის გამორიცხული, ინციდენტში ჩვენმა მოთამაშეებმაც შეიტანეს გარკვეული წვლილი, როცა გოლი განაწყენებული ქართველი გულშემატკივრების წინ აღნიშნეს...

საერთოდ კი, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელმაც ასეთი გარემო შექმნა, ერთ უარყოფით ფაქტზე ყურადღების გამახვილება კი არასწორად მიმაჩნია".

ონდრეი შაშინკა, ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი:
"კარგი მატჩები ჩავატარეთ, ძლიერი მეტოქეები გვყავდა და კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ძლიერ გუნდს ვხვდებით, მაგრამ პლუსები ჩვენც გვაქვს და მის გამოყენებას ვეცდებით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული