U21. მეტოქეები: დავაკარგვინებთ უდანაკარგოს?

AutoSharing Option
დანიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნილს ფრედრიკსენმა დაასახელა შემადგენლობა, რომელსაც საქართველოსთან (6 ოქტომბერი) საშინაო და ფინეთთან (10 ოქტომბერი) საგარეო მატჩებისთვის მოამზადებს. ჯერ გავეცნოთ დანიელთა შემადგენლობას, მერე კი - მათი მწვრთნელის კომენტარს:

მეკარეები: დანიელ ივერსენი (ლესტერი), პეტერ იენსენი (ნორდსიელანდი);

მცველები:
ასგერ სორენსენი (რუსენბორგი), იაკუბ რასმუსენი (რუსენბორგი), იოაკიმ ანდერსენი (სამპდორია), იოაკიმ მაელე (გენკი), იონას ბერგერი (რანდერსი), რასმუს ნილსენი (მიდტიულანდი), ვიკტორ ტრანდბერგი (ნორდსიელანდი);

ნახევარმცველები:
იაკობ ლარსენი (დორტმუნდი), იენს ტომასენი (ოდენსე), მაგნუს კრისტიანსენი (ოლბორგი), მატიას იენსენი (ნორდსიელანდი), მიკაელ დალუნდი (მიდტიულანდი), მიკაელ კალესოდე (ვიბორგი), ფილიპ
ანიანვუ (ჰადერსფილდი), რობერტ სკოვი (სილკებორგი), სამი სკიტე (სილკებორგი), ვიკტორ ნელსონი (ნორდსიელანდი);

თავდამსხმელები:
იანიკ პოლი (ოლბორგი), მარკუს ინგვესტენი (გენკი), რასმუს პედერსენი (ოლბორგი).

გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან
ფარერებისა (3:0 სტუმრად) და ლიტვის (6:0 შინ) ნაკრებების დამარცხების შემდეგ დანიელები 6 ქულით სათავეში უდგანან იმ ევროშესარჩევ ჯგუფს, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს.

დანიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნილს ფრედრიკსენმა აღნიშნა, რომ გამარჯვებული შემადგენლობის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. წინა სანაკრებო სიასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილებაა დანიელთა ბანაკში და ისიც - იძულებითი. საქართველოსა და ფინეთთან შეხვედრებში ვერ ითამაშებს "ნორდსიელანდის" ნახევარმცველი მადს პედერსენი, რომელიც ტრავმირებულია. მის ნაცვლად ახალგაზრდულ ნაკრებში "სილკებორგის" შუახაზელს, სამი სკიტეს უხმეს, ვინც ჩვენებურების - დავით სხირტლაძისა და მათე ვაწაძის თანაგუნდელია დანიურ კლუბში.

"აქსიომაა, რომ გამარჯვებულ ფეხბურთელებს არ ცვლიან, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამით როდი ვხელმძღვანელობთ. ეს მოთამაშეები სადღეისოდ ძალიან კარგ კონდიციებში არიან და, ვფიქრობ, ბოლომდე გაამართლებენ ჩვენს იმედებს...

ჩვენს გუნდში ერთადერთი ახალი სახეა. სამი სკიტემ კარგად ითამაშა "სილკებორგის" შემადგენლობაში და მან ეს შანსი დაიმსახურა. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო დაგვაკლდება "მინი" პედერსენი. სკიტე მისი პირდაპირი შემცვლელი არ არის და ეს პრობლემაა ჩვენი გუნდისთვის. ვფიქრობთ, მის მოგვარებას შევძლებთ...

ჩვენი მთავარი მიზანია, ფეხბურთელებმა ბოლომდე გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და ნაკრებში რაც შეიძლება დიდი კონკურენცია იყოს. ვფიქრობ, თავს გავართმევთ ამ ამოცანას. გუნდში არიან როგორც ადგილობრივი ფეხბურთელები, ისე ლეგიონერები. ძალიან კარგი ატმოსფეროა.

ჩვენთვის ყველა მოწინააღმდეგე ბოლომდე პატივსაცემია. არ გვინდა ფავორიტობაზე საუბარი. ჩვენი ამოცანა ასე დგას: გავიდეთ მოსაგებად ყველა შეხვედრაში. თუ ამას შევძლებთ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ჩვენს გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც უკვე დააგროვეს საკმარისი გამოცდილება და ჩვენ მათი გვეიმედება...

რა თქმა უნდა, დანიის ნაკრების მიზანი ჯგუფური ბარიერის დაძლევაა. მიგვაჩნია, რომ ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს. მონდომება და სწორი მუშაობა ის წინაპირობაა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე. ეს არის ის, რაც დღეს შემიძლია გითხრათ. დანარჩენი უშუალოდ მატჩებში გამოჩნდება. იმედი მაქვს, ისინი წარმატებული იქნება ჩვენი გუნდისათვის", - განაცხადა ფრედრიკსენმა.

ვინ გველის ფარერებზე?
დანიასთან გასვლითი მატჩის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფარერებზე გადაინაცვლებს და ადგილობრივ ნაკრებს შეხვდება. ჩრდილოელებმა ქართველებთან სათამაშოდ უკვე უხმეს სანაკრებო რაზმს.

მაშ ასე, ფარერების ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

ელიას რასმუსენი (ვიკინგური), კარსტინ ჰანსენი (რუნავიკი), არი ოლსენი (სკალა), ბენიამინ ჰანსენი (ბ36), ბიარნი პეტერსენი (ბ36), ბარტალ ვარდუმი (ტორსჰავნი), ოლავიურ ნიკლასენი (კლაკსვიკი), ჰაკუნ ედმუნდსონი (სკალა), დანიელ იოჰანსენი (ტორსჰავნი), ტეიტ იაკობსონი (სონდერიისკე), იან ბენიამინსენი (რუნავიკი), იონას ბარტრაიდი (კლაკსვიკი), მეინარდ ოლსენი (ბ36), ჯონ ფრედრიკსენი (ვესტური), იაკუბ ტომსენი (ტისტედი), ბულ ეგილსონი (როინი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული