"შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები, როგორც გუნდი, შედგა"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორი მატჩის შეფასება ვთხოვეთ ახლო წარსულში ეროვნული გუნდის წევრს, მოგვიანებით თბილისის "დინამოს" მწვრთნელ კახი გოგიჩაიშვილს. მან რამდენიმე ძალიან საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

- ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]
- საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]

- ჯერ, განვლილი ორი მატჩის ზოგადი თქვენეული შეფასება გვინდა, მოვისმინოთ...

- ჩვენი ნაკრების მიერ ირლანდიასთან ნაჩვენები ფეხბურთით, ალბათ, ყველა კმაყოფილი დავრჩით. ჩემი აზრით, ეს თამაში მიმდინარე შესარჩევ ციკლში ცალსახად საუკეთ
ესო იყო საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ალბათ, დამეთანხმებით, მოგებაც თავისუფლად შეიძლებოდა და ეს შედეგი უფრო კანონზომიერიც იქნებოდა.

რაც შეეხება ავსტრიასთან მატჩს, შესაძლოა, თამაშის ხარისხი აღარ იყო ისეთი, მაგრამ ვენაში ჩვენთვის მისაღები შედეგი დაფიქსირდა.

- რა იყო ის მთავარი დადებითი ტენდენცია, რაც შენიშნეთ საქართველოს ნაკრების თამაშში?
- საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩში ისე აკონტროლებდა ბურთს, ამის გაკეთება მსოფლიოს წამყვან ნაკრებებსაც უჭირთ. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და როცა ამას ვხედავთ ირლანდიის დონის ნაკრებთან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები, როგორც გუნდი, შედგა. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი სტაბილურობა და ისიც, რომ უფრო თანაბრად ჩავატაროთ ტაიმები...

ბევრ ჩვენს ფეხბურთელს აკლია სათამაშო პრაქტიკა. ამაზე ისედაც ყველა ძალიან ბევრს ლაპარაკობს და მე აღარ დავკონკრეტდები.

- საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა...
- ზოგიერთ მათგანს გაკვრით უკვე შევეხე წინა კითხვის პასუხში. მე მაინც გამოვარჩევდი სტანდარტული მდგომარეობებიდან თავის დაცვის პრობლემას. სხვათა შორის, ეს პრობლემა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში არ დგას. ის მძაფრად დგას როგორც საქართველოს ახალგაზრდულ, ისე სხვა ასაკობრივ ნაკრებებში.

წეღანაც ვთქვი - ბევრს აკლია კლუბში სათამაშო პრაქტიკა და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ თანაბარ დონეზე გვიჭირს მატჩების ჩატარება. ერთ ტაიმს მეორეზე უკეთესად ან უარესად ვთამაშობთ ხოლმე. თერთმეტ ფეხბურთელს კი არა, როცა ნაკრებზეა ლაპარაკი, სასურველია 18-22 ფეხბურთელს ჰქონდეს უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა. სამი-ოთხი კაცი რომ ამოვარდება ნაკრებიდან სხვადასხვა მიზეზის გამო, ისინი ღირსეულად უნდა შეიცვალონ.

კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი ის არის, რომ საქართველოს ნაკრებს არ უთამაშია ოპტიმალური შემადგენლობით. ჩემი აზრით, როცა ის ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებიან, რომლებიც ახლა დაშავებულები არიან, ნაკრებს ექნება იმის პოტენციალი, რომ გულშემატკივარი გაახაროს.

- წლების განმავლობაში თქვენ ფლანგიდან აწიოკებდით მოწინააღმდეგეებს თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებში. რას იტყვით ეროვნული გუნდის ფლანგელებზე?
- ნამდვილად კარგი მდგომარეობა გვაქვს, თუნდაც რაოდენობრივად. ჩამოვთვალოთ, რამდენ ფეხბურთელს შეუძლია ფლანგზე წარმატებით თამაში - ყაზაიშვილი, ჯიღაური, მერებაშვილი, ჭანტურია, არაბიძე... ჯანოსაც შეუძლია ფლანგზე თამაში. მათ ხელეწიფებათ, ნებისმიერ წამს გაამწვავონ თამაში. მთავარია, რომ ვლადიმირ ვაისს არჩევანი აქვს. ის გადაწყვეტს, რა დროს ვინ დააყენოს, სათამაშო ფორმის მიხედვით.

- ცალკე უნდა გკითხოთ გიორგი არაბიძეზე...
- რა თქმა უნდა, ის ძალიან ნიჭიერი, დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. უბრალოდ, რამდენ ხანს უნდა ითამაშოს "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში? თუ მას მთავარ გუნდში არ ეძლევა სათამაშო პრაქტიკა, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ კლუბს შეიცვლის.

მას ძალიან სჭირდება უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა არა დუბლების, არამედ - ძირითადი გუნდის დონეზე. ამასთან, მისთვის უკეთესი არ იქნება, ითამაშოს თუნდაც ახალგაზრდულ ნაკრებში და მერე გამობრძმედილი დაუბრუნდეს ეროვნულ გუნდს?

კიდევ ერთხელ ვამბობ - ორი აზრი არ არის, ის ძალიან ნიჭიერია და პოტენციალი აშკარად აქვს.

- დაბოლოს, ვლადიმირ ვაისის მიერ აქამდე გაწეული მუშაობის შეფასება უნდა გთხოვოთ...
- ახლა ამაზე ბევრი საუბრობს. მე მოკლედ ვიტყვი, რომ მის მიერ აქამდე გაწეულ სამუშაოს ნორმალურად ვაფასებ. ციკლი ნაკრებმა ვერ დაიწყო კარგად, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი მიზეზი - გუნდი შენების პროცესში იყო. მგონი, ახლა ვითარება უკეთესობისკენაა შეცვლილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია, გააგრძელებს თუ არა კონტრაქტს ვაისთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეჰ! როცა ის ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებიან, რომლებიც ახლა დაშავებულები არიან, მერე სხვა ფეხბურთელები დაშავდებიან... ოდეს ყოფილ არს აქამომდე, საქართველოს ნაკრებს ოპტიმალური შემდაგენლობით ეთამაშოს?!
ალეკო
14:18 09-09-2017
0
იქნებ ეს იყო ოპტიმალური შემადგენლობა და იმიტომაც ითამაშე უკეთესად?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
16:23 09-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული