უკვე მეორე სეზონია, როცა ეროვნული ლიგა ახალი ფორმატით მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რანგით მე-2 ლიგაში უფრო დაძაბული სეზონი გველის, ვიდრე წინა წელს იყო.
ამის თქმის საშუალებას ის გვაძლევს, რომ გამოკვეთილ ფავორიტს ვერ გამოარჩევ. ამ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბებია: ბათუმის "დინამო", ქობულეთის "შუქურა", მარტვილის "მერანი", "ცხინვალი", "გაგრა", "ვიტ ჯორჯია", "თელავი", წყალტუბოს "სამგურალი", "ნორჩი დინამო" და "შევარდენი".
ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი გივი ჩოხელის სტადიონზე თელავში
თელავური კლუბი კახეთში ფეხბურთს აბრუნებს და კლუბის დირექტორის თქმით, მიზანი ამ სეზონში ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, ხოლო მომავლისთვის კი ეროვნულ ლიგაში გადასვლაზე ფიქრობენ. ამის დასტურია ისიც, რომ კლუბი აქტიურად ცდილობს სპონსორების მოძიებას და საკმაოდ წარმატებულადაც.
"თელავი", ძირითადად, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და საკმაოდ ახალგაზრდა მწვრთნელიც ჰყავს, კლუბს 37 წლის გიორგი დეკანოსიძე წვრთნის, რომელსაც "თელავის" მეორე ლიგაში გადასვლისთვის დიდი წვლილი მიუძღვის.
ტრანსფერების მხრივ, კახურ კლუბში დიდი ცვლილებები არ არის და თითქმის იგივე შემადგენლობით შეეცდებიან ფონს გასვლას.
რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", კლუბი ახალ ცხოვრებას იწყებს, ქალაქში ნანატრი სტადიონის მშენებლობა დაიწყო და მიზანი, რა თქმა უნდა, უმაღლესში დაბრუნებაა.
ბათუმელებს გია გეგუჩაძე ჩაუდგა სათავეში. შესაბამისად, კლუბიც და მწვრთნელიც მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ წინა წლის ცუდ მოგონებებს თავი დააღწიონ.
"დინამოში" გუნდის ძირითადი ბირთვი თითქმის მთლიანად შეიცვალა. კლუბში დაახლოებით 14 ახალი ფეხბურთელია და უმეტესობა წინა სეზონში ეროვნულ ლიგაში თამაშობდა. ბათუმში დაბრუნდა გამოცდილი მეკარე მიხეილ ალავიძე, რომელიც ბოლოს "რუსთავში" იყო და ამავდროულად, კვიპროსიდან კლუბს შეუერთდა გიორგი ილურიძე.
რაც ყველაზე პოზიტიური ამბავია დღევანდელ მატჩში, ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია შემოგვთავაზებს. აჭარული არხი ყოველ ტურში ეროვნული ლიგა 2-ის ორ ცენტრალურ მატჩს გააშუქებს.
ეროვნული ლიგა 2-ის კიდევ ერთი დებიუტანტი "შევარდენი" ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" წინა სეზონის მეოთხეადგილოსან წყალტუბოს "სამგურალს" მასპინძლობს.
თბილისელებს გამოცდილი მწვრთნელი გელა სანაია უდგათ სათავეში, რომელმაც დეკემბერში ჩაიბარა კლუბი. "შევარდენმა" დაწინაურების შემდეგ კონკურენტუნარიანი გუნდის გაკეთება დაიწყო და თბილისელებისგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გეგი კიკაბიძის თქმით, "შევარდენში" ბევრი ცვლილება განხორციელდა და თითქმის ახალი გუნდით იწყებენ ამ სეზონში ასპარეზობას.
რაც შეეხება "სამგურალს", 53 წლის გია გიგატაძე უდგას სათავეში, რომლის დამსახურებაცაა წინა წელს გამორჩეული ასპარეზობა. ამ სეზონში "სამგურალმა" მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა და მაქსიმალურად, როგორც შეძლო, შეინარჩუნა ფეხბურთელები. კლუბს თურქეთში შეკრებაც ჰქონდა. წყალტუბოელები 2018 წლის სეზონში შედეგის გასაუმჯობესებლად და სამეულში მოსახვედრად იბრძოლებენ.
