ლოკომოტივი-დინამო (თბ) 3:1 - უფრო მოტივირებულები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის ლიდერმა და საერთოდაც, ჩემპიონობის ერთ-ერთმა უმთავრესმა კანდიდატმა თბილისის "დინამომ" მიმდინარე სეზონში 4 მატჩი წააგო და აქედან ორჯერ - "ლოკომოტივთან"!

არადა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მოვლენების მსგავს განვითარებას ბევრი ნამდვილად ვერ იფიქრებდა! ჯერ ის ვთქვათ, რომ III წრის სასტარტო ტურში "დინამომ" მართლაც შთამბეჭდავი შთაბეჭდილება დატოვა და ყველა ელოდა, რომ დედაქალაქურ დერბიში, ფაქტობრივად, განახევრებულ მეტოქესაც იოლად გაუსწორდებოდა...

ჰო, ნამდვილად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი. როგორი საქმეა, "დინამოსთან" მატჩის წინ ოთხ დისკვალიფიცირებულ და ამდენივე ტრავმირებულ ფეხბურთელს რომ მოისაკლისებ? ისიც
უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში "ლოკომოტივის" კიდევ 2 საკვანძო ფეხბურთელი - გიორგი რეხვიაშვილი, გეგა დიასამიძე.

აქედან გამომდინარე, აღარც უნდა გაგკვირვებოდა მასპინძელთა უცნაური სასტარტო შემადგენლობა; ისე, როგორც აღარ გვიკვირს, თუ როგორ ხშირად უწევს "ლოკომოტივის" ამა თუ იმ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ამპლუისა თუ პოზიციის შეცვლა და ასე იყო ახლაც: ჩემპიონატის ფავორიტთან მატჩში გიორგი დევდარიანმა დაცვის ცენტრში 3 ფეხბურთელით თამაში ამჯობინა და ამ ტაქტიკურმა ჩანაფიქრმა გაამართლა - სამივე ცენტრალურმა მცველმა (ნიკა ჭანტურია, გიორგი ხიდეშელი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი) დიდი როლი შეასრულა თავისი გუნდის წარმატებაში, ისევე, როგორც ფლანგელებმა - გიორგი ჩიტეიშვილმა (მარჯვნივ) და ნოდარ ქავთარაძემ (მარცხნივ).

ასევე საიმედოდ იცავდა თავის კარს რევაზ თევდორაძე; უაღრესად სასარგებლო გახლდათ მასპინძელთა 19 წლის საყრდენი ნახევარმცველი დავით სამურკასოვი, რომელიც, პარტნიორებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობდა მეტოქის ფეხბურთელთათვის სივრცეების შეზღუდვას და ფაქტობრივად, არც ერთი ორთაბრძოლა არ წაუგია.

საერთოდაც, "ლოკომოტივი" ბევრად უფრო მოტივირებულად გამოიყურებოდა და სრულიად დამსახურებულადაც გაიმარჯვა. აი, "დინამოს" ფეხბურთელებზე ეტყობა უარყოფითად იმოქმედა წინა ტურში დიდი ანგარიშით გამარჯვებამ და "ლოკომოტივთან" მატჩზეც ზედმეტად თავდაჯერებულები გამოვიდნენ მოედანზე.

ძალიან თვალშისაცემი იყო უამრავი წუნი "დინამოს" ფეხბურთელთა მოქმედებებში: გნებავთ, გუნდურში, გნებავთ - ინდივიდუალურში. ამას გარდა, ისიც სათქმელია, რომ მასპინძლებმა მაქსიმალურად შეძლეს მეტოქის ერთ-ერთი ლიდერის, 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძის, ფაქტობრივად, სრული ნეიტრალიზება.

ჩაკვეტაძე მხოლოდ ერთხელ დაუსხლტა მეურვეებს, როცა მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ იმ ეპიზოდში ჯერ რევაზ თევდორაძემ იყოჩაღა, მერე კი - ნოდარ ქავთარაძემ. ამ ეპიზოდიდან ორიოდ წუთში კი გოლი საპირისპირო კარში გავიდა: 19 წლის ვატო არველაძემ ისეთი საფეხბურთო შედევრი შექმნა, ნეიტრალური გულშემატკივარიც რომ ვერ დარჩებოდა გულგრილი!

ანგარიშის გასათანაბრებლად სტუმრებს ნახევარ საათზე მეტი დრო ჰქონდათ, "დინამოს" თავკაცმა კახა კაჭარავამ შეცვლებითაც სცადა სიტუაციის შეცვლა და ახალწვეულის, მიკოლა კოვტალიუკის მოედანზე შემოყვანით, ორფორვარდიან ტაქტიკაზეც გადააწყო გუნდი, მაგრამ თამაშს მაინც "ლოკომოტივი" აკონტროლებდა და ზუსტად შესრულებული სტანდარტულიდან გატანილი მესამე გოლიც ამ მეტად საინტერესო დედაქალაქური დერბის აბსოლუტურად ლოგიკური დასასრულიც იყო!

ამ გამარჯვებაში "ლოკომოტივის" ყველა ფეხბურთელმა (ისე,  როგორც სამწვრთნელო შტაბმა) დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გაბრწყინებაზე ცალკე გვინდა ვისაუბროთ: ვატო არველაძემ თავის ახლად დაწყებულ კარიერაში, უდავოდ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა!

მატჩის სტენოგრამა
2' - ნოდარ ქავთარაძის გადაცემის შემდეგ ვატო არველაძე ბურთს ერთი შეხებით გზავნიდა მეტოქის კარში - მცირეოდენ არაზუსტად;
12' - გიორგი გოროზიას სახიფათო სტანდარტული დარტყმა: ბურთი "დინამოს" კარს მცირე მანძილით ასცდა;
17' - დავით სამურკასოვმა მოედნის ცენტრიდან ბურთი ვატო არველაძეს გადააწოდა, ეს უკანასკნელი მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდა და უზუსტესი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა - 1:0!
25' - მასპინძელთა საჯარიმოში გიორგი ხიდეშელმა წესების დარღვევით შეაჩერა ბექა მიქელთაძე და ამ უკანასკნელმაც პენალტი უნაკლოდ შეასრულა - 1:1!
45' - ვატო არველაძე მოედნის ცენტრიდან ცდილობდა გოლის გატანას: შენიშნა, რომ მეტოქის მეკარე წინ იყო გამოსული, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა;
52' - მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ვატო არველაძე "ცაციათი", ერთი შეხებით ურტყამს, მაგრამ - არაზუსტად;
53' - "დინამოს" გოლის გატანის მშვენიერი შანსი მიეცა, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძემ უაღრესად ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა: ჯერ რევაზ თევდორაძემ იყოჩაღა, მერე კი - ნოდარ ქავთარაძემ.
56' - რევაზ ჩიტეიშვილმა საკუთარი კარის მისადგომებიდან მოედნის ცენტრთან მყოფ ვატო არველაძეს ზუსტი პასი გაუკეთა. ამ უკანასკნელმა "კედელი" გაითამაშა ირაკლი სიხარულიძესთან, მშვენიერი რეიდი განახორციელა, ძალისმიერ ორთაბრძოლაში აჯობა მეურვე დავით კობოურს, ორი ეფექტური ფინტიც გააკეთა და ვარდნაში, უზუსტესი დარტყმით ბურთი ზუსტად გადაგზავნა მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში - 2:1.
58' - გიორგი ჩაკვეტაძე მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ურტყამს: რევაზ თევდორაძემ ამ ეპიზოდშიც საიმედოდ ითამაშა;
73' - გიორგი კიკნაძე საშუალო მანძილიდან ურტყამს: ნუკრი რევიშვილმა სწორი პოზიცია შეარჩია;
75' - აკაკი შულაიას ფლანგური გარღვევის შემდეგ ბექა მიქელთაძე ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ - არაზუსტად;
76' - რევაზ ჩიტეიშვილი მახვილი კუთხიდან ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ბურთი "დინამოს" კარის ბადეს გარედან მოხვდა;
80' - ბაქარ ქარდავა რთული მდგომარეობიდან ურტყამდა, მაგრამ რევაზ თევდორაძე ამჯერადაც უშეცდომო გახლდათ.
82' - გეგა დიასამიძემ "სტანდარტულიდან" მეტოქის საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩაჰკიდა, სადაც ყველას დაასწრო გიორგი ხიდეშელმა და ზუსტი თავური დარტყმით ამ მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:1!

ეროვნული ლიგა. XX ტური
29.07. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 3:1
გოლები: 1:0 არველაძე (17. სამურკასოვის პასით), 1:1 მიქელთაძე (25-პენ), 2:1 არველაძე (56. სიხარულიძის პასით), 3:1 ხიდეშელი (82. დიასამიძის პასით)
ლოკომოტივი (5-3-2): რ. თევდორაძე - ჩიტეიშვილი, ანდრონიკაშვილი (55. რეხვიაშვილი), ჭანტურია, ხიდეშელი, ნ. ქავთარაძე - კიკნაძე, სამურკასოვი, გოროზია (51. დიასამიძე) - არველაძე (73. კიკაბიძე), სიხარულიძე.
სათადარიგოები: ბუღრიძე, შეწირული, ვარძელაშვილი, ბ. ქურდაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
დინამო (4-2-3-1): რევიშვილი - გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე - ქარდავა (84. ნ. ნინუა), კუცია (58. კოვტალიუკი) - შულაია, ჩაკვეტაძე, თევზაძე (71. ქოჩლაძე) - მიქელთაძე
სათადარიგოები: ქაფიანიძე, ერგემლიძე, მიშჩენკო, ლიტოვჩენკო
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: სამურკასოვი (64), კიკნაძე (68), თოთაძე (72)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

მომდევნო ტური
4 აგვისტო, პარასკევი
დინამო (თბ)-დილა 21:00

5 აგვისტო, შაბათი
დინამო (ბთ)-სამტრედია 19:00
ტორპედო-კოლხეთი 21:00

6 აგვისტო, კვირა
ჩიხურა-შუქურა 18:00
საბურთალო-ლოკომოტივი 20:30

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიუხედავად იმისა რომ დინამოს "ბალელშიკი" ვარ მთელი ჩემი ცხოვრება, გუშინდელი თამაშით მაგრად ვისიამოვნე. არველაძე უბრალოდ სუპერ!!!! მართალია დინამომ წააგო, მაგრამ ჭანკვეტაძის უდიდესი პოტენციალი და უსაზღვრო ტალანტი, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. სამწუხაროდ პარტნიორებმა ვერ აუბეს მას მხარი.
ვასო
15:06 31-07-2017
0
ვატო არველაძე კარგი ბიჭია ნამდვილად ნიჭიერია.აი რაც შეეხება სალუქვაძეს და რევიშვილს უსუსტესები არიან დინამოში.
ალექსანდრე უბირია
12:53 01-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული