12:01 28-08-2017
დინამო(ბთ)-დინამო(თბ) 1:2 - ამით ფასობენ ინდივიდუალისტები [VIDEO]
AutoSharing Option
ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მოიგო უფრო ძლიერმა, გამართულად მოთამაშემ და მიზანსწრაფულმა. ახალგაზრდულ "დინამოს" შეხვედრის ბოლოსკენ მეტი ენერგია შერჩა. არადა, გასაკვირი სულაც არ იქნებოდა, შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო - კონსტანტინ ფროლოვის გაწვრთნილ "დინამოს" ქულასთან წამებიღა აშორებდა...
ასე იყო, ასეა დღესაც და ასე იქნება მანამ, სანამ მისი უდიდებულესობა ფეხბურთი იარსებებს: გადამწყვეტ მომენტებს ძალიან ხშირად წყვეტენ გამორჩეული ინდივიდუალისტები. სწორედ ამით ფასობენ და გამოირჩევიან ისინი.
ამჯერადაც ასე მოხდა. რომელიმე ფეხბურთელს რაღაც განსაკუთრებული რომ არ გამოეგონებინა, შეხვედრა აუცილებლად ფრედ დასრულდებოდა. სწორედ ამ დროს აიღო თამაში საკუთარ თავზე დინამოელთა "ათიანმა" გიორგი ჩაკვეტაძემ. მან მოწინააღმდეგე მაღალოსტატურად გააცურა და მოხდენილი პასით საგოლე მომენტი შეუქმნა ბექა მიქელთაძეს. მართალია, "დინამოს" ბომბარდირმა ვერ გაიტანა, მაგრამ დამატებაზე ზუსტად და მძლავრად დასცხო აკაკი შულაიამ, რითიც კახა კაჭარავას გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
ამ მოგებით საჩემპიონო რბოლაში "დინამომ" კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა უშუალო კონკურენტ ქუთაისის "ტორპედოსთან", რომელმაც იმერულ დერბიში ქულები გაუყო "სამტრედიას".
საინტერესოა, რომ როგორც პირველი გოლის ავტორი ლევან გეგეჭკორი, ისე შულაია, მარტვილის "მერანის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილები არიან. გავიხსენოთ ისიც, რომ არცთუ დიდი ხნის წინ გეგეჭკორი ბათუმური კლუბის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ...
პირველი გოლი სწორედ მისი იყო. "მოჭრილმა" ბურთმა ჯერ ძელი "მოიკითხა", მერე კი ისე შევარდა ბათუმელთა კარში, აჭარელთა ახალგაზრდა და ნიჭიერ გოლკიპერ ლევან შოვნაძეს თავისიანების ხსნის იოტისოდენა შანსიც არ ჰქონია.
მასპინძელმა "დინამომ" მალე გაათანაბრა ანგარიში. ბათუმელთა შორის საუკეთესომ, ელგუჯა გრიგალაშვილმა, ვინც თანდათან იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას, მახვილი კუთხიდან შეაგდო.
ფაქტია, ბათუმელებმა თამაშს უნდა მოუმატონ. ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მათთვის მიმდინარე სეზონი არ იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც - ბოლო წლებში. წარუმატებლობა კი იმისთვის არსებობს, რომ დასკვნები გამოიტანო. მასპინძლებმა ზურაბ არზიანი, ოთარ მარცვალაძე და გიორგი ქავთარაძე კი მოისაკლისეს, მაგრამ ყველაფერს ამ სამი კარგი ფეხბურთელის არყოფნას ვერ დავაბრალებთ.
მატჩის სტენოგრამა
6' - თემურ ჩოგაძის დარტყმა ასცდა თბილისელთა კარს.
9' - გოლი! ლევან გეგეჭკორის ძლიერი, "მოჭრილი" დარტყმა - 0:1!
16' - ბაქარ ქარდავას შორეული დარტყმა. ლევან შოვნაძე ადგილზეა.
20' - ბორის მახარაძემ თბილისელთა საჯარიმოში შეატრიალა ბურთი. მცველებმა მისი გამოტანა სცადეს და კინაღამ ანგარიში გათანაბრდა - ბურთი იაროსლავ კვასოვს მოხვდა და ხიფათი განიმუხტა.
24' - თემურ ჩოგაძის შესანიშნავი გადაცემა და ელგუჯა გრიგალაშვილმა თავით ვერ გაიტანა.
27' - გიორგი თევზაძემ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.
32' - გრიგალაშვილი სამ დინამოელს გასცდა და შორეულ კუთხეში გაიტანა - 1:1!.
78' - ნიკა ნინუას დარტყმა ბათუმელთა კარს ასცდა.
84' - მიქელთაძის პასის შემდეგ ქოჩლაძემ შესანიშნავი შანსი გაფლანგა.
92' - გოლი! გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი რეიდი და პასი მიქელთაძეს. ამ უკანასკნელს მეკარემ აუღო, დამატებაზე კი აკაკი შულაიამ იმარჯვა და "დინამოს" გამარჯვება მოუტანა - 2:1!
ეროვნული ლიგა. XXIV ტური
26.08. ბათუმი. "რაგბი არენა"
დინამო(ბთ)-დინამო(თბ) 1:2
გოლები: 0:1 გეგეჭკორი (9), 1:1 ე. გრიგალაშვილი (33), 1:2 შულაია (90+2)
დინამო ბთ (5-2-2-1): შოვნაძე - ტვილდიანი, მახარაძე, კვირკველია, მგელაძე, სუხიაშვილი - შონია, ე. გრიგალაშვილი - ჩოგაძე (70. ფლამარიონი), ვ. თევდორაძე (89. ვარშანიძე) - კვასოვი (81. კვანტალიანი).
სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ჭკუასელი
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
დინამო თბ (4-2-3-1): რევიშვილი - გეგეჭკორი, თოთაძე, კობოური, თევზაძე (30. სალუქვაძე) - ქარდავა, ნინუა (89. კუცია) - შულაია, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე - კოვტალიუკი (57. ქოჩლაძე).
სათადარიგოები: ბულისკერია, მიშჩენკო, ლილუაშვილი, ალიუ
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: თევდორაძე (5), სუხიაშვილი (23), კოვტალიუკი (34), შონია (57), სალუქვაძე (90)
არბიტრი: პ. მაჭარაძე.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 19
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. არაბული (დინამო თბ/ბალმაზივარ) 11
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი/დინამო თბ) 10
მომდევნო ტური
8 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-სამტრედია
ტორპედო-ჩიხურა
9 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-დილა
დინამო (თბ)-შუქურა
10 სექტემბერი, კვირა
საბურთალო-დინამო (ბთ)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული