ეროვნული ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ამ ტურის წინათქმაში ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ მოახლოებული მატჩები დიდ ინტრიგას გვპირდებოდა. თანაც, სატურნირო ინტრიგის გარდა, XXII ტური იმითაც იწვევდა გამორჩეულ ინტერესს, რომ, ფაქტობრივად, ხუთივე წყვილი თანაბარი სიძლიერის გუნდებით იყო დაკომპლექტებული (ერთადერთი, ალბათ, "საბურთალოს" ვანიჭებდით მცირე უპირატესობას "დილასთან" მატჩში). ანუ ამ ერთობ ხანგრძლივ (ოთხ დღეზე გაწერილ) ტურში ისეთი მატჩები უნდა ყოფილიყო, სადაც ფავორიტის სტატუსს ვერც ერთ გუნდს ვერ მიანიჭებდით!

ასეთი საინტრიგო მოლოდინი გამართლდა კი არა, უფრო მეტიც მოხდა. თანაც, ამ შემთხვევაში მხოლოდ სატურნირო ინტრიგას არ ვგულისხმობთ: ამ სეზონში კი არა, უკვე
სამი წელიწადია, მსგავსი სკანდალური ტური არ ჩატარებულა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. აღარ დავუბრუნდებით "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" მატჩზე მომხდარ ინციდენტს, მით უფრო, რომ დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაა და შესაბამის (და გვჯერა, რომ სამართლიან) სანქციებსაც გამოიტანენ ჩვენი პატივცემული დისციპლინარები...

თუმცა, XXII ტურში მხოლოდ ამ მატჩში არ მომხდარა ექსცესები: "სამტრედია"-"დინამოს" მატჩზე ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ტრიბუნიდან მსაჯების მიმართულებით ბოთლი ისროლა; ბათუმში კი, სადაც ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს აუტსაიდერები, "შუქურა" და "კოლხეთი" ხვდებოდნენ, თამაშის მსვლელობისას შუქი ჩაქრა და მატჩი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო!

ჰოდა, ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ, ნაკლებად აქტუალური უნდა იყოს იმის აღნიშვნაც, რომ გასული ტურის მერე სატურნირო ცხრილში არანაირი გადაადგილება არ მომხდარა! თუმცა, ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ ისედაც დაძაბული სატურნირო სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და არამხოლოდ ცხრილის ზედა ნაწილში.

აღარაფერს ვამბობთ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ სასიამოვნო ტენდენციაზე: ფაქტობრივად, ტური არ გავა, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებმა ერთიმეორეზე ეფექტური გოლები რომ არ გაიტანონ; გამონაკლისი არც ეს ტური იყო და რამდენიმე მართლაც ლამაზი გოლიც ვიხილეთ...

ლიდერი და ჩემპიონი
კი ვამტკიცებთ, რომ უფავორიტო ტური იყოო, მაგრამ ერთი მატჩი მაინც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა: ბოლო დროს მშვენივრად ათამაშებული "სამტრედია" ხომ თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა.

ჰო, ამაზე მეტი ინტრიგა რაღა უნდა ყოფილიყო: მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის წინააღმდეგ. საბედნიეროდ, ღირსეული მეტოქეების დაპირისპირებამ მოლოდინი გაამართლა და სამტრედიელმა ქომაგებმაც, უდავოდ, საინტერესო მატჩი იხილეს, სადაც კულმინაციამ შეხვედრის ბოლო წუთებზე მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ძირითადი დროის დამთავრებამდე 3 წუთი რჩებოდა, სტუმართა 19 წლის შემტევმა ბექა მიქელთაძემ მშვენიერი სოლო-რეიდი არანაკლებ ეფექტური და ზუსტი დარტყმით რომ დაასრულა და მიმდინარე სეზონში მეორედ შეძლო თავისი მშობლიური ქალაქის გუნდის კარში გოლის გატანა.

თუმცა, გია ცეცაძის დამოძღვრილი "სამტრედია" არ შეეგუა მოვლენების ასეთ განვითარებას და უკვე არბიტრის მიერ დამატებულ დროში, აშკარად დამუშავებული კომბინაციით საპასუხო გოლიც გაიტანა; თანაც, გოლსაც ხომ გააჩნია: მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მასპინძელთა კოტდივუარელმა ლეგიონერმა ინტერს გიმ თავური პასით გააგრძელა დავით რაჟამაშვილის წამოწყებული კომბინაცია და მერე კი შეცვლაზე შემოსულმა 22 წლის გურამ სამუშიამ ნახევარბრუნში მართლაც აუღებელი დაურტყა მანამდე უშეცდომოდ და მართლაც შთამბეჭდავად მოთამაშე ნუკრი რევიშვილს!..

ეს ფრე სტუმართათვის აშკარად მისაღები შედეგი უნდა ყოფილიყო (გამომდინარე სატურნირო სიტუაციიდან), თუმცა, "დინამოს" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას მორიგი საკადრო პრობლემა დაემატა: მატჩის დასაწყისშივე ტრავმა მიიღო თბილისური გუნდის ნიჭიერმა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. არადა, 19 წლის ლოჩოშვილმა ხომ სულ ახლახან მოირჩინა ტრავმა...

დაბოლოს, კიდევ ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზეც: 19 წლის ბექა მიქელთაძე თავის კარიერაში, უდავოდ, საუკეთესო სეზონს ატარებს და იმასაც ვიტყვით, რომ ეროვნულ ლიგაში ერთადერთი მხოლოდ მიქელთაძეა, ვინც III წრეში ჩატარებულ ოთხივე მატჩში შეძლო გოლ(ებ)ის გატანა!..

გასაოცარი შედეგიანობა
"ლოკომოტივი" 13 წელიწადი ვერ ახერხებდა "ტორპედოს" დამარცხებას საშინაო მატჩში და აი, როგორც იქნა, ეს ნავსი გატყდა! თანაც, ისეთ მატჩში, რომელიც პარასკევს, 11 აგვისტოს დაიწყო და ... გუშინ, 14 აგვისტოს დასრულდა.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ აღარ ვაპირებთ ამ მატჩში მომხდარი ინციდენტების კიდევ ერთხელ აღწერას და მხოლოდ წმინდა სპორტულ ასპექტებზე გავამახვილებთ ყურადღებას. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ორივე გუნდმა წარუმატებლად ითამაშა და, წესით, არც უნდა გაგვკვირვებოდა, რომ "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი და მისი ოპონენტი კახა ჩხეტიანი თავიანთი გუნდის ძირითად შემადგენლობაში გარკვეულ გადაადგილებებს მოახდენდნენ.

ასეც მოხდა და ეს ცვლილებები განსაკუთრებით საგრძნობი მასპინძელთა შემადგენლობაში ვიხილეთ (განსაკუთრებით - დაცვის ხაზში); როგორც გაირკვა, ამ გადაადგილებებმა ეფექტიანი შედეგი გამოიღო და ამ უმნიშვნელოვანესი 3 ქულით "ლოკომოტივმა" შეინარჩუნა IV ადგილი სატურნირო ცხრილში.

თავისი გუნდის გამარჯვებაში კი ლომის წილი შეიტანა ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ, რომელმაც, როგორც იქნა, დაარღვია "მშრალი სერია" და III წრეში პირველად შეძლო გოლ(ებ)ის გატანა; ეგ კი არა, 27 წლის ცენტრფორვარდმა მიმდინარე სეზონში უკვე მერვე (!) დუბლი შეასრულა და 17 გოლით კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში.

სტაბილური საბურთალო
III წრის სასტარტო ტურში "საბურთალო" საშინაო მატჩში დამარცხდა "ტორპედოსთან" და იმის შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა უკვე მესამე წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა, თანაც, ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სერია "საბურთალოს" მიმდინარე სეზონში ჯერ არ ჰქონია და ეს ახალგაზრდული გუნდი თუ კვლავაც გააგრძელებს სტაბილურად ასპარეზობას, მაშინ უკვე რეალურიც იქნება ევროტურნირების საგზურის მოპოვებაზე ფიქრიც!

"საბურთალომ" წინა ტურში "ლოკომოტივს" 6:0 მოუგო, ახლა კი მხოლოდ 2 გოლი "იკმარა": ჯერ იყო და, გუნდის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა გამოიჩინა თავი, შემდეგ კი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა იყოჩაღეს და ცოტნე ნადარაიას ეფექტური რეიდი არანაკლებ ეფექტური და ზუსტი დარტყმით ირაკლი ბიძინაშვილმა დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ 20 წლის ბიძინაშვილმა უკვე მეორედ შეძლო მიმდინარე სეზონში შეცვლაზე შესულმა გადამწყვეტი გოლის გატანა. აი, 21 წლის გიორგი ხარაიშვილმა III წრის დაწყებიდან უკვე მესამე გოლი გაიტანა...

"საბურთალოს" მეტოქეზე კი არაფერი გვითქვამს; ან კი, რა არის სათქმელი: ზედიზედ მეხუთე წაგებით "დილა" კვლავაც ვერაფრით ახერხებს პლეი-აუტის ზონიდან ამოსვლას! თუმცა, გიორგი დარასელიას გუნდი, წინა მატჩთან შედარებით, ერთიანად გადახალისებული შემადგენლობით (განსაკუთრებით - დაცვის ხაზში) ასპარეზობდა და ერთი ახალწვეულიც გამოჩნდა "დილაში": 26 წლის ნახევარმცველი ხალიფ ალხასანი (განა)...

აჭარაში სხვადასხვა განწყობაა...
სტაბილურობა უმთავრესი თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იყოს ამა თუ იმ გუნდის კონკრეტული მიზნის შესასრულებლად. ამ შემთხვევაში ბათუმის "დინამოზე" ვსაუბრობთ, მთელი სეზონის განმავლობაში სწორედ არასტაბილურობა რომ ახასიათებს და ალბათ, ამის გამოც რომ იმყოფება დღესდღეობით სახიფათო ზონის სიახლოვეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამომ" III წრე ზედიზედ 2 მოგებით დაიწყო, მაგრამ ამას შემდგომ უკვე ზედიზედ 2 მარცხი მოჰყვა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბათუმელთა გუნდის უკრაინელი თავკაცი კონსტანტინ ფროლოვი კვლავაც ვერაფრით ახერხებს ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანას და გამონაკლისი არც XXII ტურის მატჩი იყო "ჩიხურასთან", სადაც აჭარულ გუნდს, ფაქტობრივად, ყველა რგოლში აკლდა საკვანძო ფეხბურთელები.

არადა, ეს მატჩი სტუმართათვის იდეალურად დაიწყო: 19 წლის მარცხენა გარემარბმა ნიკა კვანტალიანმა თავისი გუნდი დააწინაურა და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა; "ჩიხურამ" მალევე შეძლო ანგარიშის გათანაბრება, როცა 33 წლის დიმიტრი ტატანაშვილმა ეფექტური თავური დარტყმით შანსი არ დაუტოვა სტუმართა 19 წლის მეკარე ლევან შოვნაძეს. ბათუმის "დინამოს" ახალგაზრდა და, უდავოდ, ნიჭიერი მეკარე ამ მატჩში კიდევ რამდენჯერმე მოექცა მოვლენათა ეპიცენტრში: ჯერ იყო და, გიორგი ივანიშვილის აშკარად უცნაური ტრაექტორიით გაგზავნილი ბურთი გაუშვა, შემდეგ კი "ჩიხურას" ახალწვეულ პაპუნა ფონიავას მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია!

ამ მოგებით კი სოსო ფრუიძის დამოძღვრილი "ჩიხურა" კვლავაც ინარჩუნებს მეოთხე ადგილზე გასვლის შანსს და პარალელურად, როგორც ამ გუნდს სჩვევია, თასზეც წარმატებით ასპარეზობას შეეცდება.

28 მაისი იყო, "შუქურამ" ახალი მწვრთნელის, გიორგი შაშიაშვილის თავკაცობით პირველი მატჩი (სტუმრად, "ლოკომოტივთან") რომ ჩაატარა და სეზონში პირველი გამარჯვებაც რომ იზეიმა! და აი, როგორც იქნა, პირველი საშინაო გამარჯვების დროც დადგა, თანაც, ამ მოგებით "შუქურამ" 8 ქულამდე შეამცირა სხვაობა "კოლხეთთან" და ქობულეთელთა გუნდის სატურნირო მდგომარეობასაც, დღესდღეობით, უიმედო ნამდვილად არ ეთქმის.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მასპინძელთა რიგებში ორი გოლი ახალწვეულებმა გაიტანეს: 30 წლის შემტევმა დავით ჩაგელიშვილმა და 23 წლის ცენტრალურმა მცველმა გია ჩადუნელმა. კიდევ ერთი გოლი კი აჭარული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, 31 წლის სანდრო გურულმა გაიტანა ეფექტურად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, თანაც, ეს კომბინაცია თვითონვე წამოიწყო!

"კოლხეთის" პრობლემებზე არაერთხელ ვწერდით და ფოთელთა გუნდის მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას ამჯერადაც არ ჰყავდა მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობა; კი ბატონო, ლეგიონერებმა, არფანგ დაფემ (სენეგალი) და ოლეკსანდრ დერებჩინსკიმ (უკრაინა) 2 გოლი კი გაიტანეს მასპინძელთა კარში, მაგრამ "კოლხეთის" დაცვამ იმდენი უპატიებელი შეცდომა დაუშვა ამ მატჩში, ანგარიში, ალბათ, ბევრად უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. ისე, "კოლხეთს" უკვე რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეროვნული ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 5 /
კოლხეთის ოპტიმალური შემადგენლობა რომელია ხომ ვერ გვეტყვით. იქნებ მესის მალავენ სადმე და ჩვენ არ ვიცით.
ჯონდი
11:52 16-08-2017
0
უუუუუუუუჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ, სიმბოლური ნაკრები კი გლიჯავს
kako
09:30 16-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული