ეროვნული ლიგა. XXVI ტურის წინ: სათასო გამოძახილი

AutoSharing Option
III წრის ბოლოსწინა ტურს ეროვნული ლიგის გუნდები სხვადასხვანაირად ხვდებიან: ათიდან, ოთხმა გუნდმა (თბილისის "დინამომ", "ტორპედომ", "ჩიხურამ", "დილამ") შუა კვირაში არცთუ იოლი სათასო მატჩები ჩაატარა, დანარჩენ ექვს გუნდს ამ შაბათ-კვირას გასამართი მატჩებისთვის მოსამზადებლად უფრო მეტი დრო ჰქონდათ...

მოკლედ, ახლა გამოჩნდება, თუ როგორ ახერხებენ ჩვენი გუნდები ასეთ მჭიდრო გრაფიკში მიზნების მიღწევას; არადა, III წრის ბოლოსწინა ტურის, ფაქტობრივად, ყველა მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს და რაც მთავარია, არც ერთ წყვილში არ ჩანს გამოკვეთილი ფავორიტი.

ეგ კი არა, ისეთი ტურია, ერთბაშად რამდენიმე გადაადგილებას რომ
უნდა ველოდოთ სატურნირო ცხრილში. თუმცა, რამდენიმე გუნდს "ძვრა" არ ემუქრება და ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, თბილისის "დინამოს" პოზიცია უნდა აღვნიშნოთ: თბილისურმა გრანდმა გუნდმა, ისე როგორც I და II წრეში, III წრეშიც არავის დაუთმო პირველობა!

ანუ, კახა კაჭარავას გუნდი "გაზაფხულის ჩემპიონიც" გახდა, "ზაფხულისაც" და აი, ახლა უკვე "შემოდგომის" არაოფიციალური ტიტულის მფლობელიცაა...

16.09. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 16:00
სამტრედია-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
12: +5 =1 -6, 16-16
I-II წრე 0:0, 1:0

ამ ტურის ხუთივე მატჩი მართლაც დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ, ყველაზე საინტრიგო, რაღა თქმა უნდა, XXVI ტურის საწყისი და ბოლო შეხვედრებია! თუმცა, სჯობს მივყვეთ თანამიმდევრობით და ჯერ იმ მატჩზე ვისაუბროთ, სანახაობრივი ფეხბურთის მოყვარული გუნდები რომ ხვდებიან ერთმანეთს!

აღარაფერს ვამბობთ სატურნირო სიტუაციაზე: ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ამ ტურს შვიდმატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, გია ცეცაძის გუნდი ბოლომდე იბრძოლებს შარშანდელი ტრიუმფის გასამეორებლად.

ეს კი, იმის მიუხედავად, რომ "სამტრედია" დღესდღეობით 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ თბილისის "დინამოს". თანაც, არცთუ უმნიშვნელო ფაქტიც არ უნდა დაგვავიწყდეს: იმავე "დინამოსაგან" განსხვავებით, "სამტრედიას" წამყვანი ფეხბურთელები "გზადაგზა" არ აკლდებიან!

ეგ კი არა, ამ გუნდის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან ორი ცნობადი უცხოელი ახალწვეულის გამოჩენას "სამტრედიას" შემადგენლობაში: გაბონის ნაკრების 25 წლის მცველი ანრი ნდონგისა და ბერძნული "ოლიმპიაკოსის" ყოფილი ფორვარდის, 24 წლის მაიკლ ოლაიტანის (ნიგერია) სადებიუტო მატჩი საქართველოს ჩემპიონატში, შესაძლოა, სწორედ ამ ტურში შედგეს...

III წრეში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი "სამტრედიაა", თუმცა, ბოლო ტურებში "ლოკომოტივიც" მშვენივრად გამოიყურება.

რაც მთავარია, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის მიერ განხორციელებული ძირითადი შემადგენლობის როტაციას სასურველი შედეგი მოაქვს: ზედიზედ 4 მოგების შემდეგ, "ლოკომოტივმა" სერიოზული განაცხადი გააკეთა საპრიზო სამეულში მოსახვედრად!

16.09. ბათუმი. რაგბი არენა. 20:00
დინამო (ბთ)-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
53: +14 =9 -30, 57-87
დისკვალიფიკაცია: გუგა ფალავანდიშვილი (ტორპედო)
I-II წრე 1:3, 0:1

წინა სეზონის ბრინჯაოს პრიზიორი და თასის მფლობელი ამ ჩემპიონატში არასტაბილურად ასპარეზობენ. თუმცა, ეს უფრო ბათუმის "დინამოზე" ითქმის - თითქმის მთელი ამ სეზონის განმავლობაში გასავარდნი პლეი აუტის სიახლოვეს რომ ტრიალებს. თუმცა, ობიექტური მიზეზებიც უნდა ვახსენოთ: ფაქტობრივად, მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, ბათუმის "დინამოს" აშკარად არაოპტიმალური შემადგენლობით უწევდა ასპარეზობა...

ერთი შეხედვით, "ტორპედოს" გულშემატკივრებს თავიანთი საყვარელი გუნდის მიმართ სასაყვედურო არაფერი უნდა ჰქონდეთ: ჩემპიონატში მეორე-მესამე ადგილს იყოფს, თასზე კი, ნახევარფინალშია გასული და, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მომავალ ზაფხულსაც ვიხილავთ ევროტურნირებზე.

თუმცა "ტორპედო" I და II წრეში უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, ვიდრე - მესამეში. ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ გუნდმა ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ 5 ქულა მოაგროვა.

შუა კვირაში გამართულ სათასო მატჩში ("შევარდენთან"), "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს (როინ კვასხვაძე, გრიგოლ დოლიძე, თორნიკე კაპანაძე) დასვენების საშუალება მისცა.

თუმცა, ეროვნულ ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ ბათუმის "დინამოსთან" მატჩში, ვეჭვობთ, რომ ქუთაისელთა გუნდის შემადგენლობა კვლავაც ექსპერიმენტული იყოს: ქულები ხომ ორივე გუნდს ძალიან სჭირდება!

17.09. ივანწმინდა. 16:30
ჩიხურა-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
8: +5 =0 -3, 15-8
დისკვალიფიკაცია: თორნიკე გრიგალაშვილი, დინო ჰამზიჩი (ორივე ჩიხურა)
I-II წრე 3:1, 3:1

"ჩიხურა" ბოლო წლებში "სათასო გუნდად" იქცა და სოსო ფრუიძის შეგირდებმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს - ზედიზედ მეექვსედ გავიდნენ ნახევარფინალში! თუმცა, საჩხერელთა გუნდი ჩემპიონატსაც რომ არ უდგება ზერელედ, წინა ტურშიც ნათლად გამოჩნდა, როცა "ჩიხურამ" სტუმრად შეძლო ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ფავორიტის, "ტორპედოს" დამარცხება.

"კოლხეთის" წარუმატებლობებს კი ბოლო არ უჩანს: ფოთელთა გუნდი ამ ტურს 11-მატჩიანი მოუგებელი სერიით ხვდება! ჰოდა, თუ ასე გაგრძელდა, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, მალე სულაც ბოლო ადგილზე რომ გადაინაცვლოს.

და ასე რომ არ მოხდეს, სწორედ ამ მიზნით მოიყვანეს ფოთელთა გუნდში ახალი მწვრთნელი: უკრაინელი ალექსანდრ შტელინი წელიწადნახევრიანი პაუზის მერე უბრუნდება საქართველოს ჩემპიონატს.

ისე, მართლაც საინტერესო უნდა იყოს ეროვნული ლიგის ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელების დაპირისპირებაც: 59 წლის ფრუიძე 63 წლის შტელინის წინააღმდეგ!

17.09. ბათუმი. რაგბი არენა. 18:30
შუქურა-დილა
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =1 -2, 9-10
დისკვალიფიკაცია
გიორგი კახელიშვილი (შუქურა)
I-II წრე 0:0, 0:4

ორივე გუნდისთვის სეზონის დარჩენილი ყველა მატჩი გადამწყვეტია! ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინათ, "შუქურა" ყველას ქვედა ლიგაში გავარდნისათვის განწირული ეგონა, მაგრამ ახალი მთავარი მწვრთნელის (გიორგი შაშიაშვილი) მოყვანამაც გაამართლა და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მოყვანილმა ახალმა ფეხბურთელებმაც საგრძნობლად გააძლიერეს ქობულეთელთა გუნდი.

დღესდღეობით, "შუქურას" სატურნირო მდგომარეობას "უიმედო" ნამდვილად აღარ ეთქმის. არცთუ უმნიშვნელო ფაქტია - ბოლო ადგილზე მყოფმა გუნდმა III წრეში ჩატარებულ ყველა მატჩში შეძლო გოლის გატანა.

...7 მატჩი, 1 მოგება და 6 წაგება, - აი, ასეთი წარუმატებელი გამოდგა III წრე "დილასათვის"; თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ, ფაქტობრივად, ყოველ მეორე მატჩში "დილას" ამა თუ იმ თუ ფეხბურთელს მოედნიდან აძევებდნენ.

ამის გამოც და, რაღა თქმა უნდა, არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია თითქმის ყველა მატჩში მიმართავდა ძირითადი შემადგენლობის როტაციას.; თუმცა, შემადგენლობის ასეთ ხშირ ცვლას ჯერჯერობით სასურველი შედეგი ვერ მოაქვს...

17.09. თბილისი. დინამო არენა. 20:30
დინამო (თბ)-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
6: +5 =1 -0, 16-0
დისკვალიფიკაცია: ცოტნე ნადარაია (საბურთალო)
I-II წრე 2:0, 5:0

ამ ტურის დასკვნითი მატჩი მართლაც უდიდეს ინტერესს იწვევს: "დედაქალაქურ დერბის მონაწილე გუნდები წარმატებული სერიით ასრულებენ III წრეს და ყველა ღონეს იხმარენ, ეს წარმატებული სვლა რომ არ შეანელონ.

სათასო მატჩის ჩათვლით, "დინამოს" ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, აი, "საბურთალომ" კი III წრის სასტარტო ტურში "ტორპედოსთან" წაგების შემდეგ, 6-მატჩიან წაუგებელი სერია (4 მოგება, 2 ფრე) შემოგვთავაზა და ამ ორთვე-ნახევრის განმავლობაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა!

ამას გარდა, "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში როტაციასაც ეფექტიანად ახორციელებდა და, რაც მთავარია, გუნდის შეტევითი პოტენციალიც საგრძნობლად გაიზარდა (ბათუმის "დინამოსთან" და "ლოკომოტივთან" მოპოვებული შთამბეჭდავი მოგებებიც ამას მოწმობს); თუმცა, "საბურთალოს" ამ ტურში ისეთ მეტოქესთან უწევს დაპირისპირება, რომელთანაც, კლუბის ხანმოკლე ისტორიაში, ყველაზე უარესი ბალანსი აქვს: მხოლოდ ერთადერთი ფრე და არც ერთი გატანილი გოლი...

კოლეგისაგან განსხვავებით, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა ნამდვილად მოკლებულია იმ ფუფუნებას, რომ ძირითად შემადგენლობაში როტაცია მოახდინოს. ეგ კი არა, დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა გუნდში, სათადარიგოთა სკამზე, ფაქტობრივად, მხოლოდ 17-18 წლის დებიუტანტები სხედან.

აი, როგორც შუა კვირაში გამართულ სათასო მატჩში იყო, სადაც "დინამოს" ურთულესი ორსაათიანი დაპირისპირება ჰქონდა "რუსთავთან". შეგახსენებთ, რომ "დინამომ" პენალტების სერიაში გაიმარჯვა და ეს მატჩი ნამდვილ ბენეფისად იქცა ნუკრი რევიშვილისათვის: დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა მეკარემ ჯერ ძირითად დროში გადაარჩინა თავისი გუნდი, სულ მცირე, ორ ეპიზოდში (როცა, ზაზა ციცქიშვილისა და გიორგი გაფრინდაშვილის ურთულესი დარტყმები მოიგერია), შემდეგ კი, 11-მეტრიანების სერიაში, სულაც სამი პენალტი აიღო!

მომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 19
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
ბ. არაბული (დინამო თბ/ბალმაზივ.) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი/დინამო თბ) 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული