ჩემპიონატის ორივე მასპინძელი ნაკრები საქართველო და რუმინეთი უკვე ფლობენ ფინალური ეტაპის საგზურს. აღნიშნული ქვეყნის ნაკრებებს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა არ მოუწევთ და მიმდინარე წლის მარტიდან, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს გამართავენ.
რამაზ სვანაძე 2019 წლიდან დღემდე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
რამაზ სვანაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთ შეხვედრაში ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა სპეციალისტმა 2020 წლის 18 ნოემბერს, უეფას ერთა ლიგის შეხვედრაში ესტონეთის წინააღმდეგ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავა.
რამაზ სვანაძე - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "პირველ რიგში, მსურს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ეს ნდობა გავამართლო.
ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. გაცნობიერებული მაქვს, რომ 2023 წელს ევროპის ჩემპიონატს საქართველოში ვმასპინძლობთ და მთელი დარჩენილი პერიოდი მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება იმისთვის, რომ ტურნირს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.
რაც შეეხება იმ თაობას, რომელიც უახლოეს წლებში 21-წლამდელთა ნაკრებში იასპარეზებს, ჩემთვის ნაცნობი ფეხბურთელები არიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ. მე ამას ვგრძნობდი იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც მათთან ერთად 19-წლამდელთა ნაკრებში გავატარე. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდება.
ნაკრების სელექცია ცოცხალი პროცესია, რის ფარგლებშიც შესაძლოა ვინმე შემოგვემატოს ან გამოგვაკლდეს. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ეს ახალი შანსია, როგორც მწვრთნელებისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული ასპარეზობისთვის.
პირველი ეტაპი, რომელიც უკვე მიმდინარე წელს აიღებს სტარტს, მთლიანად სელექციას დაეთმობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ".
ალექსანდრე იაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: "პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ ასეთი დონის გათამაშება ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატამდე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ 21-წლამდელთა ნაკრები სრულფასოვნად მოემზადოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რამაზ სვანაძე არის საუკეთესო კანდიდატურა ამ პოსტზე. მოგეხსენებათ, რომ იგი 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიასთან, უნგრეთთან და ყაზახეთთან სამივე თამაშის მოგება შეძლო. აღნიშნული ნაკრებიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელი დღეს ეროვნულ და 21-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობს. ეს სწორედ ის თაობაა, რომელსაც რამაზ სვანაძე კარგად იცნობს.
რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს, ჩვენ ბევრი ამხანაგური მატჩი გვექნება ძლიერ მეტოქეებთან, იმისთვის, რომ 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის სრულფასოვნად მოემზადოს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზოთ".
GFF.GE