"ვიტ ჯორჯია" "მცხეთა პარკის" სტადიონზე პირველი ტურის მე-3 მატჩში "ცხინვალს" დაუხვდება. წინა სეზონში ეს კლუბები მე-6 და მე-7 პოზიციებზე გავიდნენ.
რაც ეროვნულ ლიგა 2-ს გამოარჩევს ლიგა 1-ისგან, ეს საფეხბურთო კლუბების სტაბილურობაა. "ვიტ ჯორჯიამ" მაქსიმალურად შეინარჩუნა ფეხბურთელები და რამდენიმე პოზიციაზეც გაძლიერდა.
კლუბში, ამავდროულად, არ თამაშობენ ლეგიონერები და მენეჯერის, ირაკლი ხველედიანის თქმით, გუნდი ამ სეზონში მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს.
"ცხინვალში" საკმაოდ დიდი შევსება იყო, კლუბმა როგორც ეროვნული ლიგა 1-დან, ასევე ლიგა 2-დანაც დაიმატა ფეხბურთელები. კლუბს წინა ზაფხულიდან მალხაზ ლაცაბიძე უძღვება. "ცხინვალს" გაუჭირდება უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა, თუმცა არც არაფერს დათმობს.
ქობულეთის "შუქურა" 2 მარტს ლანჩხუთში, "ევგრაფი შევარდნაძის სტადიონზე" "ნორჩ დინამოს" უმასპინძლებს.
"შუქურა" წინა ეროვნული ლიგის სეზონში ბოლო ადგილზე გავიდა და ავტომატურად დაქვეითდა ქვედა ლიგაში, თუმცა ზღვისპირული კლუბი ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მოვიაზროთ. ქობულეთელებს შეკრება თურქეთში ჰქონდათ და თითქმის ახალი გუნდით შეუდგებიან სასურველი შედეგისთვის ბრძოლას.
რაც შეეხება კლუბის სტადიონ "ჩელე არენას", სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, იგება ბუნებრივსაფარიანი მოედანი და კლუბი მესამე წრიდან საკუთარ სტადიონზე იასპარეზებს. ქობულეთელებს ამ სეზონში 33 წლის ახალგაზრდა მწვრთნელი გიორგი ჭელიძე ჩაუდგათ სათავეში.
"ნორჩი დინამო" რამდენად ნორჩია, ეს რთული სათქმელია, კლუბში ძალიან ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ასპარეზობს. ლიგა 2-ის დებიუტანტი გუნდის მიზანი, დიდი ალბათობით, პოზიციის შენარჩუნება იქნება. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კლუბმა ბოლოს ჩატარებული ამხანაგური მატჩებიდან ყველა მოიგო და ავთანდილ შენგელიას გუნდი მშვენიერ ფორმაშია.
ტურის ბოლო მატჩი და ერთ-ერთი დაძაბული შეხვედრა მარტვილში, "მურთაზ ხურცილავას სტადიონზე" გაიმართება. წინა სეზონის მეორეადგილოსანი "მერანი" მეხუთეადგილოსან "გაგრას" მასპინძლობს.
"მერანმა" წინა სეზონში ფოთის კოლხეთს პლეი-ოფში ორმატჩიან დუელში ვერ სძლია და ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩა. ამის შემდეგ კლუბში დიდი ცვლილებები დაიწყო და ბევრი ახალი ფეხბურთელი მივიდა. კლუბს ამ სეზონშიც მიხეილ მახვილაძე გაუძღვება და მიზანი იგივეა - ეროვნულ ლიგაში ასპარეზობა.
მარტვილელებს შეკრება თურქეთში ჰქონდათ და შედეგები ნაკლებად სახარბიელო, თუმცა როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობს, შეკრება ნაყოფიერი იყო და ეს აუცილებლად დაეხმარება კლუბს ეროვნულ ლიგა 2-ში ღირსეულად ასპარეზობაში.
"გაგრასაც" ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავს. კლუბი აქცენტს განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებდა. მომავალ სეზონშიც უკრაინელი მწვრთნელი დენის ხომუტოვი გაუძღვება.
ამხანაგური მატჩები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებლად ჩაატარეს, თუმცა უფრო მეტად გაძლიერების გარეშე "გაგრას" ამ სეზონში ფავორიტობისთვის ბრძოლა გაუჭირდება და წინა სეზონში დაფიქსირებული შედეგი იქნება მისი მაქსიმუმი.
მატჩს აჭარის ტელევიზია აჩვენებს პირდაპირ ეთერში.