"ცხინვალმა" პირველ ტურში ამავე სტადიონზე სტუმრის სტატუსით "ვიტ ჯორჯიასთან" ფრე - 1:1 ითამაშა. ამჯერად, როგორც მასპინძელი, ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს.
პირველ მატჩში "ცხინვალი" ურიგოდ არ გამოიყურებოდა და 15-ჯერ მაინც დაარტყა მეტოქის კარისკენ. მალხაზ ლაცაბიძის გუნდი ამ შეხვედრაშიც, დიდი ალბათობით, მეორე ნომრად ითამაშებს და კონტრშეტევებზე შეეცდება მეტოქის გატეხვას.
ზღვისპირელები ამ დაპირისპირებაში ფავორიტად ითვლებიან, თუმცა მსგავს შემთხვევაში მათ ეროვნული ლიგა 2-ის დებიუტანტ
"შუქურა" წინა შეხვედრაში ბურთს კარგად ფლობდა, თუმცა შეტევის შექმნა და რეალიზება საკმაოდ უჭირდა, რაც "ცხინვალის" უპირატესობა იქნება.
ყველაფერი "მცხეთა პარკზე" გადაწყდება და გამოჩნდება, თუ რამდენად ძალუძს რომელიმე გუნდს დაწინაურებისთვის ბრძოლა.
ორივე გუნდი ლიგა 3-იდან დაწინაურდა და ერთმანეთს კარგად იცნობენ. 14:00 საათზე კი თბილისში, "შატილის" სტადიონზე მორიგ დაპირისპირებას გამართავენ.
"ნორჩმა დინამომ" პირველ მატჩში სენსაცია შემოგვთავაზა და სტუმრად ლანჩხუთში "შუქურა" 3:2 დაამარცხა. გამოსარჩევი იყო "დინამოს" მცველი მამია ჟვანია, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ხოლო "შევარდენმა" ამ გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტთან, "სამგურალთან" საკუთარ სტადიონზე 0:2 დათმო. თბილისელები შეუთამაშებელი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და ხშირად უშვებდნენ შეცდომებს.
ამ შეხვედრაში ფავორიტად მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ, თუმცა "შევარდენისგან" სიურპრიზიც არ უნდა გაგვიკვირდეს.
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მარტვილში იმართება, წინა სეზონის მეორეადგილოსანი "მერანი" ლიგა 2-ის დებიუტანტ "თელავს" უმასპინძლებს.
მარტვილელთა შემადგენლობაში ბევრი ცვლილებაა და წინა მატჩი "გაგრასთან" ძალიან უფერულად ჩაატარეს. ვერც განსაკუთრებულ უპირატესობას დაეუფლნენ და ვერც ხეირიანი მომენტები შექმნეს. თუმცა "მერანი" დიდი ძალაა და ამ სეზონშიც მიზანი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაა.
თელაველებმა პირველი მატჩი სენსაციით დაიწყეს, მათ ბათუმის "დინამო" 1:0 დაამარცხეს. პირველივე მატჩიდან გამოჩნდა, რომ კახურ გუნდს მეტი შეუძლია და შეიძლება ამ სეზონში ბევრი საინტერესო რამ შემოგვთავაზოს. გამოსაყოფია გუნდის შემტევი გიორგი ხარებაშვილი, რომლის შეჩერება ბათუმელ მცველებს უჭირდათ.
თუ მარტვილელებს შეთამაშების მხრივ ბევრი სამუშაო აქვთ, თელავური გუნდი მე-3 ლიგიდან შეთამაშებული მოდის და ეს გარკვეულ უპირატესობას აძლევს. ფაქტია, "მურთაზ ხურცილავას" სტადიონზე საინტერესო მატჩი გველოდება.
კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება "ბასაზე" გველის, "გაგრა" "სამგურალს" მასპინძლობს.
ორივე გუნდმა წინა სეზონი თანაბარი ქულებით დაასრულა, 4 შეხვედრიდან 1 "გაგრამ" მოიგო, 2 ფრედ დასრულდა და 1-ში "სამგურალმა" ჩაიწერა სამი ქულა. "გაგრამ" წინა მატჩში "მერანთან" სასურველ ფრეს მიაღწია და 0:0 ითამაშა. კლუბში ბევრი ცვლილებაა, მაგრამ უფრო გაძლიერების მხრივ და მალე გამოჩნდება, თუ რამდენად ძალუძთ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.
"სამგურალმა" ბირთვი შეინარჩუნა და საინტერესო ფეხბურთელებიც დაიმატა. გამოსარჩევია "ტორპედოდან" იჯარით დამატებული გაბრიელ საღრიშვილი, რომელმაც "შევარდენთან" დუბლი შეასრულა. კლუბმა უცხოური შეკრებაც გაიარა და ამ სეზონში ეროვნული ლიგისკენ აქვთ გეზი აღებული, სტარტი კარგი ჰქონდათ და ვნახოთ, როგორი იქნება გაგრძელება.
ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება და პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია წარმოგვიდგენს.
გია გეგუჩაძის შეგირდებს ცუდი სტარტი გამოუვიდათ და 0:1 დამარცხდნენ. ამას კი ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა გულშემატკივრებისგან. ზღვისპირელებისთვის აპრიორი მხოლოდ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა და ახალ სტადიონზე თამაში. სხვა საკლუბო შედეგს ბათუმელთა ქომაგი არ განიხილავს.
თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, წინა მატჩში ბათუმელებს 72%-იანი ბურთის ფლობა ჰქონდათ, მაგრამ საერთოდ ვერ ახერხებდნენ ნორმალური შეტევის ორგანიზებას, კლუბის მთავარ მწვრთნელს კი ამაზე ნამდვილად სამუშაო აქვს, მით უმეტეს, როცა გუნდში გიორგი ილურიძე ჰყავს.
"ვიტ ჯორჯიაც" არ გამოირჩეოდა პირველ შეხვედრაში შემტევი თამაშით, რაც საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა, "ცხინვალთან" მატჩი 1:1 დასრულდა. მოულოდნელი იყო წინა შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის, ირაკლი ზარიძის სათადარიგოზე ხილვა, რადგან მისი მოედანზე შემოსვლის შემდეგ გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა.
საბოლოოდ ამ შეხვედრაშიც მასპინძლის სტატუსი ფორმალობაა, რადგან არცერთი კლუბის საშინაო არენა არ არის "რამაზ შენგელია" და ეს გარკვეულ უპირატესობას ბათუმელებს ვერ მისცემს, რაც ნამდვილად კარგია "ვიტ ჯორჯიასთვის". როგორც ცნობილია, დაახლოებით, ბათუმელები აპრილიდან შეძლებენ ბათუმში საკუთარ ბაზაზე თამაშს.