''ჩვენი ფეხბურთი უცხოს არ დაუქცევია, ეს ისევ ჩვენი ხელით მოხდა"

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის XXII ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "სამტრედიისა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - 1:1, მაგრამ საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მეორე ტაიმში უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე პირველ ნახევარში და ზოგადად, ლეგიონერებიც ურიგოდ არ გამოიყურებიან.

"სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ამ მატჩზე, ლეგიონერებზე, შესაძლო სიახლეებსა და საერთოდ, ქართულ ფეხბურთზე გველაპარაკა:

- რა თქმა უნდა, მეორე წრეში "სამტრედია" შეიცვალა, რადგან დავიმატეთ ლეგიონერები და ნიკა საბანაძე - ინდივიდუალურად ძლიერმა მოთამაშეებმა გაგვაძლიერეს. ესაა ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მეორე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის
ჩავარდნის შემდეგ მოთამაშეებში მოტივაცია გაზრდილია. მესამე კი თემურ ლორთქიფანიძის ფაქტორია, რომელმაც ფეხბურთელები კარგად მოამზადა და ამის შედეგებს ახლა ვხედავთ.

თუმცა გუნდი ჯერ სათანადოდ შეთამაშებული არ არის და ახლა ამის გამოსწორება გვჭირდება. ამიტომაც იყო, "დინამოსთან" უპირატესობა რომ ვერ გამოვიყენეთ და კინაღამ წავაგეთ. ფეხბურთში მარტივი და ყველასთვის ცნობილი ლოგიკაა - ვერ გაიტან, გაგიტანენ!

- გაბონის ნაკრების მცველი ანრი ნდონგი როდის დაგეხმარებათ?
- ის უკვე ჩამოსულია და მალე დავიმატებთ. "ოსერში" ოთხი წელი თამაშობდა და ეტყობა, რომ კარგი ფეხბურთელია. სხვათა შორის, წლეულს ევროპის ლიგაზე ლიტვურ "სუდუვაში" ითამაშა, რომელიც ამ გათამაშების პლეი-ოფში გავიდა. გაბონის ფეხბურთის ფედერაციიდან ოფიციალური წერილი მივიღეთ, რომელიც გვატყობინებს, ნდონგი ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 2 და 5 სექტემბერს, გაბონი კოტ დ'ივუარს ორჯერ შეხვდება.

მართალია, ნდონგი ვარსკვლავი არ არის, მაგრამ ნაკრებში "დორტმუნდის" თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ერთად რომ იწვევენ, ეს კლუბისთვისაც ბევრს ნიშნავს და პირადად მისთვისაც.

- სხვა მოთამაშეებსაც ხომ არ ელოდებით ახლო მომავალში?
- სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდე, შესაძლოა, კიდევ ორი ფეხბურთელი დავიმატოთ.

- ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათქვამია, მაგრამ წლევანდელი ჩავარდნილი ევროსეზონი ჩვენი კლუბებისთვის ჭკუის სასწავლებელი თუ იქნება?
- ჭკუას ყოველ წელს ვსწავლობთ, მთავარია, ფული იყოს. იშვიათია გუნდი, ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს და ლეგიონერი არ ჰყავდეს. მათ მოსაზიდად კი ფულია საჭირო. ქართული გუნდი უცხოელში მილიონებს ვერ გადაიხდის, მაგრამ ისეთი უნდა ჩამოვიყვანოთ, ვინც გაგვაძლიერებს.

ჩვენი ახალი ლეგიონერებით კმაყოფილი ვარ. სხვათა შორის, აქამდე ლეგიონერებთან არ მიმუშავია. ისინი ქართველებს კონკურენციას უწევენ და თავიანთი აქ ყოფნით ადგილობრივი მოთამაშეებისა და საერთოდ, გუნდის ზრდას უწყობენ ხელს.

- როცა ევროპულ კლუბებში ფინანსური უფსკრული გაღრმავდა, შედარებით ღარიბებმა ახალი სატრანსფერო ბაზრის ძიება დაიწყეს - აფრიკასა და სამხრეთ ამერიკას მიაწყდნენ. ასეთი ბაზრები დღესაც არსებობს, სადაც ჩვენც შეგვიძლია საინტერესო მოთამაშეების მოძებნა...
- ბევრი საინტერესო ბაზარია - აფრიკა, ბრაზილია, არგენტინა, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნები... ვენესუელა და კოსტა რიკაც ზრდიან ფეხბურთელებს, რადგან თანამედროვე მეთოდებით მუშაობენ, იციან, რა მოთხოვნებია და როგორ გაზარდონ ბავშვები.

ლაპარაკი იმისკენ მიმყავს, რომ ქართველებს ნიჭი გვაქვს, მაგრამ მოთამაშის გაზრდა არ ვიცით. ამას მილიარდები და სენსორიანი კარი არ სჭირდება. უბრალოდ, აუცილებელია სწორი მოედანი, კარგი მწვრთნელები და სწორი აღზრდა. დღეს, იცით, რა არის უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა?

- რა?
- რა და, ფეხბურთელების უმრავლესობას ბურთის სწრაფად მიღება და გაცემა უჭირს. მილიონები არც აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში აქვთ, მაგრამ ამას ასწავლიან.

ლეგიონერები კარგია და გვჭირდება, მაგრამ დროთა განმავლობაში საკუთარ აღზრდილებს უნდა დავეყრდნოთ. "დინამოს", "ლოკომოტივისა" და "საბურთალოს" მსგავსად, საფეხბურთო აკადემია ბევრ გუნდს რომ ჰქონდეს, ასეთ კრიზისში არ ვიქნებოდით. არადა, ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებზე ქართველები სიმბოლურ ნაკრებში სამჯერ დაასახელეს - კაკაბაძე, ენდელაძე და არაბიძე. ანუ ტალანტები აქაც არიან და ჯობია, მივხედოთ მათ.

- მაგრამ ეს როდის იქნება? ახლა ყველა ფიქრობს, მომავალ ევროსეზონში წლევანდელი ზაფხულის დარი სირცხვილი თავიდან როგორ ავიცილოთ. კარგად ვხედავთ, ამის შემდეგ ხალხს ფეხბურთზე აგრესია გაუჩნდა, ისმის მოწოდებები - "აღარ გვინდა ფეხბურთი", "დავანებოთ თავი და სხვა სახეობებს მივხედოთ"...
- ანუ ფეხბურთს შევეშვათო? ეს რომ საქართველოში არასოდეს მოხდება, ხომ ყველამ იცის. ვისაც არ მოსწონს, თავი დაანებოს, მაგრამ მე მჯერა, რომ ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს და საპირისპიროში ვერავინ დამარწმუნებს.

სხვა საკითხია, წარუმატებლობა რისი ბრალია. სხვისკენ ხელის გაშვერას, ჯობია, მიზეზები საკუთარ თავში ვეძებოთ. ჩვენი ფეხბურთი ვიღაც უცხოს არ დაუქცევია, ეს ისევ ჩვენი ხელით მოხდა და აქამდე მივედით. არადა, ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის - გვჭირდება მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომლითაც თბილისსა და რომელიმე სოფელში ერთნაირად ივარჯიშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მ არტალია! ვინც ფეხბურთში ,,მუშაობდა''დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და ,,საქმიანობდა''იმათ დაღუპეს არავინ მოსულა სხვა გარედან.თუ არ ჩავტვლით ეროვნულის მწვრთნელებს და კლუბებში მოწვეულ უცხოელ მწვრთნელებს, რომლებიც ფეხბურტელების აღზრდის ქარტულ სისტემას არ იცნობენ და არც ფეხბურთელების შესაძლებლობებს
სანდრო
09:12 18-08-2017
0
ამას უკვე დაავიწყდა "ყარაბაღი" და ჭკუასაც გვარიგებს?
1,2,3,5,8...
12:05 17-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული