ეროვნული ლიგა. XXI ტურის წინ: გამონათების მოლოდინი

AutoSharing Option
წინა ტურის მსგავსად, საქართველოში დღესდღეობით არსებული ჰაერის მაღალი ტემპერატურა ამჯერადაც აქტუალური უნდა იყოს ჩვენი საფეხბურთო ჩემპიონატისთვის.

თუმცა, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა უმრავლესობას კლიმატურ პირობებზე საწუწუნო ბევრი არაფერი უნდა ჰქონდეს - XXI ტურის მატჩებიდან, ერთის ("ჩიხურა"-"შუქურა") გარდა, სხვა დაპირისპირებები ხომ შედარებით გვიან, ხელოვნურ განათებაზე უნდა გაიმართოს...

ამ ტურის მატჩები სამი დღის განმავლობაში გაიმართება და რამდენიმე საინტერესო თამაშიც გველოდება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მოახლოებულმა ტურმა გარკვეული გადაადგილებები უნდა მოახდინოს სატურნირო ცხრილში...

დარასელიადან დარასელიამდე
გნებავთ, სატურნირო ცხრილის შემხედვარე, გნებავთ, გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებაში არსებული ბალანსიდან
გამომდინარე, ამ წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად, რაღა თქმა უნდა, მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, ეროვნული ლიგის ერთპიროვნულ ლიდერს იოლი მატჩი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს და ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგიური ფაქტორიც გასათვალისწინებელია: მიმდინარე სეზონში "დინამო" ვერაფრით ახერხებს "დილას" დამარცხებას.

არადა, ორივე გუნდს რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, პირველ-მეორე წრეში ასპარეზობის დროს, გორელთა გუნდის აწ უკვე ყოფილი თავკაცის, ებრაელი სპეციალისტის, ზივ არიეს ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილამ" მაინც მოახერხა და 4 ქულა წაართვა ეროვნული ლიგის გამოკვეთილ ფავორიტს.

ეგ კიდევ არაფერი - საერთოდაც, "დინამო" ბოლო ხუთ ურთიერთდაპირისპირებაში ვერაფრით უგებს "დილას". არადა, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე "სასურველი" მეტოქე სწორედ "დილა" იყო და ასე გრძელდებოდა 1990-დან 2012 წლამდე...

...და ეს 22-წლიანი "სასურველი" სერია 2012 წლის 15 სექტემბერს შეწყდა: სწორედ ამ დღეს მოახერხა "დილამ" ჩემპიონატის მატჩში პირველად თბილისის "დინამოს" დამარცხება. აღსანიშნავია, რომ იმ დღეს ჰქონდა დებიუტი "დილას" თავკაცის პოსტზე (საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატშიც) გიორგი დარასელიას, გორელთა გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს.

მაშინდელი დებიუტი წარმატებული გამოდგა მისთვის და სწორედ "დინამოსთან" მოგებას მოჰყვა კიდეც "დილას" გამორჩეულად წარმატებული სერია - ზედიზედ 11 მატჩი გამარჯვება!

დარასელიას ხელმძღვანელობით "დილამ" პირველად მოუგო თბილისის "დინამოს"; ზივ არიეს თავკაცობით "დილამ" 4 ქულა აართვა ტიტულიან მეტოქეს... თუმცა, პროცენტულად, საუკეთესო მაჩვენებელი გორელთა ყოფილ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს აქვს - ახალგაზრდა სპეციალისტის ხელმძღვანელობით "დილამ" ორჯერ მოუგო "დინამოს" და ორჯერაც ფრედ ითამაშა.

მაგრამ დღესდღეობით ეს ყველაფერი ნაკლებად აქტუალური უნდა იყოს ორივე გუნდისთვის: წინა ტურში "დინამო" საკუთარ თავს არ ჰგავდა და აბსოლუტურად ლოგიკური იყო კიდეც მარცხი "ლოკომოტივთან".

ანუ დიდია იმის ალბათობა, რომ კახა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში გარკვეულ კორექტივებს შეიტანს. არანაკლებ მნიშვნელოვანია დღევანდელი მატჩი დარასელიასათვისაც - "დილაში" თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გორელთა გუნდმა III წრის სტარტზე ორივე მატჩი წააგო და პლეი აუტის ზონაშიც აღმოჩნდა...

მესამე წრის ასპროცენტიანები
ამ ტურის კიდევ ერთი საინტერესო წყვილი, სადაც ერთმანეთს ძველი მეტოქეები უნდა დაუპირისპირდნენ, ბათუმში იკრიბებიან. იმის მიუხედავად, რომ აჭარის მთავარ გუნდსა და "სამტრედიას" ასევე განსხვავებული სატურნირო მიზნები აქვთ, ფავორიტის გამოყოფა ამ წყვილშიც ძალიან ძნელია.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი მალე გამოვიდა ევროტურნირებზე მიღებული შოკისგან: ბათუმის "დინამოც" და "სამტრედიაც" III წრეში, ჯერჯერობით, 100-პროცენტიანი შედეგით ასპარეზობენ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგაში მოღვაწე ერთადერთი უცხოელი სპეციალისტის, უკრაინელი კონსტანტინ ფროლოვის დამოძღვრილმა ბათუმის "დინამომ", როგორც იქნა, გატეხა ნავსი და მშობლიურ ქალაქში პირველი საშინაო მატჩი მოიგო, რასაც სტუმრად "დილასთან" გამარჯვება მოჰყვა. თუმცა, უმთავრესი მაინც ის იყო, რომ ამ ორი მოგებით გუნდმა პლეი აუტის ზონა დატოვა.

მოქმედი ჩემპიონიც მშვენივრად შეხვდა III წრეს, რისი დასტურიც ზედიზედ ორი მოგებაა, თანაც, ორჯერვე - დიდი ანგარიშით.

სხვათა შორის, ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ, ვიდრე ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზა დაიწყება, გია ცეცაძის "სამტრედიას" ზედიზედ მოუწევს ერთმანეთზე ურთულესი შეხვედრების ჩატარება თბილისის "დინამოსთან", "საბურთალოსა" და "ტორპედოსთან"...

კიდევ ერთი, დედაქალაქური...
ტური საინტერესო მატჩით იწყება და არანაკლებ საინტერესოთი მთავრდება - კიდევ ერთი დედაქალაქური დერბი ("საბურთალო"-"ლოკომოტივი"), უდავოდ, საინტრიგო შეხვედრა უნდა გამოდგეს.

ჯერ ის ვთქვათ, რომ ორივე გუნდში მრავლად არიან ერთიმეორეზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში რომ გამოდიან. არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს სამწვრთნელო დუელიც - გიორგი ჭიაბრიშვილიც ("საბურთალო") და გიორგი დევდარიანიც ("ლოკომოტივი") უპირატესობას შემტევ, გახსნილ ფეხბურთს ანიჭებენ...

სეზონის დაწყების წინ, როცა ეროვნული ლიგის ყველა გუნდის შანსებს ვაფასებდით, მიგვაჩნდა, რომ "ლოკომოტივსაც" და "საბურთალოსაც" რეალურად შეეძლოთ ბრძოლა ევროტურნირების საგზურებისთვის. თუმცა დღესდღეობით ორივე გუნდი ცხრილის შუაგულშია და ასევე ორივეს დიდი ძალისხმევა მოუწევს ზედა სამეულში მოსახვედრად.

არასტაბილურობა არის ძირითადი მიზეზი იმისი, თუ რატომ არ არიან დღეს "ლოკომოტივი" და "საბურთალო" ლიდერთა შორის. მაგრამ ამ ყველაფერს ბევრი ობიექტური მიზეზიც ჰქონდა და აქვს კიდეც - სეზონის სტარტიდან მოყოლებული, არც ჭიაბრიშვილსა და არც დევდარიანს, ფაქტობრივად, არცერთ მატჩში არ გაუყვანიათ მოედანზე მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგელობა.

მიზეზი, რა თქმა უნდა, წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები თუ დისკვალიფიკაცია იყო და ამ მხრივ გამონაკლისი არც XXI ტური იქნება, რომელშიც "ლოკომოტივი" დისკვალიფიკაციის გამო ორ ახალგაზრდა და საკვანძო ფეხბურთელს მოისაკლისებს - მარცხენაფლანგელ ირაკლი კომახიძესა და საყრდენ ნახევარმცველ დავით სამურკასოვს.

მიმდინარე სეზონში "საბურთალომ" ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით (2:1) მოუგო "ლოკომოტივს", თანაც, ორივე მატჩი ერთნაირი სცენარით მიმდინარეობდა: ორივეჯერ "ლოკომოტივი" დაწინაურდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში "საბურთალომ" ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა და გამარჯვებაც.

ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში გამარჯვების მომტანი გოლი "საბურთალოს" შემადგენლობაში შეცვლაზე შესულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაჰქონდათ: გიორგი კოხრეიძესა და ირაკლი ბიძინაშვილს...

ეროვნული ლიგა. XXI ტური
04.08. თბილისი. "დინამო არენა". 21:00
დინამო (თბ)-დილა
ურთიერთშეხვედრები
57: +41 =12 -4, 146-31
დისკვალიფიკაცია
ძარია, პაპავა (ორივე - დილა)
I-II წრე 1:2, 1:1

05.08. ბათუმი. "რაგბი არენა". 19:00 (LIVE, აჭარა)
დინამო (ბთ)-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
29: +13 =5-11, 45-37
დისკვალიფიკაცია
მგელაძე, კვასოვი (ორივე - დინამო ბთ)
I-II წრე 0:1, 0:2

05.08. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 21:00
ტორპედო-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
63: +29 =16 -18, 97-70
I-II წრე 2:1, 3:0

06.08. ივანწმინდა. 18:00
ჩიხურა-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
8: +5 =2 -1, 15-7
I-II წრე 3:1, 4:1

06.08. თბილისი. "დავით პეტრიაშვილი". 20:30 (LIVE "I არხი")
საბურთალო-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
4: +2 =1 -1, 6-5
დისკვალიფიკაცია
კომახიძე, სამურკასოვი (ორივე - ლოკომოტივი)
I-II წრე 2:1, 2:1

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო (თბ) 20 15 1 4 49-15 46
2. ტორპედო 20 13 4 3 31-14 43
3. სამტრედია 20 12 3 5 32-21 39
4. ლოკომოტივი 20 9 3 8 35-23 30
5. ჩიხურა 20 9 2 9 27-32 29
6. საბურთალო 20 8 2 10 23-27 26
7. დინამო (ბთ) 20 7 2 11 17-25 23
8. დილა 20 5 7 8 24-26 22
9. კოლხეთი 20 4 6 10 18-35 18
10. შუქურა 20 1 4 15 15-55 7

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
"დილას"მაგრად გაუჭირდება. მაგრამ,ბურთი მრგვალია და იმედიც ხომ ბოლოს კვდება. დასაკარგი არაფერია. თუ გუნდი მისეულ ხასიათს გამოავლენს, შედეგს აუცილებლად დაეტყობა. აბა თქვენ იცით. მიდით ბიჭებოო!!!!
gori 2
19:42 04-08-2017
0
დილა X2-ში კაი კუშიაქვს არ გამაზავენ ებრაელები.
ბესარიონოვიჩი
15:24 04-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული