ეროვნული ლიგა 2: უცხოელები აქაც არიან...

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მსგავსად, რანგით მეორე ლიგის გათამაშებაც ერთობ დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს. თანაც, დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე ათივე გუნდისათვის, ფაქტობრივად, ყველა ტურს უდიდესი მნიშვნელობა აქვს!

ეგ კი არა, რატომღაც გვგონია, ასეთი სატურნირო ინტრიგა IV წრის ბოლო ტურებამდე გაგრძელდება. ინტრიგა კი, როგორც აღვნიშნეთ, ფაქტობრივად, ყველგან არის, ცხრილის ზედა ნაწილშიც (პირველადგილოსანი ავტომატურად დაწინაურდება ეროვნულ ლიგაში, მეორე-მესამეადგილოსნებს ორმატჩიანი პლეი-ოფის მატჩები ელოდებათ ეროვნულ ლიგაში VIII-IX ადგილებზე გასულ გუნდებთან) და ქვედა ნაწილშიც (ბოლოადგილოსანი ავტომატურად დაქვეითდება ლიგა III-ში, VIII-IX-ადგილოსნებს კი პლეი-აუტში მოუწევთ
ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისათვის ბრძოლა).

მოკლედ, რანგით მეორე ლიგის წლევანდელი გათამაშება მართლაც დამაინტრიგებლად მიმდინარეობს და ამაში დიდი დამსახურება მიუძღვით ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებს.

ამ ცოტა ხნის წინათ "ლელო" უკვე წერდა ეროვნული ლიგა 2-ის ფავორიტებსა თუ აუტსაიდერებზე; აქ მოასპარეზე გამორჩეული მწვრთნელებისა თუ ფეხბურთელების გარჯაც აღვნიშნეთ. ოღონდ იმ საგაზეთო სტატიაში აქცენტი მხოლოდ ქართველ ფეხბურთელებზე გვქონდა და მაშინ აღვნიშნეთ, რომ ეროვნულ ლიგა 2-ში, ქართველების გარდა, რამდენიმე გამორჩეული ლეგიონერიც ასპარეზობს და სწორედ მათ წარმოგიდგენთ დღეს...

სეზონის დაწყებამდეც ყველა იმ აზრის გახლდათ, რომ ეროვნული ლიგა 2-ის ყველაზე გამოკვეთილი ფავორიტი "მერანი" უნდა ყოფილიყო. მარტვილელთა გუნდმა თითქმის მთლიანად შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი და მათ შორის, ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი, 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბენჯამენ ტეიდი (ნიგერია). ტეიდი უკვე მეშვიდე წელია საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს ("გაგრაში" გამოჩნდა პირველად), მარტვილელთა გუნდში კი უკვე მესამე სეზონს ატარებს და როგორც აღვნიშნეთ, "მერანის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახლავთ.

ტეიდის მეტოქის შეტევების ჩაშლაც მშვენივრად ეხერხება და ორთაბრძოლებშიც არაფერი დაეწუნება, სულ ახლახან კი "სიონის" კარში ისეთი ეფექტური გოლი გაიტანა, ნეიტრალური ქომაგიც რომ ვერ დარჩებოდა გულგრილი!..

საქართველოს ჩემპიონატში პირველ სეზონს ატარებს გამოცდილი შემტევი სერგეი ტრეტიაკი და უნდა ითქვას, რომ ადაპტაცია საერთოდ არ გასჭირვებია: 32 წლის უკრაინელი ეროვნული ლიგა 2-ს მართლაც გამორჩეული გოლეადორების, ჯაბა დვალის ("სიონი") და დათა სიჭინავას ("რუსთავი") რეალური კონკურენტი გახლავთ საუკეთესო ბომბარდირთა დავაში.

II წრის ბოლოსკენ "მერანში" კიდევ ერთი ლეგიონერი გამოჩნდა: უფრო სწორად, ნიგერიელი რაფაელ ჩუკვურა სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მარტვილელთა გუნდს. 25 წლის ჩუკვურას უმაღლეს ლიგაში, "მერანის" გარდა, "ზუგდიდშიც" უთამაშია (ისე, როგორც - ქვედა ლიგებში მოასპარეზე "ჩხერიმელასა" და "ალაზანში") და საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე უცხოელ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

ლეგიონერების გარეშე ასპარეზობენ ეროვნულ ლიგაში აღზევების სხვა კანდიდატები: "რუსთავში" ჯერჯერობით არც ერთი უცხოელი ფეხბურთელი არ გამოჩენილა, "სიონში" ეპიზოდურად უხდებოდა თამაში I-II წრეში 23 წლის ნახევარმცველ ალენ ვიანეის (კოტდივუარი), III წრიდან კი ბოლნისურ გუნდში უკრაინელი 24 წლის რუსლან დემიანოსი გამოჩნდა. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვიანეიც და დემიანოსიც უკვე წლებია საქართველოს ჩემიონატში ასპარეზობენ (ოღონდ პირველი ლიგის სხვადასხვა გუნდში).

ეროვნული ლიგა 2-ის წლევანდელი სეზონის სიურპრიზად უნდა მივიჩნიოთ "სამგურალის" წარმატებული ასპარეზობა და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ წყალტუბოელთა გუნდმა უკვე ორჯერ მოახერხა ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი ფავორიტის, "რუსთავის" დამარცხება. არადა, გია გიგატაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამგურალი" საშინაო მატჩებს სხვაგან (მარტვილში) ატარებს და ამ წარმატებულ თამაშს ლეგიონერების გარეშე აღწევს.

ასევე ულეგიონეროდ აგრძელებს ჩემპიონატს "გაგრა", ბევრისთვის მოულოდნელად, ზედიზედ 6 მატჩი რომ წააგო; არადა, ასევე ბევრს მიაჩნდა, რომ ზემოთ ნახსენებ "მერანთან", "სიონთან" და "რუსთავთან" ერთად, სწორედ "გაგრა" უნდა ყოფილიყო ეროვნულ ლიგაში აღზევების ერთ-ერთი რეალური კანდიდატი (ისე, როგორც - "ვიტ ჯორჯია").

თუმცა, გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო "გაგრას" ივლისს-აგვისტოში კრიზისი დაეწყო, გუნდის უკრაინელმა ახალწვეულმა იგორ მუჩაკმა კი მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და სამშობლოში დაბრუნდა. ასევე აღარ თამაშობს "გაგრაში" კიდევ ერთი უკრაინელი, 24 წლის უნივერსალი ოლეგ ლუცენკო, თუმცა ეს ფეხბურთელი I-II წრეშიც და წინა სეზონშიც "გაგრას" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ!

"ვიტ ჯორჯიასაგანაც" აშკარად მეტს ველოდით ამ სეზონში, თუმცა "ვეტერინარებს" კიდევ აქვთ დრო, სატურნირო სიტუაცია რომ გამოასწორონ; აი, რაც შეეხება ლეგიონერებს, ამ კლუბთან ეს თემა ხომ აშკარად არააქტუალურია... დღიდან, "ვიტ ჯორჯიას" დაარსებიდან!..

საქართველოს თასის პირველ მფლობელ "გურიას" მიმდინარე სეზონში ერთობ მოკრძალებული მიზანი აქვს: ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნება! სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კიდეც ლანჩხუთელთა კლუბის აქტიურობა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში: ერთწლიანი პაუზის მერე "გურიაში" დაბრუნდა უკრაინელი მეკარე ანდრეი პოლტავცევი, 30 წლის ცენტრალურ მცველ მაგლუარ ტელას (კამერუნი) სხვადასხვა ქართულ გუნდში არაერთი სეზონი ჩაუტარებია, 19 წლის საყრდენი ნახევარმცველი ემანუელ იაგრი (განა) კი სადებიუტო სეზონს ატარებს საქართველოს ჩემპიონატში.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ "გურიას" კიდევ ერთი ახალწვეული ლეგიონერი, ბრაზილიელი ვაგნერ და სილვა: 27 წლის ამ ტანმაღალმა ცენტრფორვარდმა 5 მატჩი ჩაატარა "გურიას" შემადგენლობაში და 4 გოლი გაიტანა.

მას შემდეგ, რაც მეკარე ვლადიმირ მელნიჩენკო (უკრაინა) და ცენტრალური მცველი კაზიმ ოლუვა (ნიგერია) გუნდიდან წავიდნენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, "ცხინვალი" ულეგიონეროდ დარჩა. თუმცა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდში კვლავაც უკრაინელი მეკარე გამოჩნდა: 21 წლის ვადიმ პროკოპენკო.

ზაფხულის პაუზის მერე არც ერთი ლეგიონერი აღარ დარჩა "მეშახტეში", არადა, ტყიბულელთა გუნდში მანამდე სამი სეზონის განმავლობაში გამოდიოდნენ კამერუნელი მეკარე ანდროს ნონოსი და ნიგერიელი შემტევი მარტინს ნვანკვო.

დაბოლოს, "ზუგდიდზეც", სადაც ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ორ გამოცდილ ქართველ ახალწვეულთან (გოჩა ხოჯავა, ბესიკ ჩიმაკაძე) ერთად, სამი ლეგიონერიც ჩაირიცხა: 30 წლის ცენტრალური მცველი მაქსიმ კირსანოვი (რუსეთი), 26 წლის მარცხენა მცველი შერზოტ შაკიროვი (ყირგიზეთი) და 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი ოლეკსანდრ იგნატენკო (უკრაინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოგვიწევს მეოთხე წრეში რუსთავში მოგება
ogafa
19:57 25-08-2017
0

სიახლეები პოპულარული